LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო გაჩეჩილაძე: „ცხოვრებაში ბევრი განსაცდელი შემხვედრია, კარიერული თუ პირადი…“

279

„ევროვიზიის“ ეროვნული კონკურსის ფინალი 20 იანვარს გაიმართება. 25 მონაწილიდან, რომელთა შორის შემსრულებლები და ჯგუფები არიან, ჟიური და მაყურებელი ერთობლივად შეარჩევს ერთს, რომელიც საქართველოს „ევროვიზიაზე“ წარადგენს.

წელს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილეა, რომელთა შორის ცნობილი და ნაკლებად ცნობილი მომღერლები არიან. ერთ-ერთია მათ შორის თაკო გაჩეჩილაძე, რომელსაც „ფორტუნა“ კლიპის გადაღებაზე ეწვია და იმ მოლოდინების შესახებ მოვისმინეთ, რაც მომღერალს „ევროვიზიის“ წინ აქვს.

თაკო გაჩეჩილაძე:

ახლა ვიმყოფებით „ლეხაინდრაოს“ პავილიონში, სადაც რეჟისორ ზურა მენთეშაშვილთან ერთად ჩემი „ევროვიზიისთვის“ შექმნილ სიმღერაზე  Keep The Faith კლიპს ვიღებთ. 20 იანვრამდე ეს ვიდეო დღის სინათლეს ვერ იხილავს, ასეთია წესები. გვინდა, რაც სცენაზე მოხდება, საინტერესოდ გაფორმდეს, ანუ შოუ იყოს უფრო ლამაზი. ფილარმონიაში იქნება დიდი და ლამაზი ეკრანი და კლიპს სწორედ ამ ეკრანზე გავუშვებთ. ზურასთან პირველად არ ვმუშაობ. ის ჩემი მეგობარია. დიდი ხანია, ვიცნობთ ერთმანეთს…

აქამდეც რამდენჯერმე მიგიღია მონაწილეობა „ევროვიზიის“ შესარჩევ კონკურსში. საქართველოში ამ კონკურსს აკრიტიკებენ. შენთვის რითია საინტერესო მასში მონაწილეობა?

ეს არის გლობალური მუსიკალური კონკურსი, რომელსაც უყურებს ასობით მილიონი ადამიანი. გაქვს შანსი, მოხვდე სცენაზე, სადაც ყველაფერი მაღალ დონეზეა. ეს მომღერლისთვის უდიდესი გამოცდილებაა. ამ ყველაფერთან ერთად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლის შესაძლებლობა და კიდევ ერთი საფეხურით წინ წაწევაა.

წელს ძალიან ბევრი მონაწილეა. კონკურენცია იგრძნობა?

მე იმდენი კონკურსის მონაწილე ვყოფილვარ, რომ კონკურენციას ვერ ვგრძნობ, ჩვეული მდგომარეობაა კონკურსებში მონაწილეობა. ღვთის წყალობით, ჯერჯერობით პოზიტიურად და მეგობრულად მიდის ყველაფერი, ყველა ერთმანეთს წარმატებას ვუსურვებთ. 20-ის მერე რა მოხდება, ამას დრო გვიჩვენებს (იღიმის).

მონაწილეებს შორის შენი მეგობრებიც არიან…

მაგალითად,რატი დურგლიშვილი. ამ თემაზე რომ ვსაუბრობთ, სულ ვხუმრობთ. რატი ძალიან მიყვარს და ვიცი, როგორი კარგი მეგობარია. იცის ჩემი მიდგომა მისადმი და ვიცი მისი დამოკიდებულება ჩემ მიმართ. ყველაფერი მიდის მშვიდად და კოლეგიალურად.

გამოცდილი ხარ, მაგრამ მაინც… გამოცდილი მომღერლისთვის ალბათ, ორმაგი ღელვაა.

რა თქმა უნდა. არავისზე წინ არ ვაყენებ ჩემს თავს და არც არავის ვაკნინებ, მაგრამ ფაქტია, რომ სცენაზე დგომის 20-წლიანი გამოცდილება არც ერთ მონაწილეს არ აქვს. მე რომ შედარებით დამწყები მომღერალი ვიყო, ამხელა პასუხისმგებლობა არ მექნებოდა. ფაქტობრივად, შევაბერდი ამ საქმეს და ვგრძნობ, რომ ხალხი განსაკუთრებულად ელოდება ჩემს ნომერს. ვიღებ დიდ სიყვარულსა და თანაგრძნობას. ძალიან ბევრ კონკურსზე გავსულვარ და მიგრძნია ხალხის მხარდაჭერა, მაგალითად, „ერთი ერთში“ და დიდი მადლობა ამისთვის, მაგრამ ასეთი დიდი თანადგომა, რასაც ახლა ვგრძნობ, არასდროს მქონია. მინდა, ჩემმა გულშემატკივრებმა იამაყონ ჩემით. გამოცდილება არ ნიშნავს იმას, რომ არ ნერვიულობ. ზუსტად იმავენაირად ვღელავ, როგორც ადრე. ზოგადად, საპასუხისმგებლო პროექტია. ფილარმონიის სცენაზე შოუსთვის ვემზადები, უბრალოდ არ გავალ და არ ვიმღერებ…

სიმღერაზეც მოგვიყევი…

„შეინარჩუნე რწმენა“ – ასე ჰქვია სიმღერას, რომლის ტექსტიც და მელოდიაც თავად დავწერე. ჩემმა გულშემატკივრებმა, რომლებიც მრავალი წელია, მწერენ, მონაწილეობა მიიღე „ევროვიზიაშიო“, მიბიძგეს ამ გადაწყვეტილებისკენ. ადრეც მქონია სურვილი, მაგრამ კარგად არ მოვინდომე. წელს კი გამიჩნდა წასვლის სურვილი.

სიმღერა გლობალურ თემაზე შევქმენი. მისი მთავარი მესიჯია, ვინც უნდა იყო, რა რჯულის, კანის ფერისა თუ ორიენტაციის, ყველა ჩვენგანი ერთ კანში ცხოვრობს და როგორი მძიმე ცხოვრებაც უნდა შეგხვდეს, მოვიდეს განსაცდელი, არასდროს უნდა დანებდე და შეინარჩუნო რწმენა.

მეორე კუპლეტში ჩემს თავზეც ვმღერი. მეც მქონია ბევრი ჩავარდნა, დაცემა, მძიმე სიტუაციები, ტექსტს თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ჩემს ბიოგრაფიულ ნაწილსაც ვრთავ მასში. არავინაა დაზღვეული მძიმე ამბებისგან. ყველას მინდა ვუთხრა, რომ არასდროს დანებდნენ.

განსაცდელში რას გულისხმობ?

გინდა კარიერულს, გინდა პირადულს… ცხოვრებაში რამდენნაირი განსაცდელი შეიძლება შეხვდეს ადამიანს. მადლობა ღმერთს, ყველანაირი არ შემხვედრია, მაგრამ… შორიდან ჩანს, თითქოს კარგად ცხოვრობთ, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ჩემი ცხოვრებაც ყოფილა რთული პერიოდებით დატვირთული, მაგრამ ოპტიმიზმს მუდამ ვინარჩუნებდი. ზოგადად, ოპტიმისტი ვარ და ყველანაირი ბნელი სიტუაციისგან ვხედავ გამოსავალს, ამისთვის კი ადამიანი ძლიერი უნდა იყოს.

გარდა „ევროვიზიისა“, რაიმე თუ ხდება შენს შემოქმედებით ცხოვრებაში?

საახალწლო პერიოდი ყველა მომღერლისთვის სასიხარულოა (იღიმის), გვაქვს კონცერტები, დატვირთული რეჟიმი და გადაღებები, კიდევ კარგი, ეს მაინც გვაქვს.

ლამის ერთადერთი მომღერალი ხარ, რომელმაც მითხრა, კონცერტები მაქვსო…

პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ მომღერლების რაღაც სეგმენტი სულ დაკავებულია და მე მათ შორის ვარ, მადლობა ღმერთს (იღიმის).

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები