LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საიდან და როგორ მოიტანს განათლების მინისტრი წელიწადში 500 ტონა ვაშლს?

სექტემბრიდან ყველა იმ სკოლაში, რომელსაც 1000–ზე მეტბავშვიანი კონტინგენტი ჰყავს, კვირაში ერთხელ მოსწავლეებისთვის ვაშლები დარიგდება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ,  განაცხადა. მისივე განმარტებით, ამ სკოლებში ბავშვებს ვაშლები კვირაში ერთხელ დაურიგდებათ და მიზნად ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ისახავს.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია და წელს, სექტემბრიდან, როდესაც ახალი სასწავლო წელი დაიწყება, თბილისის გარკვეულ სკოლებში ბავშვებს „სკოლის შესასვლელში  თასით ვაშლები დახვდებათ“, რაზეც განათლების მინისტრი მთავრობის სხდომაზე ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში ოცნებობდა.

მან ამ ოცნების ახდენა უკვე დააანონსა, მაგრამ ამბობს, რომ ამისთვის ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ არავინ იცის, სამინისტრო სკოლებს  ვისი ვაშლით და როგორ მოამარაგებს.  ბავშვებისთვის კვირაში ერთხელ თითო ვაშლის მიცემა, თითქოს, ძნელი არ უნდა იყოს, მაგრამ თუ წარმოვიდგენთ, რომ პირველ ეტაპზეც კი საუბარია ვაშლის 40-60 ათასი ბავშვისთვის დარიგებაზე, როგორც მინისტრმა განაცხადა, ეს იმას ნიშნავს, რომ თვეში, მინიმუმ, 160 000-240 000 ათასი ვაშლი უნდა დარიგდეს,  ეს ინიციატივა ირონიის ფარგლებს სცილდება, რაც ამ განცხადებაზე პირველი რეაქცია იყო  და ბევრი სერიოზული  კითხვა ჩნდება.

საშუალოდ, 1 კილო ვაშლი 5-6 ცალს იწონის, ანუ განათლების სამინისტროს თვეში 40-48 ტონა ვაშლის ყიდვა მოუწევს, რაც სასწავლო წლის განმავლობაში, თითქმის, 500 ტონამდეც კი ადის, ცხადია იმის გათვალისწინებით, რომ ტონობით ნაყიდ ვაშლში ყველა ჯანსაღი და უვნებელი ვერ იქნება.

ამიტომ პირველი კითხვა ის არის, ეყოფა თუ არა ქართული წარმოება ამ მოთხოვნას, სახელმწიფო სათანადო თანხას საიდან მოიტანს და რის ხარჯზე, ვინ იქნება მიმწოდებელი, როგორ შეირჩევა და ბოლოსდაბოლოს, როდესაც სახელმწიფო შიდა წარმოების ამ რაოდენობის პროდუქციას შეისყიდის, ეს ფასებზე რა გავლენას მოახდენს.

ცხადია, კითხვები გაცილებით მეტია, მაგრამ ეს არის ის, რაც პირველი ჩნდება და, რაც მთავარია, როგორ მოესწრება ამ რაოდენობის პროდუქციის შესაძენად ტენდერის ჩატარება და  ისევ დაჩქარებული წესით ერთ პირთან პირდაპირი მიყიდვის პრობლემა ხომ არ დადგება.

სწორედ ამ და კიდევ ბევრი კითხვის გამო, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ირაკლი ყიფიანი, აცხადებს, რომ “მინისტრის აღნიშნული გადაწყვეტილება 100%-ით სისულელეა”. მისივე თქმით, იმის მიუხედავად, უყვარს მოსწავლეს ვაშლი თუ არა, საქართველოს ყველა მოქალაქემ საკუთარი ჯიბიდან უნდა გადაიხადოს ვაშლის საფასური. ასევე, საქმე, სავარაუდოდ, სეზონურ იმპორტთანაც გვექნება, რადგან შესაძლოა, ხილის ეს სახეობა საქართველოს სკოლებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდეს.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი პაპავა კი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება არასერიოზულია, თუმცა სუბსიდირების პრობლემა არ იკვეთება.

„სუბსიდირება ხდება მაშინ, როცა სახელმწიფო ქმნის არასწორ მოლოდინებს. აფინანსებს გარკვეულ პროექტებს და შემდეგ არამომგებიანი და არაეფექტური აღმოჩნდება ხოლმე. ამის მაგალითად GEMFEST-იც საკმარისია,“ – განაცხადა გიორგი პაპავამ „ფორტუნასთან“ საუბრისას.

საინტერესოა, რომ ხილს, ბოსტნეულს და რძეს 2017-2018 სასწავლო წლის პირველივე დღიდან ევროკავშირის სკოლის მოსწავლეებიც მიიღებენ. შერჩეული სკოლები ბავშვებს თავად აჭმევენ და კვების დაგეგმვის პროცესში პრიორიტეტს ხილს, ბოსტნეულსა და რძეს მიანიჭებენ. პროექტის მიზანია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ხილის, ბოსტნეულის და რძის დისტრიბუციას შეეწყოს ხელი.

ევროკავშირის სკოლებში კვების გეგმის შერჩევისას პრიორიტეტი ხილს, ბოსტნეულს და რძის პროდუქტებს მიენიჭებათ. იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტრო დაამტკიცებს, სკოლებში საკვებად ისეთ დამუშავებულ პროდუქტებსაც დატოვებენ, როგორებიცაა: წვნიანი, ხილის კომპოტი, წვენი, იოგურტი და ყველი. აიკრძალება შაქარი, მარილი და ცხიმი.

ამჟამად, ხილისა და ბოსტნეულის პროექტში მონაწილეობას ევროკავშირის წევრი 24 სახელმწიფო იღებს.

მაგრამ ეს არის სკოლებში არსებული კვებითი ობიექტების მენიუზე და არა სახელმწიფოს მიერ გაწეულ ხარჯებზე. შესაბამისად,  ვაშლების დარიგების ინიციატივა ამ რიგის საკითხად ვერ ჩაითვლება. ამის  მსგავსი რეგულაციაა ჯეჯელავას მიერ დღესვე გახმაურებული ინიციატივა, რაც სკოლების ბუფეტებში  არაჯანსაღი პროდუქციის გაყიდვის აკრძალვას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ფინეთი და შვედეთი მსოფლიოში ერთადერთ ქვეყნებად რჩებიან, სადაც სახელმწიფო სრულფასოვან სასკოლო კვებას აფინანსებს. ფინეთის საბაზისო განათლების შესახებ კანონის თანახმად, ყველა მოქალაქე 7-დან 19 წლამდე საგანმანათლებლო დაწესებულებებში უფასო სრულფასოვან სადილს იღებს. ფინეთში ყოველდღიური სასკოლო კვება დაახლოებით 900 ათას ბავშვსა და მოზარდზეა გათვლილი. მოსწავლის სტანდარტული პორცია შედგება სალათისგან, ძირითადი ცხელი კერძისგან, რძისა და კარაქიანი პურისგან და მუნიციპალიტეტს, საშუალოდ, დაახლოებით 1,7 ევრო უჯდება. სხვათა შორის, გამოკითხვების შედეგად მხოლოდ ყოველი მესამე ბავშვი მიირთმევს სრულ პორციას.

 

 

 

თათია კაკიაშვილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები