LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთის სამეფოში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა

81

სტოკჰოლმში, ღვინის ეროვნული სააგენტოს, შვედეთი-საქართველოს სავაჭრო პალატის, შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოსა და ქართული ღვინის კომპანიების მხარდაჭერით, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა.

ღონისძიება ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას, შვედეთის ღვინის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციას,  ასევე, ადგილობრივ მომხმარებელში და პროფესიონალებში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას ემსახურებოდა.

ღონისძიებას შვედეთის სასტუმროებისა და რესტორნების მფლობელები, ღვინის იმპორტორები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც “ფორტუნას” ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ქართულმა ღვინომ სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა, რის გამოც, მათმა ნაწილმა გადაწყვიტა გაზაფხულზე პირადად ეწვიოს საქართველოს და ადგილზე გაეცნოს ქართული ღვინის კულტურასა და ღვინის კომპანიების საქმიანობას.

შვედეთის სამეფოს დედაქალქში გამართული დეგუსტაცია საფუძველს უდებს სკანდინავიის ქვეყნებში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ყველა იმ სამომავლო აქტივობას, რომელიც ქართული ღვინის კომპანიებმა შვედეთი-საქართველოს სავაჭრო პალატის ხელშეწყობითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით დაგეგმეს.

სტოკჰოლმში, საქართველოს საელჩოში გამართულ დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ათი ქართული ღვინის კომპანიის („ბაგრატიონი 1882“, „ასკანელი ძმები“, „მარანული“, „თელედა“,„გიუაანი“, „ქინძმარაულის მარანი“, „ბატონო“, „ბი ჯი ვაინი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“,„იკანო“) პრემიუმ ღვინოები.

2016 წელს, კერძო სექტორის ინიციატივითა და შვედეთი-საქართველოს სავაჭრო პალატისმხარდაჭერით შეიქმნა საქართველო-შვედეთის წარმომადგენლობა „ქართული ღვინოსკანდინავიის ქვეყნებისათვის“ – GeoWine for Nordic,  რომლის მიზანია ქართული ღვინისკომპანიების გაერთიანება ქართული ღვინის დასამკვიდრებლად სკანდინავიის ქვეყნების ბაზრებზე  – შვედეთი, ნორვეგია და ფინეთი – სადაც ყოველწლიური ღვინის საშუალო მოხმარება ჯამში 330მლნ. ლიტრს შეადგენს.