LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაღლითი ტუროპერატორები – როგორ მივხვდეთ, ვის ვენდოთ

228

წყლით დაფარული ტერიტორია, სადაც გადაადგილება ნავითაა შესაძლებელი – თუშთში ასასვლელ ერთადერთი გზაზე სპონტანურად შექმნილი ტბის დაშრობა და გზის გახსნა  მხოლოდ კლდის აფეთქებითაა შესაძლებელი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით თუშეთში ასასვლელი  გზა მინიმუმ თვის ბოლომდე  ვერ გაიხსნება. უცნაური ამაში არაფერია, რომ არა ეს განცხადება…

„ტური თუშეთში 16-17-18 ივნისი“  – ტურ–ოპერატორები რამდენიმედღიან ტურებს მსურველებს თამამად სთავაზობენ და უგზოობის მიუხედავად, მოსანახულებელი ლოკაციები დეტალურად არის გაწერილი. ერთ- ერთ ტუროპერატორს “ ფორტუნა“ დაუკავშირდა და ტურის ორგანიზატორ  ბაკურთან  (საკონტაქტო ინფორმაციაში გვარი არ არის მითითებული) თუშეთში  წასვლის სურვილი გამოვთქვით.

ჟურნალისტი: გამარჯობა, თუშთში მინდა 16-18 ივნისის ტურზე წამოსვლა და რა ტრანსპორტით ემსახურებით ტურისტებს?

ბაკური: მაღალი გამავლობის ჯიპებით

ჟურნალისტი: ინტერნეტში ვნახე, რომ თუშეთში გზა არ არის , როგორ უნდა ავიდეთ?

ბაკური: გზების დეპარტამენტში თქვეს 8 -ში გაიხსნებაო, მერე მეც ვნახე ინტერნეტში არ გაიხსნებაო და აბა რა გითხრა, 50/ 50-ზეა  მაგ ტურის ამბავი, შეიძლება გადაიდოს, მოიხსნას…

ჟურნალისტი: მაშინ რატომ გიდევთ ტური საიტზე თარიღის მითითებით?

ბაკური:  ჩაწერილია მაგ ტურზე უკვე ხალხი და აბა რა ვქნა და შენ მაინც შეიკავე ჯერ თავი.

ჟურნალისტი: კარგი მადლობა…

შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, რომ თუშეთში მიმავალალ გზაზე შექმნილი პრობლემები ერთად-ერთი  ერთჯერადი შეფერხებაა და სხვა ტურებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ტუროპერატორებიც ისე ასრულებენ თავის მოვალეობებს, როგორც  სარეკლამო განცხადებებში აქვთ მითითებული, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. ხშირად ექსკურსიები და ტურები სრულიად გაუგებარი  მიზეზების გამოც კი იშლება ან ტურით უკმაყოფილონი რჩებიან.

ბუნებაში დაკარგულები

ბუნების ან ისტორიული ღირსშესანიშნაობის მოსანახულებლად წასული ამავე ბუნებაში დაკარგული შეიძლება აღმოჩნდეთ, საინტერესოდ გატარებული შაბათ -კვირის ნაცვლად კი  არასასიმოვნო ისტორია შეგრჩეთ. ზუსტად ასე დაემართა ჩვენს რესპოდენტს, თეონა გაგუას.

„მეგობრებმა ერთადერთი თავისუფალი დღის ბატეთის ტბაზე გატარება გადავწყვიტეთ,  „ფეისბუქზე“  სპონტანურად ტურისტული ჯგუფი ვიპოვეთ , მოგვეწონა ტურიც,  ფასიც და დავუკავშირდით. მარშრუტით ბატეთის ტბის ირგვივ რამდენიმე ეკლესია -მონასტრის მონახულებაც იყო დაგეგმილი, ტუროპერატორის ავტობუსმა დილით მოსვლა იმდენად დააგვიანა , რეალურად მხოლოდ ბატეთის ტბაზე „დავასტუკეთ“  და უკან დავბრუნდით,  ნერვებმოშლილები და განწყობაგაფუჭებულები.    გზაზე ორგანიზატორები ტურისტულ მარშუტზე საუბრის ნაცვლად მთელი გზა ალკოჰოლური სასმელის დროულად შეძენაზე ფიქრობდნენ და  პროტესტის მიუხედავად, ავტობუსში სიგარეტს ეწეოდნენ,  დათვრნენ ტბაზე ჩასვლამდე და აღარც ტური აინტერესებდათ და აღარც ჩვენ,“ – იხსენებს  თეონა.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ტური ასეთია და არც ტურ-ოპერატორები ასრულებენ თავის მოვალეობებს. ცხადია, ბევრი ისეთი, რომელიც სახელსაც ამართლებს და მომხმარებლები ტურითაც კმაყოფილნი რჩებიან. მაგრამ ფაქტია, რომ ტურ-ოპერატორებთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს და მომხმარებლებიც იმდეგაცრუებულნი რჩებიან.  იმის გამო, რომ ტურებზე მოთხოვნა ზაფხულში უფრო იმატებს და ეს სრულიად ბუნებრივია, პრობლემებიც უფრო ხშირი და ხშირად ფატალურია.

ტურიზმის  რეგულირების პრობლემები

ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად შიდა ტურებზე მოთხოვნაც იზრდება, ტურ ოპერატორების სერვისით არამარტო ადგილობრივი, არამედ  უცხოელი ტურისტებიც სარგებლობენ, რომლებიც თაღლითი ტუროპერატორებისთვის განსაკუთრებით კარგ საკბილოს წარმოადგენენ  და დღემდე ეს პრობლემად რჩება, რადგან არ ხდება ტურ-ოპერატორების კონტროლი.

ტურისტული ჯგუფის შექმნა და სოციალურ ქსელში ტურის შესახებ ინფორმაციის განთავსება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ტურის მარშუტს, უსაფრთხოებას ან გადამყვანთა კომპეტენციას კანონი არ არეგულირებს.

მოლაშქრეთა ფედერაციის ვიცე პრეზიდენტის, ანრი რობაქიძის, განცხადებით, ტუროპერატორების ლიცენზირების ან სერტიფიცირების საკითხი კანონმდებლობით არ რეგულირდება, არ არის გაწერილი კონკრეტული რეგულაციები და თაღლითური ტურ–ოპერატორების გამო ხშირია ტურისტების დაკარგვის შემთხვევებიც. უსიამოვნო მოგზაურობისგან   თავის ასარიდებლად,  მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის რეკომენდაციით   ლაშქრობაზე წასვლამდე:

  • მოიძიეთ რეკომენდაცია ტურ–ოპერატორზე, დაინტერესდით გიდების კომპეტენციით;
  • წინასწარ გადახედეთ მარშუტს, გაარკვიეთ სატრანპორტო საშუალება, რომლითაც მოგიწევთ გადაადგილება (ხომ არ გიწევთ ცხენით ან ფეხით სიარული);
  • წინასწარ გაარკვიეთ, კონკრეტულ თარიღებში ხომ არ არის რაიმე ტიპის შეფერხება(ძეგლი დაკეტილია სარემონტო სამუშაოების გამო, გზა დამეწყრილია და ა.შ.).

იმ შემთხვევაში თუ ტურ–ოპერატორმა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები: არ ჩაგიყვანათ დაპირებულ ადგილზე, არ გაგიწიათ მომსახურება ან მიგატოვათ გზაში, შეგიძლიათ, უჩივლოთ. მართალია, არ არსებობს რეგულაციები,  მაგრამ არსებობს კანონი თაღლითობის შესახებ და მათი დასჯა ამ მუხლით სრულიად  შესაძლებელია.

 

თამუნა გოგუაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები