LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა ექიმის დანიშნულებას გადამოწმება სჭირდება – ახალი რეგულაცია უკვე ამოქმედდა

ორ კვირაზე მეტია, რაც ხუთი და მეტი მედიკამენტის გამოწერის შემთხვევაში, პაციენტს ექიმის დანიშნულების გადამოწმება შეუძლია. თუმცა, ამ დრომდე, როგორც „ფორტუნას“ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში განუცხადეს, ორი კვირის განმავლობაში ამ მიმართულებით, სააგენტოში არცერთი განაცხადი არ შესულა. მიმართვა პაციენტებს, როგორც ონალიან რეჟიმში, ასევე ადგილზე მისვლით შეუძლიათ. პასუხს კი, სამი დღის განმავლობაში მიიღებენ, რის შემდეგაც ექიმს პაციენტისთვის დანიშნულების მართებულობის განმარტება მოუწევს. არადამაჯერებელი არგუმენტაციის შემთხვევაში, ბოლო გზა ექიმის კომისიის წინაშე წარდგენაა. მაქსიმალური სანქცია კი, ექიმის მიმართ პროფესიული პასუხისმგებლობაა.

ჯანდაცვის სამინისტრო ამ მეთოდით ცდილობს პოლიფარმაციის შემთხვევებს, ანუ მედიკამენტების ჭარბად დანიშვნას ებრძოლოს.

სახელმწიფომ ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც ექიმების მხრიდან პაციენტებისთვის ერთი და იმავე შემადგენლობის მედიკამენტების გამოწერის რიცხვმა იმატა. მოქალაქეებს ხშირ შემთხვევაში ერთი სრული კურსის გავლა რამდენიმე ასეული ლარი უჯდებოდათ.

გარდა ამისა, პაციენტები უჩივიან გარიგებას ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის, რის შედეგადაც ექიმები ხშირად პაციენტებს საკუთარი ინტერესების გამო უწერენ კონკრეტული დასახელების მედიკამენტს, ზოგჯერ ჭარბი ოდენობითაც კი.

თამთა ნ. – 4 წლის გოგოს დედაა, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ანგინა ჰქონდა. მკურნალობა ანტიბიოტიკის, სიროფისა და საწუწნი აბების გარდა, შეიცავდა ვიტამინებს, იმუნოსტიმულატორებსა და ოჯახურ მედიცინას. მედიკამენტების საერთო ღირებულებამ 300 ლარს გადააჭარბა, თუმცა, კურსი ჯერ კიდევ არაა დასრულებული. ბუნებრივია, როგორც თამთა „ფორტუნასთან“ ამბობს, ამ ფასში არ შედის ექიმის კონსულტაცია და სხვადასხვა სამედიცინო კვლევები. თამთამ ექიმის დანიშნულება კიდევ 2 პედიატრთან გადაამოწმა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო შვილის მკურნალობა.

თამთა ამ მიმართულებით გამონაკლისი არ არის. აქამდე პაციენტები საკუთარი სახსრებით თუ ამოწმებდნენ ერთ ექიმს მეორესთან, ახლა ამის შესაძლებლობას სახელმწიფო იძლევა.

განსაკუთრებით ჭარბია მედიკამენტები პენსიონერების, ორსულებისა და ბავშვებისთვის. ექიმი თითქოსდა, თავის დაზღვევის მიზნით, ყველა შესაძლო წამალს უნიშნავს პაციენტს. თუმცა, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ბევრი მედიკამენტების გამოწერისგან თავს იკავებენ და მკურნალობას განსაკუთრებით შერჩეული, მწირი ოდენობის მედიკამენტით ამჯობინებენ.

მთელ ამ პროცესში სამინისტროს როლი ექიმსა და პაციენტს შორის მედიატორობა და რეკომენდატორობაა.

თერაპევტი გიორგი გვილია „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაცია დიდი შედეგის მომტანი ვერ იქნება, რადგან პაციენტების ურმავლესობა დანიშნულებას ვერ კითხულობს ჯეროვნად. შესაბამისად, მის გადამოწმებაზე საუბარი ზედმეტია.

„მაგით არაფერი გადაწყდება, ხუთ მედიკამენტზე ნაკლები იქნება დანიშნულებაში თუ არა. არასწორად გამოწერილმა დანიშნულებამ შეიძლება არც ზიანი მიაყენოს პაციენტს და არც არგოს. ძნელი სათქმელია აქ ზიანი რა შეიძლება იყოს. ასე ხელოვნურად მოხდეს გამოწერა და მხოლოდ ხუთზე მეტი გადაამოწმოს პაციენტმა, ეგეც არაფრის მომტანია,“ –  აღნიშნა გვილიამ.

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამმართველოს უფროსი ნათია ნოღაიდელი კი, „ფორტუნასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მთელი ამ პროცესის არსი არის ის, რომ პაციენტებს ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია და თავადვე იყვნენ ჩართულები მკურნალობის პროცესში.

„ძალიან კარგი წამოწყებაა და კარგად არის ყველაფერი გათვლილი. ვფიქრობ, რომ შედეგზე ორიენტირებული იქნებიან. პაციენტებიც კმაყოფილები იქნებიან და ექიმებიც უფრო ფხიზლად იქნებიან მედიკამენტების დანიშვნისას, იმიტომ რომ, იციან შეიძლება პაციენტმა გადაამოწმოს. ჩვენ დავიცავთ, როგორც პაციენტის ასევე, ექიმის ინტერესებს. ექიმსაც შეეძლება გამოაგზავნოს დასაბუთებული არგუმენტაცია, რატომ გამოიყენა ეს დანიშნულება და ა.შ. ეს ინიციატივა არაა სანქციებზე ორიენტირებული. ეს უფრო იქნება პაცინეტის ინტერესების დაცვისკენ მიმართული. პაციენტი უნდა იყოს თანამონაწილე მკურნალობის. ექიმი უფრო მეტად უნდა უხსნიდეს, რატომ უნიშნავს ამ მედიკამენტს. ვფიქრობ, რომ ნდობას არ შეარყევს და მოხდება კომუნიკაციის გაუმჯობესება. ჩვენი მიზანი არ არის ექიმის მიმართ ნდობის შერყევა. ჩვენი მიზანია, ჩვენი პაციენტი იყოს დაცული,“ – აღნიშნა ნათია ნოღაიდელმა.

ქეთი გიგოლაშვილი

პოპულალურები