LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს – უწყების ჟურნალისტს პავლიაშვილის ფსიქოტროპულ დამოკიდებულებაზე შეკითხვა არ დაუსვამს

77

შინაგან საქმეთა სამინისტროში კატეგორიულად უარყოფენ ნუცუბიძის პლატოზე მომხდარი შემთხვევის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მიერ გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნავენ, რომ სამინისტროს ჟურნალისტს ნოდარ შანიძისთვის არ უკითხავს გარდაცვლილის ფსიქოტროპულ ან ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით.

თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ნოდარ შანიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაკავებისას გარდაცვლილი მამაკაცის ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე დამოკიდებულების ვერსია მომხდარის ღამეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟურნალისტისგან გაიგო.

შანიძემ ასევე განაცხადა, რომ მას კითხვებს უსვამდნენ და პასუხებისას კამერას რთავდნენ და იწერდნენ. ძალოვან უწყებაში ამ საკითხზეც გაკეთდა განმარტება და აღნიშნეს, რომ შანიძესთან ინტერვიუ უწყვეტ რეჟიმშია ჩაწერილი და საჭიროების შემთხვევაში, ისინი მზად არიან მასალას ექსპერტიზაც ჩაუტარდეს.

 

“ინტერვიუ აღნიშნულ მოქალაქესთან, რომელიც მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენდა, ჩაწერილია უწყვეტ რეჟიმში. ვიდეოკამერა არ გამორთულა ინტერვიუს დასაწყისიდან ბოლო სიტყვამდე, მათ შორის, იმ მონაკვეთშიც, როდესაც რესპონდენტი, ინტერვიუს მსვლელობისას, შუალედში, სატელეფონო ზარს პასუხობს. ასე, რომ ჟურნალისტს არ დაუსვამს კითხვა გარდაცვლილი პირის ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ალკოჰოლური დამოკიდებულების შესახებ, რესპონდენტი თავად იწყებს ამ თემაზე საუბარს, პირველად სწორედ იგი ახსენებს სიტყვა „ფსიქოტროპულს“ და აცხადებს, რომ გარდაცვლილი პირი ალკოჰოლდამოკიდებული იყო და ამასთან, ფსიქოტროპულ მედიკამენტებსაც მოიხმარდა. აღნიშნული ვიდეომასალა სრულად, დაუმონტაჟებელი სახით ინახება შსს-ს არქივში. შსს-ს პრესსამსახური მზადაა, ვიდეოჩანაწერს ჩაუტარდეს შესაბამისი ექსპერტიზა, მისი უწყვეტობის და ავთენტურობის დადგენის მიზნით”,- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

 

25 ოქტომბერს, ნუცუბიძეზე 33 წლის კაცი პაატა პავლიაშვილი იმ დროს გარდაიცვალა, როცა მას სამართალდამცველები ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ. საქმეზე გამოძიება დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები