LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, მარტიდან ღია განხილვები დაიწყება

75

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით საპენსიო რეფორმაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და ამასთან დაკავშირებით ღია განხილვები მარტში დაიწყება.

გახარიას განცხადებით, კანონპროექტის იმპლემენტაციის ზუსტი დრო ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ეს 2018 წელს მოხდება.

,,საპენსიო რეფორმის მიმართულებით ვაპირებთ, რომ უახლოეს პერიოდში, რაც მთავარია დასრულდეს კანონის დრაფტინგი, რომელშიც ჩართულია მსოფლიო ბანკი ADB და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები. მარტიდან ჩვენ ვიწყებთ ღია განხილვებს, პირველ რიგში ბიზნესწრეებთან და ბიზნესასოციაციებთან და შემოდგომაზე კანონს შევიტანთ პარლამენტში. მისი იმპლემენტაციის პერიოდზე დღეს მსჯელობა მიმდინარეობს, როგორც მთავრობაში, ისე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება 2018 წელი, შუა თუ წლის ბოლო ჯერ არ ვიცით, ვნახოთ,”–განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, შეიქმნა საპენსიო რეფორმის სამსახური, რომელმაც შეიმუშავა საპენსიო რეფორმის სტრატეგია რაც ითვალისწინებს სოციალური პენსიის ზრდის მექანიზმის შემუშავებას (ინდექსაციას) და დამატებითი საპენსიო სისტემის კომპონენტის – კერძო დაგროვებითი საპენსიო მოდელის დანერგვას. რეფორმის ძირითადი ამოცანებია სოციალური პენსიის მსყიდველუნარიანობის შენარჩუნება და გაუმჯობესება; საპენსიო შემოსავლის თანაფარდობის ზრდა ხელფასთან მიმართებაში; და სოციალური საპენსიო მოდელის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა.

წინა წელს, ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ  რეფორმა 2017 წლიდან შევიდოდა ძალაში.

საპენსიო რეფორმის კონცეფციის თანახმად, საპენსიო ფონდში დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო ორ-ორ პროცენტიან შენატანებს გააკეთებენ. კონცეფცია ნებაყოფლობით პრინციპზეა აგებული – სისტემაში მხოლოდ მსურველები გაწევრიანდებიან და საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ დამატებით ფინანსურ შემოსავალს მიიღებენ. არ გაუქმდება და ისევ იარსებებს დღეს არსებული სოციალური პენსიის მოდელი, რომელიც ყველა პენსიონერზე გავრცელდება.

რეფორმის შემდეგ დასაქმებული, რომელიც მიიღებს მონაწილეობას და შენატანის სახით განახორიელებს 2%-იან კონტრიბუციას საპენსიო ფონდში, დამსაქმებლიც და სახელმწიფოც დამატებით განახორციელებენ ორ-ორ პროცენტიან შენატანს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ყოველთვიური გადარიცხული თანახა საპენსიო ფონდში შეადგენს 6%-ს. შემდეგ მოხდება ამ თანხის ინვესტირება სხვადასხვა აქტივებში და მოგების სახით დაემატება პენსიონერს.

სისტემაში ჩართულ მოქალაქეს, სურვილის შემთხვევაში 2%-ზე მეტი შენატანის შესაძლებლობაც ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები