LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდოს გოლები გრძელდება: რამოსი უხეშია, კასილასი მშრალი

178

პსჟ-მ გუშინ მადრიდის ”რეალთან” გამართული საპასუხო 1/8 ფინალური მატჩი 1:2 წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ პარიზელთა წაუგებელი საშინაო მატჩების სერია შეწყდა. გუშინდელ შეხვედრამდე პსჟ-ს საკუთარ მოედანზე 51 წაუგებელი მატჩი ჰქონდა ჩატარებული.

 

”რეალმა” მეტოქე ორი მატჩის ჯამში 5:2 დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა. ”სამეფო კლუბი” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ზედიზედ მერვედ ითამაშებს. უკეთესი მაჩვენებელი ამ მხრივ მხოლოდ ”ბარსელონას” აქვს დაფიქსირებული (ზედიზედ 10 სეზონის 1/4 ფინალი).

 

პსჟ-ის წინააღმდეგ გამართულ მატჩში ანგარიში კრიშტიანო რონალდომ გახსნა. ეს პორტუგალიელისათვის მიმდინარე სეზონში გატანილი ზედიზედ მე-8 გოლია, ხოლო თუ გასული სეზონის ფინალსაც ჩავთვლით, მე-9.

რონალდო ტურნირის ისტორიაში რუუდ ვან ნისტელროის შემდეგ მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 9 მატჩში შეძლო გოლის გატანა. ჰოლანდიელმა აღნიშნული შედეგი 2002-03 წლების სეზონში დააფიქსირა.

 

”რეალის” კაპიტანი სერხიო რამოსი გუშინდელ მატჩში მიღებული ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ ტურნირის რეკორდსმენი გახდა. რამოსს ისტორიაში ყველაზე მეტი, 37 ბარათი აქვს მიღებული (წითელი და ყვითელი ჯამში). რამოსმა ამ მაჩვენებლით პოლ სქოულზს გადაასწრო და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. აღსანიშნავია ისიც, რომ რამოსი მოქმედი ფეხბურთელია და ამ შედეგის ”გაუმჯობესება” შეუძლია.

 

”რეალის” ნახევარმცველმა ლუკას ვასკესმა წუხელ მატჩში შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ეს ვასკესისათვის მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჯამში მე-8 შედეგიანი გადაცემაა. ამ მაჩვენებლით ესპანელი ლა ლიგის ლიდერს, ლიონელ მესის გაუთანაბრდა.

 

”ლივერპულმა” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საგზური ჯამში მეექვსედ მოიპოვა. მერსესაიდელები 1/4 ფინალურ ეტაპზე 2008-09 წლების სეზონის შემდეგ პირველად ითამაშებენ.

 

”პორტოს” მეკარემ, იკერ კასილასმა წუხელ ”ლივერპულთან” გამართულ საპასუხო 1/8 ფინალურ მატჩში საკუთარი კარის მშრალად შენახვა შეძლო. იკერისათვის ეს ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 57-ე მატჩია, რომელშიც გოლი არ გაუშვია.
კასილასი ამ მაჩვენებლით ჩემპიონთა ლიგაზე ლიდერობს. მეორე ადგილზე ედვინ ვან დერ სარი (”მანჩესტერი”, 51 მატჩი) იმყოფება, მესამეზე კი ჯანლუიჯი ბუფონი (”იუვენტუსი”, 49 მატჩი).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები