LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს აისიტი კლასტერი“ ოფიციალურად დარეგისტრირდა

133

„საქართველოს აისიტი კლასტერი“ ოფიციალურად დარეგისტრირდა. კლასტერი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე 11 კომპანიას აერთიანებს. ის ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ბიზნეს კლასტერების განვითარების ინიციატივის ფარგლებში ჩამოყალიბდა. აღნიშნულ პროექტს GIZ (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ახორციელებს. კლასტერი დარეგისტრირდა, როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მხარს უჭერს კლასტერის განვითარებას. გარდა იმისა, რომ სააგენტოში არსებობს ცალკე პორტფელი საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ამ სექტორში მოქმედ კომპანიებთან თანამშრომლობა „უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის პლატფორმის“ ფარგლებშიც მიმდინარეობს.

სააგენტო კლასტერის ერთ-ერთი მთავარი სამთავრობო პარტნიორია. მისმა ორმა წარმომადგენელმა კლასტერის წევრებთან ერთად ივნისში მონაწილეობა მიიღო ესტონეთსა და ლატვიაში განხორციელებულ საინფორმაციო ვიზიტში, რომელიც ასევე ევროკავშირისა და GIZ-ის პროექტის მიერ იქნა ორგანიზებული.

„საქართველოს აისიტი კლასტერი“ სექტორში მომუშავე კომპანიებს შორის თანამშრომლობის პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესკავშირების დამყარებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით. კლასტერის მიზანია გააერთიანოს სფეროში მოღვაწე კომპანიები, პროფესიონალები, საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავება.

„საქართველოს აისიტი კლასტერის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია სექტორში თანამშრომლობის სტიმულირების თვალსაზრისით. კლასტერი ხელს უწყობს ინდუსტრიის განვითარებას, განსაკუთრებით, მიმდინარე გამოწვევების ფონზე, და ასევე, ქართული ICT სერვისებისა და პროდუქტების ექსპორტს. ეს კი დადებით ეფექტს იქონიებს ეკონომიკაზე და ინოვაციური სტარტაპების შექმნაზე,“ – განაცხადა დავით კიზირიამ, კლასტერის წევრმა და კომპანია „Innovative Systems Management“-ის დამფუძნებელმა.

„საქართველოს აისიტი კლასტერის დაფუძნება დააჩქარებს ქართული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ინტერნაციონალიზაციას. აღნიშნული დაეხმარება ამ სექტორის მცირე და საშუალო საწარმოებს დაძლიონ გამოწვევები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, კვალიფიციური სამუშაო ძალის განვითარება, გაყიდვები და  საერთაშორისო ბაზრებზე შეღწევა,“ – განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი დარჩიამ.

ევროკავშირისა და GIZ-ის პროექტის ფარგლებში კლასტერი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფთან, რომელსაც კლასტერული განვითარების მიმართულებით დიდი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. „ჩვენთვის უაღრესად სასიამოვნოა საქართველოში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კლასტერის ჩამოყალიბების მხარდაჭერა. მე ვხედავ, რომ კომპანიებს გააჩნიათ თანამშრომლობისა და სექტორში არსებული გამოწვევების ერთად დაძლევის სურვილი. მჯერა, რომ კლასტერის შექმნის გზით მათ აქვთ სერიოზული პოტენციალი გახდნენ ICT კომპანიების ყველაზე ინოვაციური ჰაბი რეგიონში,“ – აღნიშნავს დორის პოლდი, ესტონეთის კლასტერის მენეჯერი, რომელიც ქართულ კლასტერს კონსულტაციას უწევს.

ცნობისთვის, ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. პროექტი „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. ევროკავშირის ამ ინიციატივის მიზანია, დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, კერძოდ, ის ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას,  მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას.

„ევროკავშირი ბიზნესისთვის“ პროგრამის  შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.eu4business.eu.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები