რონალდო შეუჩერებელი გახდა: რეალი და ბარსა ახალ რეკორდებში ეჯიბრებიან

88

მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ „ჟირონას“ (6:3) ოთხი გოლი გაუტანა. ამით პორტუგალიელმა კარიერაში 50-ე ჰეთ-თრიქი გაიფორმა კლუბსა და ნაკრებში ერთად.

 

33 წლის პორტუგალიელმა 2018 წლის 13 მატჩში 21 გოლი გაიტანა. ის ლიდერია ტოპ 5 ჩემპიონატებში. რონალდომ ამ პერიოდში გაიფორმა ერთი პოკერი, ერთი ჰეთ-თრიქი, 6 დუბლი და ორჯერ თითო გაიტანა. მას ზედიზედ 8 მატჩია გააქვს.

 

 

„რეალის“ მეორე ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ პრიმერაში საგოლე გადაცემების რიცხვი ათამდე აიყვანა. ეს მადრიდელებს შორის საუკეთესო შედეგია. მეორე რონალდოა – 8 პასი.

 

„ჟირონას“ ფეხბურთელმა კრისტიან სტუანიმ „რეალს“ ორი გოლი გაუტანა თავით. ურუგვაელს მეორე სართულიდან გატანილი გოლების რაოდენობა 8 გაუხდა და ტოპ 5 ლიგაში ლიდერია.

 

„ბარსელონას“ გოლკიპერმა მარკ ანდრე ტერ შტეგენმა არც ბილბაოს „ატლეტიკისგან“ გაუშვა (2:0). 25 წლის გერმანელს სეზონში 18 მშრალი მატჩი აქვს და მხოლოდ 13 გოლი გაუშვა. ტერ შტეგენმა კატალონიელ მეკარეთა შორის რეკორდი დაამყარა. ვიქტორ ვალდესმა 2010/11 წლების სეზონის 29 ტურში 15 გოლი მიიღო.
წელს პრიმერაში ნაკლები მხოლოდ მადრიდის „ატლეტიკოს“ მეკარეს იან ობლაკს აქვს გაშვებული – 12 გოლი.

 

წაუგებელი სერია გააგრძელა „ბარსელონას“ თავკაცმა ერნესტო ვალვერდემაც – 29 მატჩი (23 მოგება, 6 ფრე).
ვალვერდემ გაუსწრო „რეალისა“ და „სოსიედადის“ ყოფილ მწვრთნელს, ჯონ ტოშაკს (28 წაუგებელი თამაში).
54 წლის სპეციალისტს უსწრებს ყოფილი „ბარსელი“ პეპ გვარდიოლა (31 მატჩი) და კიდევ ერთი „სოსიედადელი“ ალბერტო ორმაეჩეა (32 მატჩი).

 

 

მიუნხენის „ბაიერნმა“ ბუნდესლიგაში „ლაიპციგთან“ წააგო (1:2). მიუნხენურმა კლუბმა პირველად წააგო 25 ნოემბრის შემდეგ და მეორედ იუპ ჰაინკესის დაბრუნებიდან (31 მატჩი).

2009 წელს დაარსებულ ლაიპციგის გუნდმა ისტორიაში პირველად დაამარცხა „ბაიერნი“.

 

დორტმუნდის „ბორუსიას“ ფორვარდმა მიში ბატშუაიმ გამარჯვება მოუტანა თავის გუნდს – „ჰანოვერთან“ 1:0. 24 წლის ბელგიელის ამგარიშზე 6 გოლია 7 საწყის შეხვედრაში. ამით მან ფრიდხელმ კონიცკის შედეგი გაიმეორა, რომელიც „ბორუსიაში“ 1984 წელს თამაშობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები