LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკაბელო ტელევიზიების კავშირი მაუწყებლების ტრანზიტის უფასოდ განხორციელების უფლებას ითხოვს

96

საკაბელო ტელევიზიების კავშირი მაუწყებლების ტრანზიტის უფასოდ, ანაზღაურების მიღების გარეშე განხორციელების უფლების დაბრუნებას ითხოვს და ამასთან დაკავშირებით პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს. მათ მოთხოვნას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განიხილავს.

როგორც საკაბელო ტელევიზიების წარმომადგენლები განმარტავენ, 2012 წელს საელჩოებისა და არასამთავრობო სექტორის ზეწოლით და ძალისხმევით საარჩევნო კანონმდებლობაში ე. წ. “მასთ ქერის” და “მასთ ოფერის” პრინციპი შევიდა, რაც საარჩევნო პერიოდში ერთი მხრივ, ავალდებულებდა ოპერატორებს, საერთო მაუწყებლები განეთავსებინათ შეთავაზებულ ყველა პაკეტში. მეორე მხრივ კი, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შეეძლო უფასოდ, მაუწყებლის ნებართვის გარეშე ასეთი მაუწყებლობის ტრანზიტი განეხორციელებინა.

2013 წელს კი „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ განხორციელდა დამატება, რაც მხოლოდ სავალდებულო ტრანზიტის ცნებას ითვალისწინებს და გულისხმობს იმას, რომ საერთო მაუწყებელს უფლება აქვს, მოთხოვოს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, განათავსოს ტელეარხი მომხმარებლისთვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში, ოპერატორი კი ვალდებულია, მისი მოთხოვნა შეასრულოს, მაგრამ თუ ოპერატორს სურს ასეთი არხის ქსელში განთავსება, მას აუცილებლად სჭირდება ნებართვა თავად მაუწყებლისგან, რაც შესაძლოა ფასიანი აღმოჩნდეს.

როგორც საკაბელო ტელევიზიების წარმომადგენლები განმარტავენ, პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მიხედვით, “საზოგადოებრივ მაუწყებელსაც” კი აქვს უფლება, რომ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების გაფორმება მოითხოვოს. მათივე თქმით, 2015 წლიდან ე.წ. მასთ ქერის” და “მასთ ოფერის” ცნება ამოღებულია საარჩევნო კოდექსიდან, რაც ქმნის საშიშროებას, რომ წინასაარჩევნოდ განმეორდეს კიდევ უფრო მძიმე სურათი, ვიდრე 2012 წელს იყო.

პრობლემას, რომელიც ტელეარხების ტრანზიტთან დაკავშირებით საკაბელო ტელევიზიებს შეექმნა, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. საკომიტეტო განხილვისას გაირკვევა, დაუჭერს თუ არა კომიტეტი მხარს საკაბელო ტელევიზიების საკანონმდებლო შეთავაზებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები