LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 6 პირი დააკავა

77

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 6 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ორგანიზებული დანაშაულის და „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას.

მისი ინფორმაიცით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასავლეთის რეგიონული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ზესტაფონში, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, კრიმინალური ავტორიტეტები, ქურდული სამყაროს აქტიური წევრები: 1984 წელს დაბადებული თ.კ., 1967 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ბ. (მეტსახელად „ბახა-ბახა“) და 1968 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ა.ბ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც ჭელიძემ განაცხადა, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. „ქურდულ სამყაროს“.

ასევე, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულია წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი 2 პირი.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები – 1980 წელს დაბადებული ბ.ბ. და 1981 წელს დაბადებული, ჯ.ო. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ბ.ბ. და ჯ.ო., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, მობილური ტელეფონები ამოიღო, რომლებშიც ბრალდებულების „ქურდული სამყაროს“ წევრებთან კავშირის დამადასტურებელი ინფორმაცია ინახება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ.ბ.-მ და ჯ.ო.-მ, უცხოეთში მყოფ „კანონიერ ქურდთან“ – ნადირ სალიფოვთან (მეტსახელად „გული“) შეთანხმებით, მოქალაქეს „ქურდული გარჩევა“ მოუწყეს და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.

დაკავებული სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით 2007 წლიდან იძებნებოდა, რაც „ქურდული სამყაროს“ წევრობას გულისხმობს და 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები