LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისთვის ერთიანი დოკუმენტი მუშავდება

82

საქართველოს უსაფრთხო და თანამედროვე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისთვის, ერთიანი, სტრატეგიული დოკუმენტი ექნება.

დოკუმენტზე მუშაობა ფონდმა ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დაიწყო.

როგორც „ფორტუნას“ ფონდის დირექტორმა ირაკლი იზორიამ განუცხადა, ფონდი ჰოლანდიურ კომპანია Move Mobility-სთან გამოავლენს იმ უწყებებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საკანონმდებლო ბაზის შესწავლით და კონკრეტული რეკომენდაციების მომზადებით, რათა საქართველოს ქალაქებში გაუმჯობესდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების დონე. პროექტში ჩართულები არიან ასევე, გერმანელი ექსპერტები.

 

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების ეროვნული სტრატეგია უნდა დაიწეროს. აღნიშნული გეგმა ქალაქის მუნიციპალიტეტებს უნდა გადაეცეს. მომავალში მათ სწორედ ამ დოკუმენტით უნდა ისარგებლონ და გაითვალისწინონ, როგორი ტრანსპორტი უნდა შეიძინონ მომავალში, იმისთვის რომ გარემოსა და საზოგადოების ჯანმრთელობას ნაკლები ზიანი მიადგეს“, – განაცხადა ირაკლი იზორიამ „ფორტუნასთან“.

პოექტი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება და ყველა რეგიონისთვის იქნება გათვალისწინებული. ირაკლი იზორიას თქმით, სამიზნე ქალაქებად ფონდმა 4 ქალაქი აიღო: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და გორი. თუმცა, გეგმა ყველა ქალაქზე იქნება მორგებული.

„გვინდა რომ დოკუმენტი მთავრობის დონეზე დავამტკიცოთ და სარეგულაციო კანონმდებლობები მუნიციპალიტეტებს გადავცეთ“, – განაცხადა მან.

ამჟამად მიმდინარეობს კვლევა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დონის და რა სახის ტრანსპორტი მოძრაობს მუნიციპალიტეტებში, როგორია მათი ასაკი და მდგომარეობა და ა.შ.

გარდა ამისა, ფონდი პარკირების სისტემებზეც შეიმუშავებს გარკვეულ კვლევებს.

„სარეკომენდაციო პაკეტში გვექნება პარკირების სისტემაზეც კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განსაზღვროს მუნიციპალიტეტმა თავის სამოქმედო ტერიტორიაზე პარკირების სისტემა. იქნება საერთაშორისო დონის წარმატებული პრაქტიკის სხვადასხვა მაგალითები მოყვანილი. შემდეგ მუნიციპალიტეტი თავად გადაწყვეტს, რომელ მაგალითს გამოიყენებს”, – განაცხადა ირაკლი იზორიამ “ფორტუნასთან”.

პროექტი ახალი დაწყებულია, თუმცა თბილისის მერიასთან და მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია. კვლევის ხარჯებს მთლიანად გაეროს განვითარების პროგრამა აფინანსებს.

პროექტზე მუშაობა, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, უკვე 1 თვეა მიმდინარეობს.

 

თამთა უთურგაშვილი

პოპულალურები