LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ინტერნეტსივრცის თავისუფლების ხარისხით ევროპის წამყვან ქვეყნებს უტოლდება

51

Freedom House-ის მიერ 2017 წლის შეფასებით, საქართველოში ინტერნეტსივრცის თავისუფლების მიხედვით, საქართველოს პოზიცია საუკეთესოა კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. 100 ქულიანი შეფასების სისტემის მიხედვით, სადაც 100 ქულა სრულიად არათავისუფალს, ხოლო 0 ქულა სრულიად თავისუფალს ნიშნავს საქართველოს 24 ქულა მიენიჭა. ცნობისთვის, ორგანიზაციის შეფასების სისტემით, 0 ქულა საუკეთესო, 100 კი ყველაზე ცუდი შედეგია.

ანგარიშში საქართველო ინტერნეტსივრცის თავისუფლების მიხედვით „თავისუფალი ინტერნეტსივრცის“ მქონე ქვეყნის სტატუს ფლობს. ამასთან, სარეიტინგო ქულის მიხედვით საქართველო უსწრებს ფართო რეგიონის ყველა ქვეყანას, მათ შორის აზერბაიჯანს (58 ქულა), სომხეთს (32 ქულა), რუსეთს (66 ქულა), თურქეთს (66 ქულა), უკრაინა (45 ქულა), ბელორუსი (64 ქულა) და სხვა.

ინტერნეტსივრცის თავისუფლების შეფასებით საქართველო ასევე უსწრებს ისეთ განვითარებულ ქვეყნებს როგორიცაა; საფრანგეთი, იტალია, სინგაპური, უნგრეთი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს შეფასება ინტერნეტის თავისუფლების ხარისხის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბოლო წლების განმავლობაში კერძოდ, 2009 წელს შეფასების ქულა 43-ს, 2012 წელს 30-ს ხოლო 2017 წელს 24-ს შეადგენს და მიმდინარე წლის ამ მაჩვენებლით საქართველო უთანაბრდება (იმავე ქულა ან უმნიშვნელოდ მაღალი ქულა აქვს) ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა; ავსტრალია (21 ქულა), გერმანია (20 ქულა), გაერთიანებული სამეფო (24 ქულა), იაპონია (23 ქულა) და სხვა.

Freedom House-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ინტერნეტსივრცის თავისუფლების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინტერნეტსივრცეზე წვდომის გაზრდილმა მაჩვენებელმა, მათ შორის, მობილური ინტერნეტის საშუალებით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული განაპირობა მაღალი სიჩქარის მქონე მობილური LTE ინტერნეტის განვითარებამ, რომლის შესაბამისი სრული ინფრასტრუქტურის ფორმირება საქართველოში 2014-2015 წლებში განხორციელდა. ასევე მნიშვნელოვანია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმწოდებელი კომპანიის რეგისტრაციისა და ავტორიზაციის შედარებით მარტივი მექანიზმი, რომელიც ქვეყანაში ფუნქციონირებს.

ანგარიშში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ მიმდინარეობს ინტერნეტსივრცის ცენზურა და ინტერნეტის შემცველობა ხდება უფრო დივერსიფიცირებული, ხოლო სოციალური მედიის გამოყენება როგორც კერძო ასევე საჯარო სექტორის მხრიდან დღითიდღე იზრდება. აქვე აღნიშნულია ერთიან ელექტრონულ პლატფორმაზე სახელმწიფო სერვისების ინტეგრაციის პროცესი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია ბიზნეს სახლის პროექტი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ერთი ფანჯრის პრინციპით როგორც ფიზიკურ ასევე ელექტრონულ სივრცეში 600-ზე მეტი სახელმწიფო სერვისის მიწოდებას კერძო სექტორისათვის, რაც ასევე არსებითად გააუმჯობესებს საქართველოს შეფასებას შესაბამის კომპონენტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები