LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შს მინისტრი: გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი ძალიან ცოტამ გამოთქვა

82

შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

ბრიფინგზე მინისტრმა გიორგი გახარიამ მწუხარება გამოთქვა გარდაცვლილი ახალგაზრდების გამო და მათ მშობლებს მიუსამძიმრა.

გახარიამ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაზე, ყველას ერთობლივი პოზიცია აქვს: გამოძიება სწრაფად, სამართლიანად და ობიექტურად უნდა წარიმართოს.

“მიუხედავად, იმისა რომ სამართალდამცველებმა დაახლოებით, 150 პირი დაკითხეს (არასრულწლოვნები, მათი მშობლები და კანონიერი მეურვეები) გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი ძალიან ცოტამ გამოთქვა. ეს არის სერიოზული პრობლემა, როგორც ჩანს საზოგადოების ნაწილში, დანაშაულის აღქმა, ჯერ კიდევ არ არის სწორი. ჩვენ ამ მიმართულებით უნდა გადავდგათ ძალიან სერიოზული ნაბიჯი. არასრულწლოვნებში დანაშაულის აღქმის სწორი პოზიციები უნდა არსებობდეს. სხვანარიად ჩვენ არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციას ვერ შევძლებთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა ადამიანი, რომელიც დანაშაულში იღებდა მონაწილეობას, უმკაცრესად დაისჯება. მანვე განმარტა, რომ გამოძიებაში მონაწილე ყველა პირის სტატუსი და შეფასებები შესაძლოა შეიცვალოს.

შეგახსენებთ, რომ სკოლის მოსწავლეებს შორის, დაპირისპირების შედეგად, ორი მოზარდი გარდაიცვალა. შსს-მ საქმეზე ერთი პირი დააკავა, ერთი კი დაუსწრებლად პასუხისგებაში მისცა.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები