LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამბაქოს ნაწარმის თაროებზე განლაგება აიკრძალება?

192

თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარების და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების განლაგება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლსა და თაროებზე, შესაძლოა, აიკრძალოს. აღნიშნულის თაობაზე „თამბაქოს კონტროლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტშია წარდგენილი.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, პროექტით ზუსტდება და ფართოვდება თამბაქოს მოხმარების დემონსტირების რეგულაცია, კერძოდ, იკრძალება თამბაქოს მოწევის ან მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, სხვა ბეჭდური ან ელექტრონული საშუალებით, მასობრივი ჩვენებისა და თეატრალური წარმოდგენის მეშვეობით, თუ ეს არ არის ღია სივრცეში პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას კადრში მწეველის შემთხვევითი მოხვედრა.

„ეს აკრძალვა არ ეხება თამბაქოს მოწევის ან მოხმარების გამოსახვას, თუკი ეს გამოსახვა ეფუძნება კანონიერ შემოქმედებით გამოხატვას და არ მომხდარა თამბაქოს მწარმოებლის, იმპორტიორის, მოვაჭრის ან მათი წარმომადგენლის, მათთან პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით დაკავშირებული იურიდიული თუ ფიზიკური პირის მიერ თამბაქოს მოწევის, ან მოხმარების გამოსახვის სანაცვლოდ თანხის გამიზნული გადახდა ან სხვა წვლილის შეტანა ან მისი დაპირება“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

პროექტით იკრძალება თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარების და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების განლაგება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე ან ნებისმიერი სხვა სახით იმგვარად, რომ იგი ხილვადი იყოს ობიექტის შიგნიდან ან გარედან. ასევე ცვლილებების თანახმად, იკრძალება თამბაქოს ნაწარმის ან მისი აქსესუარების რეალიზაცია იმგვარად, რომ ობიექტიდან მისი მიწოდება ხდება უშუალოდ ტრანსპორტში მსხდომთათვის. ელექტრონული ან მექანიკური მანქანის საშუალებით თამბაქოს ნაწარმის გაყიდვის არსებულ აკრძალვას ემატება მისი განლაგება იმგვარად, რომ უშუალოდ მიუწვდებოდეს ხელი მომხმარებელს.

პროექტის მიხედვით, იკრძალება თამბაქოს ახალი სახის ნაწარმის რეალიზაცია საქართველოში. ამასთან, ისეთი სათამაშოების, ტკბილეულის ან სხვა არათამბაქოს ნაწარმის გაყიდვა ან დარიგება, რომელიც წარმოადგენს თამბაქოს ნაწარმის ან მისი მოხმარების ილუსტრაციას, სიმულაციას ან იმიტირებას.

გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, 30%-დან 65%-მდე იზრდება სამედიცინო გაფრთხილების თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე დაკავებული ფართობი. ამასთან, პროექტის მიხედვით, პიქტოგრამის შემცველი დამატებითი სამედიცინო გაფრთხილება უნდა განთავსდეს შეფუთვის წინა ზედაპირზე.
აღნიშნულ კანონპროექტს დღეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები