LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მივირთვათ, რომ არასდროს მოვიმატოთ წონაში

476

„თუ სტაბილური წონის შენარჩუნება გსურთ, დაივიწყეთ სწრაფი დიეტა!“ – გვირჩევს ბიოქიმიკოსი, წიგნის „ჩინური კვლევა“ ავტორი კოლინ კემპბელი და რამდენიმე სასარგებლო რჩევასაც გვაძლევს.

მოტივაცია – წარმატების მიღწევას მხოლოდ მაშინ შეძლებთ, როცა გააცნობიერებთ, რომ ყველა პოზიტიური ცვლილება მხოლოდ თქვენი დამსახურებაა და არაფერი გამოვა, თუ თავსმოხვეულ წესებს აჰყვებით. თუ დიეტის დაცვა გადაწყვიტეთ – აუცილებლად ზუსტად განსაზღვრეთ, რა მიზნით აკეთებთ ამას!

ნაკლები სახამებელი – გაზარდეთ კვების რაციონი ნაკლები სახამებლის შემცველი ყვითელი, ნარინჯისფერი და მწვანე ბოსტნეულით, შეამცირეთ სახამებლის შემცველი პროდუქტი (სიმინდი, კარტოფილი, გოგრა, ლობიო, ყავისფერი ბრინჯი, ხორბალი) და საერთოდ უარი თქვით მარტივი შაქრის შემცველი საკვების მიღებაზე.

ცილა – მცენარეული ცილის დიეტა ამცირებს ჭარბი წონის და დიაბეტის,  მხედველობის და თირკმელების, გულისა და აუტოიმუნური დაავადებების წარმოქმნის რისკს.

ვიტამინები – დაივიწყეთ ვიტამინების დანამატები! კვება რთული ბიოქიმიური პროცესია, რადგან ყველაზე მარტივი პროდუქტიც ასი ათასობით სხვადასხვა მიკროელემენტს შეიცავს, ცალკეული დანამატები კი, ვერასდროს ჩაანაცვლებენ ბუნებრივ პროდუქტს.

ცომეული – აუკრძალეთ საკუთარ თავს ცომეულის (პურის, ღვეზელის) მირთმევა, რადგან დამუშავებული ნახშირწყლები კარგავენ იმ სასარგებლო ელემენტებს, როგორიც უჯრედისი, ვიტამინები და მინერალებია.

ხშირი კვება – უკეთესია მიირთვათ ხშირად და მცირე პორციებით, ვიდრე დღეში ერთხელ და ნორმაზე მეტი.

მარტივი კერძები – თავი შეიკავეთ რესტორნის ხშირი სტუმრობისგან და მიანიჭეთ უპირატესობა მარტივ კერძებს, რადგან რაც უფრო მეტ ინგრედიენტს შეიცავს კერძი, მით უფრო დიდია წონაში მომატების რისკი.

მავნე საკვები – მოიცალეთ რამდენიმე საათი და გაათავისუფლეთ სამზარეულო იმ მავნე საკვებისგან, როგორიც მარგარინი და თეთრი ბრინჯი, ნაყინი და კანფეტი, ნამცხვარი, ნახევრადფაბრიკატები და შაქრის შემცველი პროდუქტია.

ექსპერიმენტი – მავნე პროდუქტისგან განთავისუფლების შემდეგ, თამამად მოაწყვეთ ორკვირიანი ვეგეტარიანული ექსპერიმენტი და თავად დარწმუნდებით რამდენად სასარგებლოა ბოსტნეული.

ცდუნება – გახსოვდეთ, რომ ყოველთვის ვერ გაუძლებთ ცდუნებას, ამიტომ, სანამ საკუთარი თავის ნუგბარით განებივრებას გადაწყვეთთ, მანამდე სასარგებლო საკვები მიირთვით, მერე კი, 15 წუთი მოითმენთ და სურვილი აისრულეთ (სავარაუდოდ, მავნე საკვების მირთმევის სურვილი რამდენიმე წუთში დაგეკარგებათ).

მოწესრიგებული გარემო – კვლევებმა დაადასტურა, რომ რაც უფრო დალაგებული და მოწესრიგებულია ბინა ან სამუშაო ადგილი, მით უფრო ნაკლები სურვილი უჩნდება ადამიანს დააბინძუროს საკუთარი ორგანიზმი.

ფიზიკური დატვირთვა – ზედმეტი კალორიებისგან თავის დასაღწევად აუცილებლად გაზარდეთ ფიზიკური დატვირთვა!

…და გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელობა – საუკეთესო მოტივატორია, რომელსაც მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესი უზრუნველყოფს…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები