LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ ხორციელდება “დიღმის ჭალების” პროექტი?

91

გლდანის ხიდსა და დიღმის მასივს შორის მტკვრის სანაპირო ზოლში სარეკრეაციო ზონის პროექტი, რომელიც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ერთი წლის წინ დააანონსა, შეჩერებულია. როგორც თბილისის მერიაში ”ფორტუნას” განუცხადეს, პროექტის დაწყება დაანონსებული იყო, თუმცა 13 ივნისის სტიქიის გამო, მისი განხორციელება გაურკვეველი ვადით გადაიდო.

”იგეგმებოდა პროექტის შესაქმნელად კონკურსის გამოცხადება, თუმცა სტიქიის გამო კონკურსიც აღარ გამოცხადებულა. იქიდან გამომდინარე, რომ ვერეს ხეობა და ”მზიური” სარეკრეაციო ზონად გამოცხადდა, მთელი რესურსი სწორედ ვერეს ხეობისკენ იქნება მობილიზებული და დიღმის ჭალების პროექტი, ჯერჯერობით, შეჩერებულია”, – განმარტავენ დედაქალაქის მერიაში.

გლდანის ხიდსა და დიღმის მასივს შორის მდინარე მტკვრის კალაპოტისა და სანაპიროსთვის რეკონსტრუქციის ჩატარების შესახებ თბილისის მერმა გასული წლის მაისში დაიწყო საუბარი.

კონცეფციის მიხედვით, რეკონსტრუქციის შემდეგ, ფუნქციას შეიძენდა თბილისის საზღვრებში არსებული ერთადერთი კუნძული, რომელიც დღემდე სრულიად უფუნქციოა.

ფუნქციურად უნდა დატვირთულიყო მდინარე მტკვარიც, რომლის სანაპიროზეც სასეირნო ბილიკების მოწყობა და 500 000 კვადრატულ მეტრზე პარკის აშენება იგეგმებოდა.

„დიღმის ჭალების მიმდებარე ტერიტორია, რომელიც წლების განმავლობაში სამშენებლო ნაგავსაყრელად იყო ქცეული, მოწესრიგდება და დედაქალაქს ახალი სარეკრეაციო ზონა შეემატება. ეს იყო ჩემი, როგორც თბილისის მერობის კანდიდატის, ერთ-ერთი დაპირება”, – აცხადებდა დავით ნარმანია.

კონცეფია გამწვანებული სივრცეებისთვის შესაფერისი ინფრასტრუქტურის აშენებასაც ითვალისწინებდა, რომელიც სტუმრებს კომფორტულად დასვენების შესაძლებლობას მისცემდა – კაფეებით, საგამოფენო პავილიონებით, სპორტული მოედნებით და მცირე ზომის სასტუმროებით.

მერიის განმარტებით, პარკის ანალოგები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს: მადრიდში – Madrid RIO-ს პარკი, ნიუ-იორკში – Hunters Point-ის პარკი და ჩინეთში – Zhongshan-ის ნავსაყუდელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები