LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბჭოთა მემკვიდრეობა: ხრუშჩოვკების ნაწილი დასანგრევია, მერიას კი გეგმა არ აქვს

ხრუშჩოვკა – ნიკიტა ხრუშჩოვის პერიოდის 3-5-სართულიანი პანელებიანი ან აგურის საცხოვრებელი შენობების კომპლექსები საბჭოთა კავშირში 1960-80-იან წლებში შენდებოდა.

ადვილად დანგრევადი ხრუშჩოვკების სერია საბინაო პრობლემის დროებით გადასაწყვეტად იყო განკუთვნილი და 25 წელზე იყო გათვლილი. (ზოგიერთი მათგანი 50 წელზე).

მცირე საექსპლუატაციო ვადის მიუხედავად, „ხრუშჩოვკები“ 21-ე საუკუნის თბილისის არქიტექტურის შემადგენელ ნაწილად რჩება.

საქართველოში ექსპლუატაციის ვადა 600–ზე მეტ ხრუშჩოვკას აქვს გასული. მათი დიდი ნაწილი ავარიული და საფრთხისშემცველია.

ბოლო წლებში, არჩევნების წინ „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლებაზე იწყებენ საუბარს, არჩევნების შემდეგ კი ამ თემას ივიწყებენ. ასე იყო 2014 წელს, 2016 წელს და ასეა ახლაც, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოახლოვდა, რამდენიმე პარტიამ ეს საკითხი წინასაარჩევნო დაპირებებში ჩადო.

მანამდე კი, ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტის დაწყება საკრებულოს თავმჯდომარე, ჯაბა სამუშიამ, დაანონსა. განახლება ვაჟა–ფშაველას გამზირიდან უნდა დაწყებულიყო.

თუმცა, მოგვიანებით დედაქალაქის მთავრობაში ეს ფაქტი უარყვეს. დღესაც  „ფორტუნას“ მერიაში განუცხადეს, რომ ხრუშჩოვკებთან დაკავშირებით, მათ არანაირი გეგმა არ გააჩნიათ.

მათი თქმით, ზოგადად, ექსპლუატაციის ვადა ნებისმიერ შენობას შეიძლება, გაუვიდეს და მერია ყველას ვერ დაანგრევს.

„მერიის მხრიდან არ ყოფილა არანაირი გეგმა არასდროს, არც ახლა გვაქვს რაიმე და არც მომავალში იგეგმება. ეს ადრე ითქვა იდეის დონეზე. ექსპლუატაციის ვადა შეიძლება, გაუვიდეს ნებისმიერ კორპუსს, ყველას ხომ არ დაანგრევს მერია – ამას კერძო მესაკუთრე აკეთებს ხოლმე“, – განაცხადეს მერიაში.

მათვე აღნიშნეს, რომ გამგეობების დონეზე, არა მხოლოდ ხრუშჩოვკების, არამედ ყველა ავარული სახლის გამაგრება მიმდინარეობს.

 

გენგეგმა – „ასეთი საცხოვრისი პრობლემურია, როგორც ესთეტიკური, ასევე სტრუქტურული და თერმული თვალსაზრისითაც“

მერიას არა, თუმცა ხრუშჩოვკებზე საკუთარი მოსაზრება გააჩნია თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს.

მათ დოკუმენტში, რომელიც ცოტა ხნის წინ გადაეცა მერიას, თბილისში არსებულ საცხოვრისის მწვავე პრობლემის ნაწილში ხრუშჩოვკებზეცაა საუბარი.

კვლევაში ვკითულობთ, რომ დედაქალაქში საცხოვრისის მნიშვნელოვანი ნაწილი ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა შეკეთებული და ამჟამადაც არასახარბიელო მდგომარეობაშია.

„ასეთ პრობლემურ საცხოვრისს არა მხოლოდ მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში აშენებული სახლები წარმოადგენენ, არამედ 1960-იანი წლების ე.წ. ხრუშჩოვკები და უფრო გვიანდელი შენობებიც კი.

“ასეთი საცხოვრისი პრობლემურია და როგორც ესთეტიკური, ასევე სტრუქტურული და თერმული თვალსაზრისითაც განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა მათზე 1990–იან წლებში ე.წ. მიშენებებია განხორციელებული.

“იმის გათვალისწინებით, რომ თბილისი სეისმურად მგრძნობიარე ზონაშია განლაგებული და მიწისძვრების საფრთხე რეალურია, ასეთი მიშენებები და, ზოგადად, შენობებისა და ბინების ავარიულობა მაღალ რისკთანაა დაკავშირებული უსაფრთხოების თვალსაზრისით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

“მსოფლიო ბანკის” კვლევა აღნიშნავს, რომ საბჭოთა პერიოდში აგებული საცხოვრებელი ფონდის 36% სერიოზულადაა დაზიანებული.

თავად ეს ფაქტი, მიუხედავად 2000-იანი წლების საკმაოდ მასშტაბური ბინათმშენებლობისა, ქმნის საცხოვრისის ერთგვარ უკმარობას, როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი თვალსაზრისით. თუმცა ეს უკვე სხვა საკითხია…

 

არქიტექტორები ფიქრობენ, რომ “ხრუშჩოვკების” ჩანაცვლებისთვის გრძელვადიანი გეგმა უნდა გაიწეროს

„ფორტუნა“ თბილისის არქიტექტორთა კავშირს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ პრობლემა მართლაც დგას და მის გრძელვადიან პერიოდში გადასაწყვეტად მერიამ ერთიანი ხედვა უნდა შეიმუშავოს.

საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების პრეზიდენტის, იური სვანიძის, განცხადებით, აუცილებელია, ქვეყანაში იყოს სტრუქტურა, რომელიც მსგავს საკითხებზე იქნება პასუხისმგებელი, მანამდე კი შესადგენია დოკუმენტი, რომელშიც “ხრუშჩოვკების” ჩანაცვებისა და რეკონსტრუქციის გრძელვადიანი გეგმა გაიწერება.

„არის ხრუშჩოვის სახლები, რომლებიც მრავალ წელს გაძლებს, თუმცა არის ისეთებიც, რომლებიც აღდგენას არ ექვემდებარება და მათ გამაგრებაზე თანხის დახარჯვა ფულის წყალში გადაყრაა. ამიტომ უნდა დაიდოს სტრატეგიული გეგმა, როგორ აღმოვფხვრათ ეს პრობლემა. გეგმის შემუშავებაში დარგის წამყვანი სპეციალისტები უნდა ჩაერთონ და გაითვალისწინონ სხვა ქვეყნების უდიდესი გამოცდილება“, – განაცხადა „ფორტუნასთან“ იური სვანიძემ, რომელიც ევროპის მშენებელ-ინჟინერთა საბჭოს და ამერიკის მშენებელ-ინჟინრთა საზოგადოების სრულუფლებიანი წევრია.

მანვე აღნიშნა, რომ ეს საკითხი ევროპის მშენებელთა საბჭოზეც დააყენა და ისინი მზად არიან, საქართველოს საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ. ასე რომ, ჯერი მერიაზეა.

“მერია ავარიულ სახლებთან დაკავშირებით, შეძლებისდაგვარად, ყველაფერს აკეთებს, მაგრამ მაინც ბევრია გასაკეთებელი. ვიცით, რომ ამის ბიუჯეტი არ გაგვაჩნია, მაგრამ ეს საკითხი რომ მწვავეა და გამოსავალი საპოვნელია, ამაზე ყველა ქსპერტი ვთანხმდებით”, – აღნიშნა იური სვანიძემ.

დიდ ფინანსურ საჭიროებებზე საუბრობს “ფორტუნასთან” არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე დავით აბულაძეც. მისი თქმით, ბიუჯეტს ამ პრობლების გადაჭრა გაუჭირდება, თუმცა ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკისა და გეგმის შემუშავება აუცილებელია და დიდ თანხებთანაც არაა დაკავშირებული.

“პოლიტიკა უნდა იყოს ისეთი, რომ კერძო ინვესტორს გაუჩნდეს ინტერესი ამ სახლებზე მუშაობის. სხვანაირად რთულია. ამას ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი ვერ დაძლევს. ახლა თვითდინებაზე გვაქვს ეს საკითხი მიშვებული. დადგა დრო, რომ ნელ-ნელა ამ ტიპის ნაგებობები თავის რესურსს ამოწურავენ. უკვე საკმაოდ ბევრი მწვავე შენობაა”, – განაცხადა აბულაძემ.

მისი თქმით, აღმოსავლეთ ევროპაში არსებობს მოდულები, როგორ ჩაჰბერეს ამ პერიოდის შენობა–ნაგებობებს ახალი სიცოცხლე. ამის გაკეთებას მთავრობა ინვესტორის გარეშეც მოახერხებს – მოდიფიკაციით თბილისის იერსახის და შენობების ფუქციური გაუმჯობესებაც შესაძლებელია.

 

ხრუშჩოვკების ჩანაცვლება და მისი ახალი სიცოცხლე

სხვა ქვეყნების გამოცდილება უკვე გვაქვს და წარმატებული მოდიფიკაციის შედეგად, შესაძლებელია, ბეტონის ჯუნგლებში ქალაქის იერსახე და საცხოვრებელი პირობები ერთიანად გაუმჯობესდეს. ამასთან, ქალაქს ეს ნაბიჯი საბჭოთა სივრციდან გარეთ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგმევინებს.

 

თამთა უთურგაშვილი

პოპულალურები