LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რედკო“ გუდაურში მშენებლობების გაორმაგებას გეგმავს

141

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურში მნიშვნელოვანი ტურისტული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო, მათ შორის, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად გუდაურში არსებული საკანალიზაციო ქსელი ამორტიზებულია და რიგ დასახლებებში სრულად არ არის განვითარებული. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შედეგად, გუდაურს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების სისტემა მოემსახურება. ხოლო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას რეგიონში და ხელს შეუწყობს გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას. ასევე, დაგეგმილია გუდაურის წყალმომარაგების ქსელის გაფართოვება, რაც გულისხმობს გუდაურის მიმდებარე სოფლის – სეთურების წყალმომარაგების ქსელის განვითარებას. სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყება.

ქუმსიშვილი ასევე დაინტერესდა გუდაურში 100,000 კუბური მეტრის ხელოვნური ტბის მოწყობის სამუშაოებით. აღნიშნული რეზერვუარი უზრუნველყოფს გუდაურის ხელოვნური გათოვლიანების სისტემის სრულყოფილ ფუნქციონირებას. პროექტის ღირებულება 11 მილიონ ლარზე მეტია. დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე გაეცნო კობი-გუდაურის საბაგიროს მშენებლობის პროცესს, რომლის სიგრძე 7,5 კმ-ია.

ეკონომიკის მინისტრმა აგრეთვე დაათვალიერა ახალ გუდაურში ტურისტული ობიექტები, რომლებიც სამთო კურორტზე კომპანია „რედკომ“ ააშენა. დიმიტრი ქუმსიშვილს მეგზურობა კომპანიის დამფუძნებელმა მირიან ქათამაძემ გაუწია. 2012-2016 წლებში „რედკოს“ ინვესტიციამ ახალ გუდაურში 45 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც ჯამში 5 აშენებული და 5 მიმდინარე პროექტით გამოიხატა. 2018 წლის განმავლობაში „რედკო“ მშენებლობების ინტენსიურობის გაორმაგებას გეგმავს – ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში გენგეგმის მიხედვით კიდევ 7 შენობის მშენებლობის დაწყებაა გათვალისწინებული.

„გუდაურში ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. რამდენიმე საბაგირო აშენდება გუდაურში 2018 წლის განმავლობაში. ამავე დროს, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგების და წყალარინების პროექტი. 2016-2017 წლებში გუდაურში 36 კმ. წყალმომარაგების ქსელი აშენდა და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. ასევე მოეწყობა ხელოვნური ტბა, რომელიც ხელოვნური გათოვლიანების სისტემას უზრუნველყოფს,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები