LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ღვინის მწარმოებლები Foodex Japan 2024-ში მონაწილეობენ

126
ტოკიო

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია  იაპონიაში, ქალაქში ტოკიოში მიმდინარე კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს.

Foodex Japan 2024 ღვინის მწარმოებლებს ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების საშუალებას მისცემს და ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ზრდას, ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრებას და პოპულარიზაციას.

ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, გამოფენის ფარგლებში, სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების მიზნით იაპონურ მარკეტინგულ და საკონსულტაციო კომპანიებთან შეხვედრებს გამართავენ.

გამოფენაში Foodex Japan, რომელიც იაპონიაში 1976 წლიდან ტარდება და აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ ღონისძიებად ითვლება, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები 2015 წლიდან მონაწილეობენ.

იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინო პირველად მასშტაბურად 2014 წელს წარადგინეს. მას შემდეგ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მუდმივად მონაწილეობენ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებში Foodex Japan და Wine and Gourmet Japan, ტარდება ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში, იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოს ყველა რეგიონში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული მარკეტინგული აქტივობების შედეგად იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტის დინამიკა მზარდია. 2024 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოდან იაპონიაში 28 ათასი ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 549%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები