LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალონიც ფუფუნების საგანი ხდება – რეგლამენტის მოთხოვნები მომსახურებას აძვირებს

თავის მოწესრიგება სალონში ზოგისთვის ყოველდღიურობასთან, სხვებისთვის კი განსაკუთრებულ დღეებთან ასოცირდება და იშვიათია.

თუმცა, როგორი სიხშირითაც არ უნდა იყენებდეთ სალონურ მომსახურებებს, უსაფრთხოება და ფასი თქვენთვისაც საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება.

სალონების კონტროლი 2016 წლის 1 ოქტომბრიდან გამკაცრდა. მთავრობის მიერ მიღებული ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება ნელ–ნელა იწყება.

სილამაზის სალონები, რომლებიც სპეციალურად დაწესებულ ჰიგიენურ და სანიტარულ ნორმებს ვერ დააკმაყოფილებენ დაჯარიმდებიან.

ამ ნორმებში შედის: სავარცხლებისა და თმის საჭრელი მაკრატლის დეზინფექცია ყოველი გამოყენების შემდეგ, სტერილიზაციის მაღალი მოთხოვნების დაცვა, სისხლით დაბინძურებული ნარჩენების დახარისხება და უსაფრთხოდ გატანის უზრუნველყოფა, ერთჯერადი პირსახოცების გამოყენება ან სამრეცხაოებთან ხელშეკრულების გაფორმება…
“ფორტუნა” შეეცადა გაერკვია, რამდენად მისაღებია აღნიშნული ცვლილებები სალონების მეპატრონეებისთვის, როგორ განხორციელდება კონტროლი და რა შეიცვლება რეგლამენტის დაცვის შედეგად.

 

მოთხოვნები და ჯარიმები სალონებს

ამ დრომდე სალონების მხოლოდ საპოლოტე რეჟიმში შემოწმება მიმდინარეობდა. უწყებას ოფიციალური საჯარიმო ოქმი 15 თებერვალს დაუმტკიცდა, შესაბამისად ახლა სალონებისთვის ჯარიმების გამოწერის უფლებაც აქვს.

როგორც „ფორტუნას“ ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსმა ნათია ნოღაიდელმა განუცხადა, პირველი ჯარიმა იურიდიული და ფიზიკური პირების შემთხვევაში განსხვავებული იქნება და ის 50-დან 100 ლარიდან დაიწყება. იმ შემთხვევაში კი თუ დაჯარიმების შემდეგ, გარკვეულ დროში, სალონები ხარვეზებს არ აღმოფხვრიან ჯარიმის ოდენობა კიდევ უფრო იზრდება – 100–დან 400 ლარამდე.

პირველი მოთხოვნა, რომელიც სილამაზის სალონებს უწესდებათ რეგისტრაციაა, – სავალადებულო რეგისტრაცია ობიექტებს პირველ ოქტომბრამდე უნდა განეხორციელებინათ და ამ დრომდე 3200-ზე მეტმა სალონმა დაარეგისტრირა საკუთარი საქმიანობა. იმ სალონების შემთხვევაში, რომელსაც რეგისტრაცია არ გაუვლია „უვადო ჯარიმა“ დაწესდება.

სალონებს სხვადსხვა ჰიგიენური ნორმების დაცვის ვალდებულება ეკისრებათ, რაც პირველ რიგში ინსტრუმენტების დეზინფექცია/სტერილიზაციას და მათ შემდგომ შენახვას გულისხმობს.

რეგულაციები თმის შეჭრისთვის განკუთვნილ სავარცხლებს და მაკრატლებსაც ეხება. ისინი რეგლამენტში ნაკლებად კრიტიკული ნივთების სიაში გადის და მხოლოდ გარეცხვას მოითხოვს.

“როგორც კი მაკრატლის ქსოვილური სითხით ან სისხლით დაბინძურება მოხდება, ის უნდა გასტერილდეს. თმის შეჭრის შემდეგ აუცილებელია იარაღების დეზინფექცია – ყველა კლიენტის შემდეგ”, – განაცხადა ნათია ნოღაიდელმა “ფორტუნასთან.

 

სალონების მფლობელების რეაქცია რეგულაციებზე

ერთ–ერთი სალონის მფლობელი „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ მან მედიიდან გაიგო იმის შესახებ, რომ სალონების შემოწმება იწყება და თუ რაიმე დარღვევას აღმოაჩენენ დაჯარიმდებიან.

სალონის მფლობელი აცხადებს, რომ ეს უსამართლობაა, რადგან ზუსტად არც იცის რა არის საჭირო იმისთვის რომ პირველ ჯარიმას გადაურჩეს.

ისინი ფიქრობენ, რომ ამ რეგულაციებით, ხელოვნურად იქმნება ისეთი სიტუაცია, რომ ფასების გაზრდა გარდაუვალი იყოს.

„სტერილიზაცია და სისუფთავე ვიცით. სხვა რა ნორმებია ზუსტად ხომ უნდა ვიცოდეთ? ნელ–ნელა მივდივარ იმისკენ, რომ რა ნორმებიც გვითხრეს თავდაპირველად ის დავიცვა. გავფართოვდი, შევიძინე ახალი სტერილიზაციის აპარატი. ეს ყველაფერი მომსახურების გაძვირების ხარჯზე არ გამიკეთებია. ჩვენთან იგივე ფასებია. რა უბანშიც ვმუშაობ აქ ეს ფასებია ხელმისაწვდომი და მინდა კონკურენტული ვიყო. შიდა შეხვედრებზე საუბარი იყო, რომ დაბალფასიანი სალონები აღარ უნდა არსებობდესო, რატომ? თუკი მე მიღირს და პირობებსაც ვაკმაყოფილებ?“, – განაცხადა ჩვენთან სალონის მფლობელმა.

მისი თქმით, შიდა განხილვების დროს, დასახელდა რამდენიმე ისეთი ნივთი და მოთხოვნა, რაც მისთვის ხელმისაწვდომი არ არის და მისი აზრით, არც აუცილებლობას წარმოადგენს. ესენია:

  1. სტერილიზაციის 3000 ლარიანი აპარატი (ავტოკლავის აპარატი, რომელიც როგორც სალონის მფლობელთა ნაწილი ამბობს, 100%–იან უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს)
  2. ერთჯერადი პირსახოცები ან ხელშეკრულება სამრეხაოებთან.
  3. სპეციალური ნაგვის კონტეინერები, რომლებსაც შესაბამისი სამსახურები გარკვეული საფასურის სანაცვლოდ დაცლიან.

აღსანიშნავია, რომ სტერილიზაციის ამ აპარატზე მოთხოვნა, როგორც სალონის მფლობელი ამბობს, მხოლოდ შიდა შეხვედრებზე იყო. ჯანდაცვის სამინისტროს ვებ–გვერდზე, შესაბამის დოკუმენტში ნათქვამია, რომ სტერილიზატორი, რომელიც შეესაბამება სტანდარტებს მისაღებია. დოკუმენტში არ არის მითითებული, რომელიმე კონკრეტული ძვირადღირებული აპარატი.

ასევე, სალონის მფლობელებისთვის გაურკვეველია სად მიდის სეპარირებული ნარჩენები და რატომ უნდა გაიტანოს ის სპეციალურმა სამსახურმა.

„ეს ნაგვის ურნები სად მიდის? თუ მიდის და გლდანში ნადგურდება, რა აზრი აქვს ამ ნარჩენების დახარისხებას და სპეცალური სამსახურის შექმნას, თუ ეს სამსახურიც ნაგავსაყრელზე წაიღებს ნარჩენებს და სხვა ნაგავთან ერთად განადგურდება?“, – განაცხადა ჩვენთან სალონის მფლობელმა.

ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი ნათია ნოღაიდელი “ფორტუნასთან” ნარჩენების დახარისხებაზე განმარტავს, რომ სალონებში აუცილებელი არ არის ყველა ტიპის ნარჩენი სპეციალურ კონტეინერში მოთავსდეს. საუბარია მხოლოდ სისხლით ან ბიოლოგიური სითხით დასვრილ ნარჩენებზე.

“ეს დასვრილი ნაგავი არ შეიძლება იგივე ბუნკერებში ჩაიყაროს, სადაც ჩვეულებრივი ნაგავი იყრება. დაბინძურებული ნარჩენები კონტეინერით უნდა გაიტანოს იმ კომპანიამ, რომელსაც ამის უფლება აქვს. მომსახურება სავარაუდოდ, ფასიანი იქნება. თუმცა, ამ ნარჩენების რაოდენობა იქნება მინიმალური. ყველა ნარჩენს არ სჭირდება სპეციალური კონტეინტერი. თმა, მტვერი და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენი, ჩვეულებრისამებრ შეუძლიათ გადაყარონ”, – განაცხადა ნათია ნოღაიდელმა.

ამ მოთხოვნების უსაფუძვლობაზე საუბროს ჩვენთან, კიდევ ერთი სალონის მფლობელი ოთარ ფორჩხიძე.

მას მიაჩნია, რომ ეს ზედმეტი ხარჯები ერთგვარი ზეწოლაა მის მცირე ბიზნესზე, რაც ჯერ მომსახურების ფასის ზრდას გამოიწვევს, შემდეგ კლიენტების დაკარგვას, საბოლოოდ კი – გაკოტრებას.

„მე თუ მანიკურის გაკეთებას 10 ლარის ნაცვლად 25 ლარს დავადებ, კლიენტი რა თქმა უნდა, შემიმცირდება. არადა, ამ მოთხოვნებით, სწორედ აქამდე მივალთ. სხვადასხვა ქვეყანაში ვარ ნამუშევარი და ავტოკლავის აპარატი ისეთ სალონებშიც კი არ იყო, სადაც მომსახურება ძალიან ძვირი ღირდა და საკმაოდ ცნობილი ხალხი დადიოდა. მე სტერილიზაციის ასეთ მეთოდს მივმართავ – ხელსაწყოებს ISO სერთიფიკატის მჟავით ვამუშავებ, შემდგე კი კვარცის აპარატში ვდებ – ეს ახალი რეგულაციების მიხედვით მიუღებელია“, – განაცხადა ოთარ ფორჩხიძემ „ფორტუნასთან“.

ასეთ პესიმისტურ პროგნოზს ისიც ემატება, რომ მსგავს სალონებში დასაქმებული ადამიანები უმუშევრები დარჩებიან. კლიენტურის შემცირების შემთხვევაში, სალონში ბევრი კადრი საჭირო არ იქნება, სალონის დახურვის შემთხვევაში კი, მთელი სტაფი უმუშევარი დარჩება.

„მე 8 ადამიანი მყავს დასაქმებული. ორმაგი მოქალაქე ვარ, წავალ და სხვა ქვეყანაში ვიმუშავებ, აქ თუ ბიზნესის კეთების შესაძლებლობას შემიზღუდავენ, მაგრამ ჩემ უკან 8 დასაქმებულია, მათ უკან კი ოჯახები. მგონი ასეთი პატარა ერისთვის ეს მნიშვნელოვანი ციფრია. მით უმეტეს, რომ პატარა სალონების უმრავლესობას სწორედ ისე ბედი ელის, რასაც ვვარაუდობ“, – განაცხადა ოთარ ფორჩხიძემ „ფორტუნასთან“.

 

 

რა ფასად უღირთ მომხმარებლებს ჯანმრთელობა?

 

იმაზე, რომ ადამიანების ჯანმრთელობა ყველაზე ძვირფასია, მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი თანხმდება. სერვისისა და უსაფრთხოების გარანტიის შემთხვევაში, ისინი მზად არიან გაზრდილი ფასი გადაიხადონ სალონურ მომსახურებაზე.

„გარდა ფრჩხილების მოვლის ხელსაწყოებისა, კარგი იქნება თუ სავარცხელიც და მაკრატელიც დასტერილიზდება. ზოგიერთი სალონის მეპატრონემ არც კი იცის, რომ ეს შესაძლებელი და აუცილებელიც კია. მივესალმები ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს და კონტროლის გამკაცრებას, იმ შემთხვევაში თუ რეალურად მოხდება ამის გაკონტროლება და ეს ყველაფერი კორუფციის ბუდედ არ იქცევა. მირჩევნია ძვირი გახდეს სალონის მომსახურება, თუ ამით ჩემი ჯანმრთელობა დაცული იქნება, ამაზე ძვირფასი არაფერია“, – განაცხადა „ფორტუნასთან“ ნინო გოგოლაძემ, რომელიც სალონის ხშირი მომხმარებელია და თავად მუშაობდა ერთ–ერთ წამყვან სალონში.

მომხმარებელთა ის ნაწილი, რომელიც მაღალი კლასის სალონებში დადის მომსახურებით ისედაც კმაყოფილია, თუმცა თავს ბოლომდე დაცულად მაინც არ გრძნობს.

„მაღალი სტანდარტების სილამაზის სალონში დავდივარ. სალონები იქცა ბიზნესად, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზეა გახსნილი და არავინ აკონტროლებს. კონტროლის მექნიზმების გამკაცრება კარგი იქნება. ფასებზე შეიძლება აისახოს, მაგრამ კონკურენციასაც გაზრდის. თუ ეს რეალურად დარეგულირდება, მე თანახმა ვარ გამიძვირდეს მომსახურება. მე ამას არ ვუყურებ როგორც ბიზნესს და მის შეზღუდვას, ეს პირდაპირ ჩემს ჯანმრთელობაზე აისახება. მართალია, შესაძლოა, მანიკურის გაკეთება სახლში უფრო ხშირად მომიწიოს, როცა ფასები გაძვირდება, მაგრამ სალონში გაკეთებისას დაძაბული აღარ ვიქნები“, – განაცხადა ჩვენთან მაია მამულაშვილმა, რომელიც პროფესიიდან გამომდინარე სალონების ყოველდღიური სტუმარია.

მომხმარებელთა ნაწილს კი კითხვები და ეჭვები აქვს. ამხელა რეგულაციებზე გადასვლა მათთვის წარმოუდგენელია. ისინი თვლიან, რომ ზოგადად ქვეყანა არ არის ასეთი რეგულაციებისთვის მზად.

„ჩვენთან ყველაფერი ასეა, ჯერ საერთოდ არანაირი რეგულაცია, შემდეგ კი ყველაფერი ერთად, ისიც კი რაც არც ისე საჭიროა. რომელ ნაგვის დახარისხებაზეა საუბარი, როცა ქვეყანაში სეპარაცია საერთოდ არ ხდება. არ ვართ ასეთი დონის ქვეყანა. ძალიან კარგია მკაცრი რეგულაციები ისეთ საკითხებში, რომლებიც პირდაპირ ჩვენ ჯანმრთელობას ეხება, მაგრამ მოთხოვნების ნაწილი ცოტა გადამეტებულია და ეჭვს აჩენს, რომ მხოლოდ ჩვენი ჯანმრთელობისთვის არ კეთდება ეს ყველაფერი“, – განაცხადა ჩვენთან სალონის კიდევ ერთმა მომხმარებელმა ნინო კვინტრაძემ.

 

 

გარანტირებული უსაფრთხოება?

ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი ნათია ნოღაიდელი ამბობს, რომ თუ სალონები სრულად დაიცავენ მოთხოვნებს, მოხმარებლების გადამდები დაავადებებით დასნეულების შანსი თითქმის, 0–მდე იქნება დაყვანილი.

თუმცა, ნათია ნოღაიდელი აღნიშნავს, რომ 100%–იან გარანტიას ვერავინ ვერავის მისცემს.

“რაც არ უნდა კარგად იცავდნენ წესებს, 100%–იანი უსაფრთხოება ვერ მიიღწევა, თუმცა თუ მონიტორინგი რეგულარულად ჩატარდება და სალონებიც დაიცავენ პროცედურებს, მნიშვნელოვნად შემცირდება რისკი”, – განაცხადა ნოღაიდელმა.

კითხვაზე – როგორ მოახერხებენ სალონებში ამ რეგულაციების დაცვის კონტროლს ნათია ნოღაიდელი ამბობს, რომ სპეციალური სამსახურები რუტინულ შემოწმებებს განახორციელებენ სალონებში.

სალონების გაკონტროლება მუნიციპალური სამსახურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს ევალება.

“ამ სამსახურში არიან ეპიდემიოლოგები დასაქმებულები. მათ უნდა გააკეთონ რუტინული კონტროლი აღნიშნული პროცედურების. დაწესებულებების შემოწმებისას, თუ მათ დაინახეს, რომ ტექნიკური რეგლამენტით გაწერილი ნორმები დარღვეულია, მათ შეუძლიათ შესაბამისი კონტროლის ღონისძიებები განახორციელონ და ადმინისტრაციული ბერკეტები გამოიყენონ”, – აღნიშნა მან.

 

ინფორმაციის ნაკლებობა

ფაქტია, რომ სალონების მეპატრონეებს არ აქვთ სათანადოდ მიწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ნორმები უნდა დაიცვან და როგორ უნდა გადაურჩნენ ჯარიმებს.

რეგულაციების ხილვა, მათ მითითებულ ბმულზე შუძლიათ.

ჯარიმებიდან გადარჩენის შემდეგ, მათ თავის გადარჩენაზე უნდა იფიქრონ და იმაზე, როგორ გაუწიონ კონკურენცია დიდ ბიზნესად ქცეულ პრესტიჟულ სალონებს იგივე ფასებით და ნაკლებად მიმზიდველი გარემოთი.

ფაქტია, რომ რეფორმებს ბევრის კერძო ბიზნესი შეეწირება. თუმცა, რამდენად შეიძლება განვიხილოთ მომხარებელთა დაცვაზე ორიენტირებული რეგულაციები მცირე ბიზნესის შევიწროებად, უკვე სადავო თემაა.

ასევე, რთულია იმის განსაზღვრა, რამდენად შეძლებენ შესაბამისი ორგანოები სალონებში ყველა ამ პროცედურის გაკონტროლებას.

ყველა შემთხვევაში ფასების ზრდა გარდაუვალია და შესაბამისად, ჩვენც რიგით მომხმარებლებს, სალონში ვიზიტის რაოდენობის შემცირება მოგვიწევს… ან ამისთვის მეტი ხარჯის გაღება.

თამთა უთურგაშვილი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები