LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზოლუცია სანქციებით თუ “სივრცე საუბრისთვის” – რეზოლუციის ტექსტი ისევ შეუთანხმებელია

რუსეთის მიმართ დასავლეთის კრიტიკული დამოკიდებულება იზრდება, საქართველო კი უკვე მესამე კვირაა, უშედეგოდ ითხოვს ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნებას.  ქვეყნის პრემიერი კი  ისევ რუსეთთან საუბრისთვის სივრცის არსებობაზე საუბრობს.

ორ კვირაზე მეტია, საქართველოს პარლამენტი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე რეზოლუციას ვერ იღებს. მაშინ, როცა საქმე ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებს, მიღებული რეზოლუცია მრავალპარტიული უნდა იყოს და ამაზე საკუთარი მოსაზრებები საერთაშორისო პარტნიორებმაც დააფიქსირეს.

რეზოლუციას პრობლემის მოგვარების რეალურ გზად ნაკლებად განიხილავენ, თუმცა, როგორც პოლიტოლოგი გია ნოდია „ფორტუნასთან“ აღნიშნავს, ასეთი დოკუმენტი იძლევა ინფორმაციას, რამდენად მკაფიო და პრინციპული პოზიცია აქვს ქვეყანას და მის ხელისუფლებას პრობლემასთან დაკავშირებით. გია ნოდია ამბობს, რომ იმ ვითარებაში, როცა დასავლეთში რუსეთის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება მძაფრდება, უცნაურია, რომ საქართველო, რომლის 20% ოკუპირებულია, ზედმეტი სირბილით და კონსტრუქციულობით გამოირჩევა. 

„ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ყოველთვის ბმაშია დასავლეთის პოზიციასთან. საქართველოს საკითხი პრაქტიკულად არ იყო ხოლმე მოხსენიებული, რუსეთის აგრესიის საილუსტრაციოდ უკრაინაზე საუბრობენ, საქართველოს იშვიათად ახსენებენ. ეს ჩვენი პასიურობის შედეგია. არ ვცდილობთ ჩვენი საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დადგეს. აქედან გამომდინარე, ამ რეზოლუციის საკითხი და მისი ტონალობა, ის თუ რა ჩაიწერება მასში ამ თვალსაზრისით უნდა განვიხილოთ, რამდენად ჩაჯდება საქართველო საერთაშორისო დღის წერიგში,“ – ამბობს გია ნოდია.

 

რეზოლუცია და მმართველი გუნდის პოზიცია

პარლამენტში რეზოლუციის ორი პროექტია შესული. კონსულტაციები მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კვლავაც მიმდინარეობს, თუმცა, შეჯერება და ერთიანი დოკუმენტის შექმნა ჯერჯერობით არ ხერხდება.

რეზოლუციით საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, მიიღოს ზომები, რათა მოხერხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა და მიიღოს ზომები, რომ  ქართული მხარის მიერ ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება, მათ შორის საერთაშორისო აქტორების ჩართულობით.

მმართველი გუნდის შემუშავებულ პროექტში დაგმობილია არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები და აღნიშნულია, რომ მათზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, დაგმობილია ოკუპაცია და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, უკანონო დაკავებები, ეთნიკური დისკრიმინაცია, ხელოვნური ბარიერები, თუმცა მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის რაიმე ქმედითი მექანიზმის აუცილებლობის შესახებ არაფერია ნათქვამი. ოპოზიციის უკმაყოფილების მიზეზიც სწორედ ესაა. 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, ამბობს, რომ ერთობლივი რეზოლუციის ტექსტის 95% შეთანხმებულია.

„რაც შეეხება იმ მცირე, დეტალს, რომელიც შეიძლება, იყოს ჩვენს შორის განსხვავება, არ მგონია, რომ წარმოადგენდეს ისეთ ღირებულ პრინციპს, რომლის გამოც ოპოზიციამ უარი უნდა განაცხადოს საერთო რეზოლუციის მხარდაჭერაზე. რაც შეეხება, ერთ დეტალს, აქაც შეგვიძლია ჩვენ ვიმსჯელოთ. თქვენ ხედავთ, რომ „ქართული ოცნება“, უმრავლესობა ჩაკეტილი არ არის. მე ვემხრობი თუ არა, ამისთვის მაქვს შესაბამისი არგუმენტები და არა იმიტომ, რომ ოპოზიციის მხრიდან არის შემოთავაზებული. მაქვს არგუმენტები, რომელზეც შეიძლება ვიმსჯელოთ უკვე სესიის ფარგლებში,“ – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

დეტალი, რომელზეც შეთანხმება ვერ ხერხდება

დეტალი, რომელზეც შეთანხმება ვერ ხერხდება, სანქციების ნაწილია, რომელიც თუ მმართველი გუნდისთვის ღირებულ პრინციპს არ წარმოადგენს, საკმაოდ ღირებული აღმოჩნდა ოპოზიციისთვის.

მმართველ გუნდში პირდაპირ არ ამბობენ, რომ შეუთანხმებლობის მიზეზი სანქციებია. მაგალითად, შესაბამის კითხვაზე პირდაპირ არ პასუხობს საგარეო საქმეთა მინისტრი და ამბობს, რომ ოპოზიციის ამ ბრალდებას არ უპასუხებს.

„ბევრი ვისაუბრე უკვე ოპოზიციაზე, ამიტომ ნამდვილად, ოპოზციის ამ განცხადებას კიდევ აღარ ვუპასუხებ, რადგან ვფიქრობ, რომ მათი ქმედებები ამ ბოლო დღეების განმავლობაში იყო სრულიად უპასუხისმგებლო,” – ამბობს მიხეილ ჯანელიძე.

სანქციებზე თავშეკავება შესაძლოა, რუსეთთან საუბრისთვის სივრცის დატოვებასაც უკავშირდებოდეს, რაზეც პრემიერმინისტრმა განაცხადა. აღნიშნულ პოზიციას უკავშირებს რეზოლუციის მიღების გაჭიანურებას პოლიტოლოგი გია ნოდია.  

„რეზოლუციას ვერ იღებენ, რადგან „ქართული ოცნება“ ვერ ჩამოყალიბდა. არ იცის, რა უნდა, კვირიკაშვილის მიმართვიდან გამომდინარე აქვთ ტენდენცია, რომ არ უნდა გავამწვავოთ და რბილად უნდა ვესაუბროთ, მეორე მხრივ, გარკვეული ზეწოლაა საზოგადოებიდან, შეიძლება, „ქართული ოცნების“ რაღაც ნაწილისგანაც, რომ საჭიროა უფრო მკაფიო და ცხადი პოზიცია,“ – ამბობს გია ნოდია.

ხელისუფლების დათმობით პოლიტიკას უკავშირებენ სანქციების ნაწილზე შეუთანხმებლობას „ნაციონალურ მოძრაობაშიც“.

„ფორტუნასთან“ ნიკა რურუა ამბობს, რომ ქართულ ოცნებას დამშვიდების და დაწყნარების პოლიტიკა აქვს, რომელიც არაქმედითია.

„ესაა კაპიტულანტური პოლიტიკა, ამიტომ საქართველოზე არ ლაპარაკობს არავინ დღეს, როცა მთელი მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგ ილაშქრებს და ახალ-ახალ სანქციებს უწესებს,  ივანიშვილმა და კვირიკაშვილმა მოახერხეს და ამ დროს კი რუსეთის ამ ცოდვებში საქართველოს აღარ ახსენებენ. დღეს ინამუსა გაეროში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა და მიგვათვალა რუსეთის მიერ დაჩაგრულ ქვეყნებს. ახლა ერთი დადგენილება ამას რას მისცემს, წარმოადგენა არ მაქვს. მით უმეტეს, ასეთი უღონო და იმპოტენტური, არაფერს მისცემს ამ სიტუაციას. მიიღებენ თუ არა ამას, დიდი მნიშვნელობა არ ექნება. კარგია, თუ მიიღებენ ისეთს, როგორსაც სთავაზობს ოპოზიცია, როგორც მინიმუმ, ეს უფრო თავმოყვარე განცხადებაა,“ – ამბობს ნიკა რურუა.

„ევროპულ საქართველოში“ იმ შესაძლო მიზეზებზე, რის გამოც მმართველი გუნდი სანქციების ნაწილის მიღებაზე თავს იკავებს, არ სურთ საუბარი.  

სერგი კაპანაძე „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ ეს არ არის თემა, რომელიც პოლიტიზირების საგანი უნდა იყოს. მისივე თქმით, შეფასებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებენ, თუ ეს ნაწილი რეზოლუციაში არ ჩაიდება.

„ჩვენ რაიმე პოლიტიკური მიზანი, როცა ამ ინსტრუმენტს ვთავაზობთ, არ გაგვაჩნია, ეს იყო გულწრფელი შეთავაზება, ამიტომ სანამ მოლაპარაკებები გრძელდება, შეფასებისგან თავს შევიკავებ. სანამ იმედი არსებობს, რომ ეს რეზოლუცია იქნება მიღებული, მგონია, რომ ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ,“ – ამბობს კაპანაძე.

 

ოპოზიციის ხედვა რეზოლუციაზე

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ სანქციების გარეშე მიღებული რეზოლუცია სუსტი იქნება, ამიტომ ამ სახით მისმა მიღებამ არათუ დადებითი მოლოდინები, არამედ უარყოფითი შედეგებიც შეიძლება, გამოიწვიოს.

„ევროპული საქართველოში“ ამბობენ, რომ რეზოლუციის შეფასებით ნაწილში მმართველი გუნდისა და მათი პოზიციები დიდად არ განსხვავდება და ამ ვითარებაში ლოგიკურია, რომ შეფასება მსგავსი აქვთ.

სერგი კაპანაძე „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ მთავარი განსხვავება კონკრეტულ ინსტრუმენტთან არის დაკავშირებული. სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვლის სია არ არის პანაცეა, მაგრამ ეს გარკვეულწილად გავლენას იქონიებს იმ დაუსჯელობის სინდრომზე, რომელიც დღეს არსებობს.

„ეს იქნებოდა ღირსეული პასუხი პარლამენტის მხრიდან იმიტომ, რომ უბრალოდ შეფასებებით ვერანაირ მიზანს ვერ მივაღწევთ, პირიქით, შეიძლება, ჯამში კონტრპროდუქტიულიც კი იყოს იმიტომ, რომ სუსტი რეაქცია ყოველთვის აღიქმება ხოლმე, როგორ წახალისება, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, რომელიც ოკუპირებულია და ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ამის მიღება ასე გაჭიანურდა, ეს წინადადება დავაყენეთ იმ დღესვე, როცა ცნობილი გახდა ტატუნაშვილის მკვლელობის ამბავი. სამი კვირა გავიდა და პარლამენტს არანაირი რეაგირება არ ჰქონია,“ – ამბობს სერგი კაპანაძე.  

სიაში შემავალი პირების ორი ტიპის საქნციების დაკისრებაზეა საუბარი – ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ქვეყნის შიგნით შეზღუდვა შეეხება სხვადასხვა ტიპის ტრანზაქციებს, ჯანდაცვის, განათლების და სხვა სიკეთეებით სარგებლობას, ასევე სავიზო სანქციებს.

„ასევე გვინდა, ვთხოვოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ თავიანთ შავ სიაში შეიყვანონ ეს პირები და ფინანსური ტრანზაქციების და სხვა შეზღუდვები დაუწესონ. ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი ხდებიან ობიექტი შეზღუდვებისა მთელი ცივილიზებული სამყაროს მხრიდან,“ – ამბობს სერგი კაპანაძე.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ რეზოლუციაში ქმედითი ღონისძიებები უნდა ჩაიდოს, რომელიც რუსეთზე საერთაშორისო პოლიტიკურ წნეხს გაზრდის, სხვანაირად კიდევ ერთ „ფარატინა ქაღალდს მივიღებთ“.  

სალომე სამადაშვილის თქმით იმისთვის, რომ რეზოლუციამ რეალურად ქმედითი ძალა შეიძინოს რეზოლუციაში საერთაშორისო თანამეგობრობასთან რუსეთისთვის სანქციების დაწესების თაობაზე დაუყოვნებლივი კონსულტაციების დაწყების შესახებ უნდა ჩაიწეროს. სამადაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ უნდა შეჩერდეს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი, ვიდრე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში არ მიეცემიან გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფაში დამნაშავე პირები

„ მომავალში ეს ფორმატი სრულიად უნდა შეიცვალოს. ფორმატის მანდატი უნდა გახდეს გამჭვირვალე, ეს მანდატი უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა, მომლაპარაკებელი პირი უნდა განისაზღვროს პარლამენტის თანახმად, მომლაპარაკებელი პირი უნდა იყოს ანგარიშვალდებული საქართველოს პარლამენტის წინაშე. ჩვენი წინადადებები ასევე უკავშირდება უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მის მომიჯნავე რეგიონებში,” – ამბობს სალომე სამადაშვილი.

შეძლებს თუ არა პარლამენტი რეზოლუციაში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიისა და სანქციების ნაწილის შეტანას და იქნება თუ არა რეზოლუცია მრავალპარტიული,  შემდეგ ოთხშაბათამდე გახდება ცნობილი.

 

 

თაკო ივანიაძე 

 

პოპულალურები