LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ერთიანდებიან მოზარდები სექტებში – ფსიქოლოგის მოსაზრება

რამდენიმე დღის წინ შსს-მ საზარელი დანაშაული გახსნა. დაპატიმრებულია 19 წლის გოგონა, თავის თანამზრახველებთან ერთად. ირმა ყოჩიაშვილმა დედა ჯერ ელექტროშოკით გათიშა, შემდეგ დანით მრავალი ჭრილობა მიაყენა, აკუწა და სექტის წევრებთან ერთად რიტუალის შესასრულებლად მისი გვამის ნაწილები წაიღო.

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ჯგუფური მკვლელობისთვის მათ წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდათ, ორი პირი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებითაა დაკავებული.

„ფეისბუქზე“ გამოჩნდა მათი გამამხნევებელი წერილი, რომლის ავტორია nino moses. ის წერს: „მე არ გიცნობთ თქვენ პირადად, მაგრამ თქვენმა საქციელმა, რაც უფრო შემზარავია ის და რაც უფრო შემაშინებელი სუსტი გულის მთხლეებისთვის, დამარწმუნა თქვენს დიდ ადამიანობაში. თქვენ მეგობარს დაეხმარეთ ისეთ საქმეში და გაყევით ისეთ გზაზე, რომელ გზაზე გაყოლას ადამიანების უმრავლესობა ვერ შეძლებდა“.

Fortuna.ge დაუკავშირდა ფსიქოლოგ მზია დაქალიშვილს, რომელსაც ვთხოვეთ მოსაზრებების გაზიარება, სად შეიძლება იმალებოდეს ასეთი სისასტიკის მიზეზი.

მზია დალაქიშვილი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგი:

ალბათ, არავის დასჭირდება ფსიქოლოგის დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ რა საშიშ ადამიანებთან გვაქვს საქმე. ზოგადად, სექტანტი ადამიანები არიან ის ხალხი, რომელთაც ბავშვობაში სათანადო ყურადღება არ ექცეოდათ ან თავად ფიქრობდნენ, რომ მათ მიმართ არავინ იჩენდა მზრუნველობას. ასეთი მოზარდები ირჩევენ ალტერნატიულ დაჯგუფებებს, სადაც ერთი მთლიანობის ნაწილი ხდებიან, ყოველ შემთხვევაში, ამისი განცდა ეუფლებათ. როგორც წესი, ასეთი ადამიანები ფსიქოლოგიურად სუსტები არიან და მათზე გავლენის მოხდენა ძალიან ადვილია.

კინო და მუსიკა, შესაბამისი მიმდინარეობებით, თუ ახდენს გავლენას მოზარდების ფსიქიკაზე?

კინოსა და მუსიკაზე ვერაფერს გეტყვით. მათი ასეთი მდგომარეობა გამომდინარებს დიდი ტკივილიდან, რომელსაც ამა თუ იმ მიზეზით განიცდიან. ამ მხრივ ერთნაირი ადამიანები ერთიანდებიან. ლიდერები მათზე დიდ გავლენას ახდენენ. ასეთ გაერთიანებებში თავის დასამკვიდრებლად შესაძლოა, მათ გამოწვევებს სთავაზობენ, აბა, თუ შეძლებენ და თუ გააკეთებენ… ეს დამტკიცებული არ არის, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრია. ზოგადად, მგონია, რომ ამ საკითხს ცალკე მეცნიერული შესწავლა სჭირდება, რომ დავადგინოთ, რეალურად რა იწვევს ასეთ ქმედებებს.

სატანისტური სექტების მომრავლებას, რომლებიც მოზარდებს ითრევენ, რა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს?

უინტერესო ცხოვრება, ბავშვების მიმართ არასწორი ზრუნვა, ბავშვების ინტერესების გაუთვალისწინებლობა. ნებისმიერი ბავშვი გახდება აგრესიული, თუკი მას არ მოუსმენენ. ასეთ მოზარდებს თავის გადარჩენა სურთ და ამიტომაც მიმართავენ სხვადასხვა ხერხს. ადრე ჰიპები იყვნენ, ისინი მუსიკას ქმნიდნენ, თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ და არ იყვნენ აგრესიულები, აქ კი საქმე გვაქვს დაზიანების სურვილთან, არა მხოლოდ სხვისი, არამედ საკუთარი თავისაც… მე რომ არ ვთქვა, ისედაც ფაქტია, რომ ეს დამახინჯებული ფსიქიკაა.

როდის უნდა მიმართოს მშობელმა ფსიქოლოგს?

პირველი სიმპტომი ეს არის პრობლემა, რომელიც ბავშვს გარემოსთან კონტაქტისას ექმნება. ეს არა მხოლოდ სხვა ადამიანებთან კომუნიკაციის ნაკლებობასა და ჩაკეტილობაში შეიძლება გამოიხატოს. საგანგაშოა, როცა ბავშვს არ შეუძლია საკუთარი თავის გამოხატვა, ვერ ურთიერთობს წიგნთან, სათამაშოსთან და ა.შ. მშობლებს ხშირად აქვთ ილუზია, როდესაც ხედავენ, ბავშვი მათ მითითებებს ზუსტად იმეორებს, ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ასე არ არის. ბავშვს თავად უნდა ჰქონდეს ინტერესი და მისი გამოხატვა შეეძლოს. თუკი ამას ვერ ხედავთ, აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ფსიქოლოგთან. ასეთ შემთხვევაში არსებობს ბლოკები, რომლებიც ფსიქოლოგმა უნდა მოხსნას ადრეული ასაკიდანვე.

როგორ ფიქრობთ, ის ადამიანები, რომელთაც მხარდაჭერა გამოუთქვეს რიტუალურ მკვლელობაში ეჭვმიტან ხუთეულს, თავად შეიძლება ასეთი ქმედება გაიმეორონ?

ლოგიკურად თუ დავფიქრდებით, შესაძლებელია. თუკი ვინმეს ეს ხუთეული ეცოდება, სხვა საკითხია. თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ასეთი საქციელის შემდეგ მათ შეიძლება იარსებონ ადამიანებად, ესეც მათი უფლებაა, მაგრამ ვინც ამ საქციელს უწონებს, პოტენციურად შეიძლება იქცეს იმავე საქციელის ჩამდენად.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები