LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მოხდა საქართველოს ეკონომიკაში 2017 წელს?

87

 2017 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის 5%-მდე ზრდით დასრულდა. მაჩვენებელი დაგეგმილზე მაღალი აღმოჩნდა. 4%-ის ნაცვლად ქვეყანამ თითქმის ერთი პუნქტით გაუმჯობესებული მაჩვენებელი მიიღო. სახელისუფლებო გუნდი შედეგით კმაყოფილია.

ეს არის საუკეთესო მაჩვენებელი რეგიონში – ამბობს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი.

თუმცა, ეკონომიკური ზრდის ტემპით უკმაყოფილოა ოპოზიცია. ეს საკითხი დაპირისპირების, სპეკულაციის, უთანხმოების მიზეზი არაერთხელ გამხდარა.

უძრაობის პერიოდში ვიმყოფებით – იტყვის რომან გოცირიძე.

 

ვისთვის უძრაობის, ვისთვის კი ეკონომიკური აღმავლობის პერიოდი – 2017 წელს  ძალაში შევიდა მთავრობისთვის საამაყო მოგების გადასახადის ესტონური მოდელი. ამ გადასახადიდან მიღებული შემოსავლების შემცირება მთავრობამ აქციზის ზრდით დააკომპენსირა. გაძვირდა საწვავი და გაიზარდა ინფლაცია. გაჩნდა მოლოდინი, რომ თანმდევ უარყოფით ფაქტორებს შესაძლოა, რეფორმით მიღებული სარგებელი გადაეფარა.

 

 

ვიდრე ქვეყანა მოგების გადასახადიდან სარგებელის მიღების მოლოდინშია, უარყოფით ტრენდს ინარჩუნებს საგარეო სავაჭრო ბალანსი. ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა პირველ სამ კვარტალში სავაჭრო ბრუნვის 49% შეადგინა.

 

2017 წელს, სამი კვარტლის მონაცემებით, გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა. ამ პერიოდში ჯამურად, მილიარდ 300 მლნ 346 დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.9 პროცენტით მეტია.

 

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება ჩინეთთან ოფიციალურად სექტემბერში გაფორმდა. შედეგად, წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი ამ ქვეყნის ბაზარზე დაუბეგრავად შევა. მეწარმეებს ახალი რეჟიმით სარგებლობა 2018 წლის 1 იანვრიდან უკვე შეუძლიათ.

 

2017 წელს საუბარი დაიწყო ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზეც. მილიარდ ოთხას მილიონიან ბაზარზე დაშვების შესაძლებლობამ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებშიც გაიჟღერა. „ერთი გზა ერთი სარტყელის“ ფარგლებში გამართული ფართომასშტაბიანი ფორუმი წლის მთავარი ეკონომიკურ ღონისძიებად იქცა. ფორუმს ორი ქვეყნის პრემიერ მინისტრი, ინვესტორები და სხვადასხვა ქვეყნის 2 ათასამდე დელეგატი სტუმრობდა. კიდევ ერთხელ და მრავალჯერ აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს სატრანსპორტო, ლოგისტიკური და რეგიონული ჰაბი, რომელიც ევროპულ და აზიურ ბაზრებს დააკავშირებს.

 

 

ქვეყნის ლოგისტიკურ ჰაბად გარდაქმნისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვან წინაპირობად ხელისუფლება ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას მიიჩნევს. გასულ წლებში უტოპიად და პოლიტიკური გარჩევნის საგნად ქცეული პორტის მშენებლობა ოფიციალურად დაიწყო.
2017 წელსვე პირველმა მატარებელმა გაიარა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე.

 

ახალი საინვესტიციო პროექტების მიუხედავად, 2017 წლის განმავლობაში კვლავ გამოწვევად იქცა ლარის გაცვლითი კურსი და მისი მკვეთრი მერყეობა. შემოდგომის დადგომისთანავე, ლარმა გაუფასურება დაიწყო და ერთ თვეში 8%-ით გაუფასურდა. მთავრობამ მიზეზად აჟიოტაჟური მოლოდინები დაასახელა.

 

წლის ბოლოს ხმაურით დამტკიცდა 2018 წლის ბიუჯეტი, რომელიც მთავრობის სტუქტურულ ცვლილებებსაც მოიცავდა. სამთავრობო გუნდმა სამინისტროების გაერთიანების მიზეზად ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება და მცირე ზომის მთავრობის კონცეფციის ჩამოყალიბება დასახელდა.

 

ახალ ბიუჯეტში თანხა წინასწარ გამოყვეს საპენსიო რეფორმის დასაფინანსებლად. დონორების მიერ გამოყოფილი 80 მლნ ლარი იმ შემთხვევაში დაიხარჯება, თუ მთავრობა 2018 წელს საპენსიო რეფორმის შესახებ კანონს დაამტკიცებს. 2+2+2 სქემით ხელისუფლება გეგმავს, 40 წლამდე ასაკის დასაქმებული პირების დანაზოგი ერთიანი საპენსიო ფონდის ანგარიშზე განათავსოს.

 

2018 წელს ხელისუფლებისა და რეგიონის მოსახლეობის მთავარ გამოწვევად რჩება აზიური ფაროსანა და მასთან გამკლავება. 2017 წელს მავნებელთან ბრძოლაში 15 მილიონ ლარამდე თანხა და დონორების მიერ გაწეული ტექნიკური დახმარება დაიხარჯა.

 

ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებისთვის კი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად  ისევ რჩება სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზები და დაუსრულებელი ბიზნეს დავები.

წინასწარი პროგნოზით, 2018 წელს ეკონომიკა 4.5 პროცენტით უნდა გაიზარდოს. სავარაუდოდ, ამ წელიწადსვე უნდა გამოჩნდეს მოგების გადასახადით დაგეგმილი სარგებლის პირველი ნიშნებიც.

2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი… ამბობდა თავის დროზე გიორგი კვირიკაშილი.

გამართლდა თუ არა პრემიერ-მინისტრის პროგნოზი, რთული სათქმელია, თუმცა, 2018 წელთან დაკავშირებით მსგავსი ფრაზა ჯერ არ გაჟღერებულა. ეკონომისტები  კი თანხმდებიან, რომ უკეთესი წლის დასადგომად, ეკონომიკური დინამიკა უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს, ხოლო ბიუროკრატიულმა მიდგომამ ამ პროცესს ხელი არ უნდა შეუშალოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები