LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში მიემგზავრება

39

ბათუმში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი მიემგზავრება, ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს, ის ადგილზე გაეცნობა სიტუაციას და სავარაუდოდ, კომენტარსაც გააკეთებს ჟურნალისტებისთვის.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ამჟამად სტამბოლში იმყოფება. ის აცხადებს, რომ შს მინისტრისგან მიიღო პირობა, რომ დაკავებული ექვსივე პირს ერთ საათში გაათავისუფლებენ.

„მე ვესაუბრე შს მინისტრს და ვთხოვე მას, დაუყოვნებლივ მოხდეს დაკავებულების გათავისუფლება. მე მივიღე პირობა, რომ მაქსიმალურად მალე, ერთ საათში მოხდება მათი გათავისუფლება.

ჩვენ დილიდან ჩავატარებთ საგანგებო შეხვედრებს და ყველაფერს გავაკეთებთ რეგიონისთვის.

მე ვარ ამის გარანტი და ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ“ – განაცხადა პატარაძემ.

მისივე თქმით, რამდენიმე ადამიანი არის დაშავებული როგორც მოსახლეობის, ასევე სამართალდამცველების მხრიდან.

ბათუმში მიმდინარე აქციის მონაწილეები დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები თანამდებობიდან აჭარის საპატრულო პოლიციის ახალი უფროსის კახა ბუხრაძის გადაყენებასაც მოითხოვენ. მათი განცხადებით, სწორედ ბუხრაძის დანიშვნის შემდეგ ქალაქში მძღოლების მიზანმიმართული დაჯარიმება დაიწყო. კახა ბუხრაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად მიმდინარე წლის იანვარში დაინიშნა.

თავდაპირველად, „ბათუმი პლაზასთან“ ადგილობრივებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დააკავეს. საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ საპატრულო პოლიციამ ერთ-ერთი მოქალაქე მოძრაობის შეფერხების გამო დააჯარიმა, რის შემდეგაც აღნიშნულმა მძღოლმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, მას გამოესარჩლა მეორე მოქალაქე და ორივე მათგანი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აღნიშნულ ფაქტს ბათუმში ხალხმრავალი აქცია მოჰყვა, რომელიც რამდენიმე საათია, მიმდინარეობს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს უსაფუძვლოდ აჯარიმებს. მოქალაქეების თქმით,ბოლო პერიოდში, სამართალდამცავები ზედმეტად აგრესიულად იქცევიან, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ, ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელობა შეიცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები