LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ავიცილოთ ზედმეტი ხარჯები და პრობლემები ავარიის შემთხვევაში?

ავარიები საქართველოში აქტუალური თემაა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს საქართველოში 6 939 რეგისტრირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. შედეგად, 581 ადამიანი გარდაიცვალა და 9 951 დაშავდა.

სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შემდეგ, მნიშვნელოვანი საკითხია ზარალი, რომელსაც ავარია გაყენებთ.

მართალია, სჯობს ფრთხილად იაროთ, რათა ფატალური შემთხვევები არ მოხდეს, თუმცა, რადგან ამის 100%–ით თავიდან აცილება შეუძლებელია, “ფორტუნა” გთავაზობთ იურისტებისა და ექსპერტების რჩევებს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ ამ დროს, რათა ზედმეტი პრობლემები და დანახარჯები თავიდან აიცილოთ.

 

რას გვირჩევენ სადაზღვეო კომპანიები?

პირველ რიგში აუცილებელია, კარგად შეარჩიოთ სადაზღვეო კომპანია და ზუსტად გაეცნოთ მათ პირობებს.

“ჯი პი აი”-ს ექსპერტი, ზაალ გუგუნიშვილი, ამბობს, რომ ისინი თავიდანვე აფრთხილებენ მათ, ვინც მანქანას აზღვევს, როგორ უნდა მოიქცნენ იმისთვის, რომ დაზღვევის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, პრობლემები არ შეექმნათ.

მისი თქმით, პირველ რიგში აუცილებელია, შემთხვევის შესახებ სადაზღვეო კომპანიას და საპატრულო პოლიციას აცნობოთ.

“ყველა ზარალის რეგულირების პროცესი იწყება შეტყობინებიდან და პირველ რიგში, უნდა დარეკონ ჩვენ ცხელ ხაზზე. ჩვენი ცხელი ხაზი 24-საათიანია და ოპერატორი აუცილებლად უპასუხებს. შემდეგ ხდება გადართვა ზარალების მენეჯერებთან, რომლებიც გასცემენ კონკრეტული შემთხვევის რეკომანდაციებს. როგორც წესი, აუცილებელია საპატრულო პოლიციის გამოძახება და ჩვენი ზარალების მენეჯერიც გადის შემთხვევის ადგილზე, სადაც აფასებს სიტუაციას”,  – განაცხადა ზაალ გუგუნიშვილმა.

მისივე თქმით, ამ პროცედურის შემდეგ წყდება, სად მივიდეს მანქანა ზარალის შესაფასებლად და რა ეტაპებს გაივლის, სანამ ზარალი ანაზღაურდება.

როგორც ზაალ გუგენიშვილმა “ფორტუნასთან” განმარტა, ზარალის ანაზღაურება ძირითად შემთხვევაში ძალიან სწრაფად, მაქსიმუმ, 6 დღეში ხდება, თუმცა არსებობს გამონაკლისები.

“ეს დამოკიდებულია საპატრულო პოლიციის მასალებზე. თუ შემთხვევის შედეგად დაშავებულია, იღძვრება სისხლის სამართლის საქმე და სანამ გამოძიება არ დაიხურება, ვერ ვანაზღაურებთ ზარალს”,  – განაცხადა მან.

 

რჩევები იურისტებისგან

საადვოკატო ბიურო OK & CG-ის ადვოკატის, ანა გორდეზიანის, განცხადებით,  მოქალაქემ მნიშვნელოვანია 2 ფაქტორი გაითვალისწინოს, რათა თავიდან აიცილოს დამატებითი პრობლემები.

“პირველი, როცა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ადმინისტაციული სამართალდარღვევის ოქმი ფორმდება, მოქალაქეს შეუძლია, გაასაჩივროს ოქმი და თავი არ ცნოს ბრალეულად. შესაბამისად, სასამართლოში შეგიძლია, იდავოთ აღნიშნულ საკითხზე და იქმნება იმის ალბათობაც, რომ შესაძლოა, ზიანის ანაზღაურება საერთოდ არ მოგიწიოთ”, – განაცხადა ანა გორდეზიანმა.

მეორე ასევე ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი დგება მაშინ, როდესაც პირი ბრალეულობას ცნობს, მაგრამ ზიანის ოდენობას არ ეთანხმება.

“როგორც წესი, თუ მანქანა დაზღვეულია, სადაზღვევო კომპანია თავის კალკულაციას ადგენს, სადაც, უმეტეს შემთხვევაში, გაზრდილი თანხა აქვს მითითებული. სადაზღვევო კომპანია დომინანტური კომპანიებისგან ყიდულობს მანქანის ნაწილებს, რაც საბაზრო ღირებულებას ბევრად აღემატება. გაზრდილი კალკულაცია კი მოთხოვნის სახით ბრალეულ მხარეს წარედგინება იმისათვის, რომ ზიანი აანაზღუროს. ამ შემთხვევისთვის აუცილებელია ალტერნეტიული ექსპეტიზის დასკვნის არსებობა, რაც მოქალაქეს ზედმეტი ხარჯის გაღებისგან დაიცავს”,  – განაცხადა ანა გორდეზიანმა.

ამ შემთხვევაში ინდივიდუალური ესპერტიზა იქნება თქვენი მტკიცებულება იმისა, რომ ზარალის რეალური ღირებულება აანაზღაუროთ.

 

თამთა უთურგაშვილი

პოპულალურები