LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ რეკლამას უკეთებს ნინი ბადურაშვილი ნოდიკო ტატიშვილს – „იქნებ, ცოლი მოიყვანო!..“

331

ნოდიკო ტატიშვილი და ნინი ბადურაშვილი 2 აპრილს საბერძნეთში კონცერტს გამართავენ. სცენაზე კოლეგები ცხოვრებაშიც დიდი ხნის მეგობრები არიან. ნინი იხსნებს, როგორ დაეხმარა ნოდიკო ეკა კახიანის კონცერტის დროს, როცა სამ საათში ისწავლა სიმღერა და ნინისთან დუეტი შეასრულა. მათი დამეგობრება სწორედ იმ დროიდან დაიწყო. ნოდიკოს ძალიან უყვარს ნინისთან ერთად გასტროლებზე სიარული, რადგან იცის, რომ გართობა და კარგი ხასიათი გარანტირებულია.

მეგობრებს „ჰარდ როკ კაფეში“ შევხვდით, სადაც ნინი ბადურაშვილმა თავისი კერპის, მაიკლ ჯეკსონის მოსასხამი ნახა და სცადა, მას მიხუტებოდა. ეს ფოტოზეც ავსახეთ…

ათენში მიემგზავრებით ერთად. პირველია თქვენი ერთობლივი კონცერტი?

ნინი:

ბევრეჯერ ვართ ნამყოფი ერთად, მაგრამ მხოლოდ მე და ნოდიკო პირველად მივემგზავრებით.

ნოდიკო:

მართლაც ბევრგან ვყოფილვართ ერთად, განსაკუთრებით ბევრი კონცერტი ჩაგვიტარებია რეგიონებში. როცა მეუბნებიან, რომ ნინიც გამოდის ჩემთან ერთად, ყოველთვის მიხარია, რადგან საოცარი იუმორის გრძნობა აქვს, კომფორტული ადამიანია. თუ დაიწყო ხუმრობა, ვეღარ ჩერდება და ჩვენც ძალიან მაგრად ვმხიარულობთ.

ნინი:

კონკრეტული ამბავი არ მახსენდება, მაგრამ ძირითადად, სულ ცუდად გახდომამდე ვიცინით. ისეთი ამბებია, მოყოლას რომ აზრი არ აქვს, იქ რომ უნდა ყოფილიყავი (იცინიან).

როდის დამეგობრდით?

კონცერტებით, მაგრამ ჩემი და ნოდიკოს გადაკვეთა პროფესიულად იყო ეკას სოლოკონცერტისას, როცა მივხვდი, როგორი ადამიანი და პროფესიონალია. მგონი, წინა წელს მოიგო ნოდიკომ „ჯეოსტარი“. ვიცნობდი მხოლოდ ტელევიზიით. უნდა მემღერა დუეტი ერთ-ერთ შემსრულებელთან, რომელიც ავად გახდა. იყო პანიკა, რადგან შესაძლოა, ეს დუეტი ვერ შესრულებულიყო. მაიკო კაჭკაჭიშვილს მოაფიქრდა, მოდი, ნოდიკო ტატიშვილს ვთხოვოთ, საოცარი ბიჭია და მალე ისწავლის სიმღერასო. კონცერტამდე რჩებოდა სამ საათზე ნაკლები…

ნოდიკო:

ისეთ ამბავს ჰყვება, როცა სცენაზე გასვლის წინ ძალიან ვინერვიულე. სანო სტუდიაში“ ვიყავი ჩაწერაზე. ეკა კახიანმა დამირეკა და მთხოვა, თუ გინდა, გადამარჩინო, სასწრაფოდ მოდი მუსიკომედიის თეატრშიო. მთხოვა, შემესრულებინა მისი სიმღერა ნინისთან ერთად. აღმოჩნდა, რომ ეს იყო პრემიერა, ანუ სიმღერა მოსმენილი არ მქონია. ორკესტრი უკრავდა… ბადურა ეჭვის თვალით მიყურებდა, მახსოვს ნინის სახე, რომელზეც ეწერა, ეს რეებს რისკავსო (იცინის). სხვათა შორის, არ იყო მარტივი სიმღერა. მომერიდა, ეკასთვის მეთქვა, ვერ ვისწავლი-მეთქი. ეკა ძალიან მიყვარს და მინდოდა, რომ გამომსვლოდა მისი ხათრით, მაგრამ ამდენი არასდროს მინერვიულია. სცენაზე რომ ავდიოდი, ვფიქრობდი, რომ არაფერი აღარ მახსოვდა. უცბად გამახსენდა და დავიწყე… სტრესული მომენტი იყო, მაგრამ მიხარია, რომ ამ გამოსვლამ წარმატებით ჩაიარა… მოკლედ, ჩვენი პირველი შეხვედრა სცენაზე ექსტრემალური გამოვიდა.

ნინი:

ნოდიკომ მოისმინა ოთხ-ხუთჯერ ეს სიმღერა, რეპეტიცია გავიარეთ და კონცერტზე ჩვეულებრივად იმღერა, ყოველგვარი შეცდომის გარეშე.

ნინი, რა არის ისეთი, რ აც ნოდიკოსთან სამეგობროდ განგაწყობს?

დედას ვფიცავარ და ამას გულწრფელად ვამბობ, ნოდიკოზე ცუდი არასდროს არაფერი გამიგია. მართლა კარგი ადამიანია. კარგი ადამიანობა, სამწუხაროდ, არ არის ხშირი. ნოდიკო არის უბოროტო… მოიცა, მალაპარაკე კარგი რაღაცები, იქნებ, ცოლიც მოიყვანო (იცინიან). მის კარგ თვისებებს ემატება ის, რომ საუკეთესო მუსიკოსია, საყვარელი, ჯანსაღი და ჯანმრთელი ბიჭი, ქალებოოო…

ნოდიკო:

ეს არის რეკლამა, რომ ცოლი მალე მოვიყვანო. ჩემს დაბადების დღეზე ყველა ჩემი კოლეგა მეუბნებოდა, ცოლი მოიყვანეო. ჯერ არ ვაპირებ (იღიმის).

ახლა მეც ვიტყვი ბადურაზე რამდენიმე სიტყვას – ჩვენს სფეროში არიან ძალიან კარგი, კარგი ადამიანები და ისინი, ვისთან ურთიერთობის სურვილი არ გაქვს. შოუბიზნესში ზოგს ვესალმები კარგად, მაგრამ ამის იქით ჩვენი ურთიერთობა არ მიდის. ნინისთან ურთიერთობა მანიჭებს დიდბ სიამოვნებას. შემიძლია, ხმამაღლა ვთქვა, რომ რაც მასთან ვმეგობრობ, არ მახსოვს არაფერი, რაც შეშლია. არაფერი ცუდი მისგან არ გამიგია და არც გულზე მომხვედრია. ეს მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ჩვენს სფეროში, სადაც არ არის ბევრი „მყარი“ ადამიანი, კოლეგიალობაში რომ შეცდომას უშვებენ, ამაზე აღარაფერს ვიტყვი, მეგობრობაშიც უშვებენ შეცდომას. ნინისთან ამიტომ მიყვარს ურთიერთობა, რადგან ოქროს გოგოა და შეცდომებს არ უშვებს. მიხარია, გარდა იმისა, რომ კოლეგები ვართ, ვართ მეგობრები. კიდევ მყავს რამდენიმე მეგობარი შოუბიზნესში, ვისი იმედიც მაქვს ყოველთვის.

ნინი, შენც გყავს შოუბიზნესში მეგობრები. რთულია მათი შენარჩუნება?

ადამიანებს გააჩნია. როცა ორი რთული ტიპი ერთადაა, რაღაც აუცილებლად მოხდება. მე ძალიან არაკონფლიქტური ვარ, მეზარება ჩხუბები და დაძაბულობა. მაქსიმალურად ვცდილობ, ადამიანს გავუგო, თუკი ამისი შესაძლებლობა არის. ადრე ყოფილა ჩხუბებიც, მაგრამ არავინ დამიკარგავს. ვინც მიყვარს, მათი დაკარგვა არ შემიძლია.

ნოდიკო:

ნინი მსუბუქი ადამიანია და ასე უყურებს ყველაფერს, არ გძაბავს. პოზიტიური ადამიანია.

ნინი:

არის სიტუაცია, როცა რაღაც არ მოგწონს, პირობა რომ დაირღვეს, ამაზე სკანდალს არ ავტეხ, თუკი საქმეზე ვისაუბრებთ… ყოფილა შემთხვევა, როცა ოთახი არ მომწონებია, მაგრამ ამას კონფლიქტი არ მოჰყოლია. ნოდიკოც მსუბუქი ადამიანია, ტყუილად ამბავს არ ატეხს, არ გაგირთულებს და ნერვებს არ მოგიშლის.

ნიდიკო:

მიყვარს, ადამიანს საუბრით გავაგებინო რაღაც, ვიდრე ტაფა ჩავარტყა თავში. არიან ადამიანები, ვისთანაც არ გამოდის საუბარი, მაგრამ აქაც მარტივ გამოსავალს ვპოულობ და მშვიდად ვასრულებ. ჩხუბს წინ არაფერი უდგას, მაგრამ საკუთარ ნერვებს აწუხებ და შედეგიც შეიძლება არ იყოს სასურველი.

„ვარსკვლავური დაავადების“ შესახებ მინდა გკითხოთ. ადამიანებს ჰგონიათ, რომ თავში გაქვთ ავარდნილი…

ნინი:

მგონი, ჩემზე უფრო ჰგონიათ, ვიდრე ნოდიკოზე… ჩემზე ნამდვილად გამიგია. ვიღაცისთვის შესაძლოა, ცივი ვჩანვარ. ნოდიკო უფრო თბილია და ეგრევე შედის კონტაქტში. ურთიერთობის პრობლემა არც მე მაქვს, მაგრამ ბევრს ჰგონია, რომ ცივი ვარ. თუკი ჯანსაღი ამბიცია გაქვს, ჰგონიათ, რომ „ვარსკვლავური დაავადება“ გაქვს. მეცინება ისეთ ადამიანებზე, რომლებიც სკანდალებს ტეხენ, საიდანღაც გამორბიან, უბრალო მიზეზების გამო, რადგან სურთ, ვარსკვლავის იმიჯი შეიქმნან. ამას არაჯანსაღ ფსიქიკას ვარქმევ. მაგრამ თუკი ვიღაც ფამილიარულად გამესაუბრება, შემაწუხებს, მასთან დისტანციას დავიჭერ. ბევრჯერ გამიგია უცნობი ადამიანებისგან, რა კარგი გოგო ყოფილხარ, სხვანაირი გვეგონეო. ჯერ გამიცნონ და მერე ისაუბრონ. არ მიყვარს თავხედი ადამიანები, რადგან ნინი ვარ ბადურაშვილი, თავის წარმოჩენა სურთ, მოდიან პირდაპირ და მესაუბრებიან, ასეთ ადამიანებთან ცოტა მკაცრი ვარ.

ნოდიკო:

ჯანსაღი ამბიცია მაქვს და ჩემთვისაც მისაღებია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა ვიყო თავხედი, უზრდელი და უხეში, ვიღაც დავამცირო და ზედაც არ შევხედო. ჩემთვისაც უთქვამთ, ეკრანზე სხვანაირი ხარ და ცხოვრებაში რანაირი ყოფილხარო. მე საკუთარ თავს ვერ ვატყობ ამას. ხალხი მაინც სხვანაირად აღგიქვამს ეკრანზე. ვერავის ვერ „მოვუკერავ სახეს“. ასეთ ხალხს უარვყოფ. თუკი მომღერალი ხარ და წარმატებას მივაღწიე, არ ნიშნავს იმას, რომ სხვებს ზემოდან დაუწყო ყურება. ვინც მოდის და მეუბნება, რომ ვუყვარვარ, მაქებს, გამოხატავს თბილ დამოკიდებულებას, მხოლოდ მახარებს. ამ დროს ყველაზე ბედნიერი ვარ იმით, რომ მოქმედი მომღერალი ვარ. ჩვენთვის მთავარი გამარჯვება ეს არის.

ნინი:

არასდროს მეზარება ფოტოს გადაღება, ავტოგრაფის მიცემა. ყოფილა შემთხვევები, როცა კონცერტის მერე ძალიან დაღლილი ვყოფილვარ, მაგრამ ყველასთან გადამიღია ფოტო და მომიწერია ხელი. პირველ რიგში ადამიანობაა, ყველა ადამიანები ვართ, რადგან მე სიმღერის ნიჭი მაქვს, არავისზე მაღლა არ ვდგავარ. უბრალოდ, უნდა იცოდე ვინ ხარ, ამით სხვა არ უნდა დაჩაგრო.

ნოდიკო:

თუკი ხალხს უყვარხარ, ზევით ადიხარ, პირდაპირპროპორციულია წარმატების. რაც უნდა იმღერო, სხვანაირად აზრი არ აქვს.

პოპულარობას თქვენთვის რა დადებითი და უარყოფითი მოუტანია?

ნინი:

ბევრი უსაფუძვლო ჭორი გამიგია საკუთარ თავზე. რაღაც პერიოდი პირად ურთიერთობებს ვერ ვაწყობდი ამის გამო. ამ გადმოსახედიდან ვხვდები, რომ ის მამაკაცები, ვინც ამის გამოფერხდებოდნენ, სუსტები იყვნენ. იმ დროს ნერვები მეშლებოდა, უყვებოდნენ ჩემზე, რომ ასეთი ვარ და ისეთი, ამისი საყვარელი ვიყავი და იმისი. დღესაც შეიძლება, ვერ ავაწყო პირადი ცხოვრება ამის გამო. ბევრი რამ დაუბრალებიათ ჩემთვის. ერთი პერიოდი ხალხს ძალიან დიდი აგრესია ჰქონდა, საშინელი. მერე ყველაფერი გადის. როცა შენ სწორად იქცევი, ხალხიც ხვდება, რომ არასწორად დაგაბრალეს რაღაცები. გული დამწყვეტია, რატომ მლანძღავენ-მეთქი, მაგრამ ესეც პოპულარობის თანმდევი მოვლენაა.

დადებითი ყოველთვის ქაჩავს უარყოფითს. ყოფილა დღე, როცა წამიკითხავს ჩემი ლანძღვა „ფეისბუქზე“, გარეთ გამოვსულვარ, შემხვედრია ხანში შესული ადამიანი და უთქვამს, ვაიმე, როგორ მიყვარხარო… ასეთი რაღაცების გამო ღირს პოპულარობა…

ნოდიკო:

საქართველოში გამძაფრებულია გრძნობა, ეძებო ცუდი, ვიდრე კარგი. კონკრეტული პერსონის შესახებ ცუდი ამბების აფიშირება ხდება, წარმატებების – ნაკლებად, გეგონება, არაფერი მომხდარა. სამი დღის განმავლობაში მატრიალეს ერთი ინტერვიუს გამო. სულ სხვანაირად ვთქვი და სხვა კონტექსტში ატრიალეს…

ნინი:

მეც კარგად მატრიალეს „დავიდრგუნეზე“. ამოჭრილი ჰქონდა ერთ ჟურნალისტს. ხვდებით, რამდენი იშრომა ამ ჟურნალისტმა? გადახედა ჩემს ინტერვიუებს, ამოჭრა, სადაც „დავიდრგუნე“ მქონდა ნათქვამი და შეაერთა (იცინიან). ამდენ ინტერვიუში ერთი შეცდომა მიპოვა და ყოჩაღ!..

ნოდიკო:

ყველა პროფესიის ადამიანი ჯერ ადამიანია და მერე საქმის მცოდნე. ჩვენც გვაქვს გული, გონება, ფსიქიკა და ნერვები. როდესაც გგონიათ, რომ თქვენი კომენტარები არავის არაფერს ავნებს, ასე არ არის. შეიძლება, თქვენმა ცუდმა კომენტარმა მეც, ნინისაც და ჩვენს სხვა კოლეგებსაც ძალიან გვატკინოს გული. არ შეიძლება, ყველაფერზე წერო და ცუდი იფიქრო. მესმის, რომ სოციალური მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში არ არის სახარბიელო, ბევრი ადამიანი ზის შინ უმუშევარი, ინტერნეტში გაბრაზებული და გაღიზიანებული გამოხატავს აგრესიას. ერთხელ მაინც დაფიქრდით, როგორ სტკენთ გულს მას, ვისზეც წერთ. მოგიწოდებთ სიყვარულისკენ, სიყვარულს მოსდევს პატივისცემა. თუკი არ გვიყვარს, შეგვიძლია, პატივი მაინც ვცეთ ერთმანეთს და ყველაფერი იდეალურად იქნება.

გადაღების ადგილი: „ჰარდ როკ კაფე თბილისი“

ფოტოგრაფი: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები