რატი დურგლიშვილი: „საქართველოში ჩემი კონკურსებში მონაწილეობა დასრულდა!..“

577

რატი დურგლიშვილს სასტუმრო „ამბასადორში“ შევხვდით, სპეციალურად „ფორტუნასთვის“ ფოტოსესია შედგა, შემდეგ კი – ინტერვიუ.

მომღერალი გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოში არ იყო, თბილისში დაბრუნებისთანაცე „ევროვიზიის“ შიდა კონკურსში ჩაერთო, ახლა კი ცოტა ხნით დასვენება გადაწყვიტა, რადგან ძალიან გადაღლილია.

რატი, მოწყენილი ჩანხარ…

გადაღლილი ვარ, მოწყენილი – არა (იღიმის). საქართველოში არ ვიყავი, რომ ჩამოვედი, 10 დღე განიწყვეტლივ ვრეპეტიციობდი „ევროვიზიისთვის“, 4-5 საათი გადავტვირთე თავი რეპეტიციებით. საკმაოხნიანი პაუზა გამომივიდა, არ მიმღერია. მთავარი მიზანი იყო, რომ ჩემი ყელი ნოტებს არ ასცდენოდა. არ იყო იდეალური შესრულება, ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, ის არ იყო, რაც მინდოდა, მაგრამ თავი არ დამიზოგავს, ნორმალური გამოვიდა. ახლა ვინაზღაურებ ენერგიას, მაგრამ ახლა მიწევს წასვლა დიდი ხნით და ამისთვისაც ფსიქოლოგიურად ვემზადები.

რატომ არ მღეროდი ეს პერიოდი?

არ მინდა აფიშირება იმ მიზეზის, რის გამოც არ ვმღეროდი. ბოლო 5-6 თვე ოჯახის წევრთან დაკავშირებული მიზეზი მქონდა, ახლა კი ისევ დავუბრუნდი ჩემს საქმიანობას. სიმართლე გითხრა, არ ვიცი, რითი დავიწყო, რადგან ბევრი საქმე დამიგროვდა.

ახლა იქნება ჩემი სიმღერის პრეზენტაცია, ფაქტობრივად, „ევროვიზიაზე“ გაკეთდა პრეზენტაცია, მსმენელმა შესარჩევ ტურზე მოისმინა. შემდეგი სიმღერის პრემიერას გრანდიოზულად გავაკეთებ.

ამ სიმღერას ჰქვია Why, მელოდია მე მეკუთვნის, ტექსტი – გიორგი ლაღიძეს. როცა ეს სიმღერა დავწერე, მინდოდა, ტექსტი სასიყვარულო ყოფილიყო, მქონდა იდეა კლიპისთვის – მარტოსულ ადამიანზე, რომელმაც ვერ იპოვა ცხოვრებაში ადგილი, ცხოვრობს სახლში და აკეთებს ქანდაკებას, მხოლოდ მასთან აქვს კონტაქტი, ერთ დღეს კი სახლიდან გადის და ნახულობს, რომ რეალური ცხოვრება სულ სხვაა… ახლა სხვანაირი კლიპის იდეა გაჩნდა, შეყვარებულებზე, ცხოვრებისეული კადრებით, სერიალივითაა და „სანტა ბარბარას“ ვეძახი. ის ადამიანები, ვისაც აინტერესებთ ჩემი შემოქმედება, ვფიქრობ, ისიამოვნებენ, ხარისხზე პასუხისმგებელი ვარ. ვგეგმავ სამომავლოდ სასიამოვნო პროექტებს. ჩემს მსმენელს ბევრ სიუპრიზს ვპირდები. ბოლოს კონცერტით დავაგვირგვინებ.


აპირებ „ევროვიზიაზე“ ისევ ბედის ცდას?

გადართული ვარ ჩემს კარიერულ წინსვლაზე. კარგ სიმღერას ბევრად დიდი ძალა აქვს, ვიდრე კონკურსს. ერთმა სიმღერამ შეიძლება, დიდი წარმატება მოგიტანოს. „ქაღალდის ნავის“ შესახებ დღემდე მომდის გამოხმაურებები, თურქეთში შემხვდნენ ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ, ვინ ვიყავი. მირჩევნია, ჩემი საქმე ვაკეთო.

„ევროვიზიის“ ეროვნულ კონკურსზე თითოეული მონაწილის მიზანი იყო, რომ საუკეთესოდ წარმდგარიყო მსმენელის წინაშე. მონდომება დიდი იყო და ვფიქრობ, ყველას გამოვიდა. ვიდექი და ვფიქრობდი, რამდენი ნიჭიერი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში. მაგრამ ზოგადად, კონკურსი სტრესს უკავშირდება. ვფიქრობ, უკვე იმ ასაკშიც აღარ ვარ, რომ კონკურსებში მივიღო მონაწილეობა (იცინის). საზღვარგარეთ მოვსინჯავდი თავს, საქართველოში, ვფიქრობ, კონკურსებში მონაწილეობა დასრულდა. აქ სხვანაირად ხდება რაღაცები, საზღვრებს გარეთ – სხვანაირად. იქ განსხვავებულად გხედავენ, სხვადასხვა მიდგომაა. ზუსტად იქ უნდა მოხვდე, სადაც საჭიროა.

ისევ მიდიხარ საზღვარგარეთ?

ვაპირებ, თუმცა აქ კიდევ ერთი კლიპის გადაღებას ვაპირებ სიმღერაზე, რომელიც უდედმამოდ დარჩენილ ბავშვებს ეძღვნება. დიდი აქცენტი მაქვს ქართველ რეჟისორებზე, რადგან მგონია, ისინი უკეთ გაიგებენ ამ თემას.

 ყველა შენი სიმღერა სასიყვარულოა…

ვიცი, რაც უნდა მკითხო და ამ თემამ ცოტა არ იყოს დამღალა…

ისეთი სიმპათიური ბიჭი ხარ, ყველას აინტერესებს შენი პირადი ამბები…

პირადი ცხოვრება ისაა, რაშიც ბედნიერებას ეძებ. ალბათ, მე კარიერაში ვიპოვე ბედნიერება. კარიერით ხარ ბედნიერი, ოჯახით თუ სხვა რამით, ჩემთვის ერთი და იგივეა. ხელოვანი ადამიანი ამ თემას ცოტა სხვანაირად უდგება. შვილი ყველაზე დიდი ჯილდოა ადამიანისთვის დ აოჯახიც, მაგრამ ოჯახის შექმნა მაშინ უნდა გადაწყვიტო, როცა მიხვდები, შესაბამისი ადამიანი იპოვე. ძალით ოჯახის შექმნა არ მიმაჩნია სწორად. ჩემს წარსულ ურთიერთობებში, ალბათ, ან მე ვერ გამოვდექი, ან მეორე ნახევარი.

ზოგადად, პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ მიყვარს. სხვისი პირადი ამბებიც ნაკლებად მაინტერესებს. ადამიანებს სხვანაირად ვაფასებ. არც მაგდენი დრო მაქვს, სულ ვშრომობ…

35 წლის ხარ და როგორ ფიქრობ, საქართველოში მაქსიმუმს მიაღწიე?

მაქსიმუმის მიღწევა ნიშნავს იმას, რომ შენი რეპერტუარი გაქვს, რომელთაგან უმეტესობა ჰიტია. მაქსიმუმია ალბათ ის, რომ რაც ხდებოდა აქამდე და ახლა ხდება, სტაბილურად ვინარჩუნებ რეიტინგს თუ პოპულარობას. არის ჩავარდნებიც, მაგრამ მთლიანობაში ასე შემიძლია ვთქვა. მაქსიმუმის მიღწევა მარტივი არაა, არაფერს თუ არ გააკეთებ, მეორე დღეს არავის ემახსოვრები. შრომაა ყველას წარმატების ფორმულა. ნიჭიერ ადამიანსაც სჭირდება შრომა და უნიჭოსაც.

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: სასტუმრო „ამბასადორი თბილისი“

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები