LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NCDC: შეხვედრა თითქოს თამბაქოს ზიანის შემცირებას ემსახურება – ეს ინდუსტრიის ხრიკია, მსგავსი ღონისძიება შეცდომაში შემყვანია

83
Untitled design (1)

“წარმოუდგენლად მიგვაჩნია მსგავსი შინაარსის შეხვედრის, დისკუსიის თუ სხვა რაიმე ღონისძიების ჩატარება იმ კომპანიის მხარდაჭერით, რომლის მთავარი ინტერესი სწორედ თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაცია და რეალიზაციაა”, – ასე ეხმიანება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი 23 მაისის შეხვედრას: “თამბაქოს ზიანის შემცირება: გამოწვევები და შესაძლებლობები 21-ე საუკუნეში”.

“ნუ გახდები სიკვდილის დისტრიბუტორი” – ექიმები და სტუდენტები აქცია-პერფორმანს მართავენ

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მკაცრი პოზიციაა, რომ აღნიშნული ღონისძიება ემსახურება გასახურებელი თამბაქოს პოპულარიზაციას იმ გზით, რომ თითქოს იგი ნაკლებად მავნებელია ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით და თითქოს ის წარმოადგენს თამბაქოს ზიანის შემცირების ერთ-ერთ საშუალებას:

“ცენტრისთვის ცნობილია, რომ თამბაქოს ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარმომადგენელთან – ფილიპ მორის საქართველოსთან თანამშრომლობით ხშირად ტარდება შეხვედრები ე.წ. თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიების თემაზე. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, რომ 23 მაისს სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში ტარდება შეხვედრა “თამბაქოს ზიანის შემცირება: გამოწვევები და შესაძლებლობები 21-ე საუკუნეში“, რომლის ორგანიზებასაც ახორციელებს ჩვენი კოლეგები, რომლებიც ახორციელებენ ჯანმრთელობის კვლევებს და, შესაბამისად, კარგად უნდა ესმოდეთ ამ ტიპის შეხვედრის მიზანი და დანიშნულება, მასში აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოების ცნობადი სახეები (ექიმები) და პოლიტიკოსები.

აღნიშნული შეხვედრა, თითქოსდა, ემსახურება თამბაქოს ზიანის შემცირებას, თუმცა წარმოუდგენლად მიგვაჩნია მსგავსი შინაარსის შეხვედრის, დისკუსიის თუ სხვა რაიმე ღონისძიების ჩატარება იმ კომპანიის მხარდაჭერით, რომლის მთავარი ინტერესი სწორედ თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაცია და რეალიზაციაა.

ცალსახაა, რომ დაგეგმილი ღონისძიება ემსახურება თამბაქოს ახალი ნაწარმების (გასახურებელი თამბაქო, ელექტრონული სიგარეტი და სხვა) პოპულარიზაციას იმ გზით, რომ თითქოს იგი ნაკლებად მავნებელია ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით და თითქოს ის წარმოადგენს თამბაქოს ზიანის შემცირების ერთ-ერთ საშუალებას. ეს მხოლოდ ინდუსტრიის ხრიკია, რათა მათმა ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქტმა არ დაკარგოს აქტუალობა ბაზარზე, რეალურად კი, ყველა მსგავსი სახის ღონისძიება შეცდომაში შემყვანია.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მკაცრი პოზიციაა, რომ აღნიშნული ღონისძიება ემსახურება გასახურებელი თამბაქოს პოპულარიზაციას იმ გზით, რომ თითქოს იგი ნაკლებად მავნებელია ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით და თითქოს ის წარმოადგენს თამბაქოს ზიანის შემცირების ერთ-ერთ საშუალებას.

შესაბამისად, ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებისგან, მონაწილეობისა და ხელშეწყობისგან!

ნუ შეუწყობთ ხელს თამბაქოს პროდუქტების პოპულარიზაციას და თამბაქოს ინდუსტრიასა და ჯანდაცვის სექტორს შორის ინტერესთა კონფლიქტის გაღრმავებას, ნუ დადგებით სიკვდილის ინდუსტრიის მხარეს.

დამატებით ვაცხადებთ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ემიჯნება და წყვეტს ყველა სახის თანამშრომლობას ყველა ორგანიზაციასა და ინდივიდთან, ვინც თანამშრომლობს თამბაქოს ინდუსტრიასთან ნებისმიერი ფორმით”, – წერია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიმართვაში.

როგორც NCDC-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად 11 400 ადამიანი იღუპება:

“თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და, ამავდროულად, თავიდან აცილებადი პრობლემაა. თამბაქოს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად დაახლოებით 8 მილიონ ადამიანს კლავს, მათ შორის 7 მილიონი მწეველია, ხოლო დაახლოებით 1.2 მილიონი პასიური მწეველი. მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის 1/3 რეგულარულად იმყოფება თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედების ქვეშ.

მწეველობა, პასიური მოწევა და მასთან დაკავშირებული მდგომარეობები საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად 11 400 ადამიანი იღუპება.

გაეროს განვითარების ფონდისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოში ჩატარებული თამბაქოს ეკონომიკური ზარალის გათვლები აჩვენებს, რომ პირდაპირი (327.3 მილიონი ლარი) და არაპირდაპირი (497.6 მილიონი ლარი) დანახარჯები 824.9 მილიონი ლარია, რაც წლიური მშპ-ს 2.43%-ს შეადგენს; თამბაქოსთან ასოცირებული ნაადრევი სიკვდილიანობის არაპირდაპირი ხარჯი კი 104.1 მილიონი ლარია.

თამბაქოს კონტროლის ოთხი (თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრა, საჯარო სივრცეში მოწევის სრულად აკრძალვა, თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება, პოპულარიზაცია და სპონსორობა, თამბაქოს პროდუქტის შეფუთვა და მარკირება) პრიორიტეტული მუხლის აღსრულების შემთხვევაში 15 წლის განმავლობაში ქვეყანა თავიდან აიცილებს 53 100 ადამიანის გარდაცვალებას, რაც თამბაქოსთან ასოცირებულ მთლიან ეკონომიკურ ხარჯებს 3.6 მილიარდი ლარით შეამცირებს; თამბაქოს კონტროლში ჩადებული ყოველი 1 ლარით უკუინვესტიციის სახით ქვეყანა მიიღებს 161 ლარს.

2017 წელს დამტკიცებული ახალი თაობის თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით საქართველო გახდა რეგიონში მოწინავე ქვეყანა თამბაქოს ეპიდემიასთან და მისი მოხმარებით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობასთან ბრძოლის კუთხით.

ძირითადი ცვლილებები შეეხო:

◾  თამბაქოს მწარმოებელთა ინტერესების გამორიცხვას და თამბაქოს მწარმოებელთა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების/პირების ურთიერთობის გამჭვირვალობას ჯანდაცვის სფეროში გადაწყვეტილების მომზადების, მიღების და დამკვიდრების პროცესში;

◾  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების თამბაქოს კვამლისგან გათავისუფლებასა და თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვას;

◾  თამბაქოს ნაწარმისა და მისი აქსესუარების განთავსების აკრძალვას მაღაზიების გარე ვიტრინებზე და ფანჯრებზე, “დრაივ თამბაქოს” აკრძალვას და ა.შ.

2020 წლიდან მოწევა აიკრძალა სტადიონებზე; ხოლო 2022 წლიდან ტაქსებში და კერძო ავტომობილებში, სადაც არასრულწლოვანი იმყოფება. 2022 წლის 16 მაისს საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა და დაამტკიცა დადგენილება “საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ”, რაც უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია თამბაქოს კონტროლის მიმართულებით.

საქართველოს თამბაქოს კონტროლის პოლიტიკა ეყრდნობა მტკიცებულებაზე დაფუძნებულ გამოცდილებას და ცდილობს მაქსიმალურად მიუახლოვდეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციას, რომელიც აღიარებულია როგორც თამბაქოს ეპიდემიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი”, – აღნიშნულია მიმართვაში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში განმარტავენ, რომ ქართული საკანონმდებლო რეფორმა სრულ თანხვედრაშია თამბაქოს კონტროლის სტრატეგიისა და ეროვნული სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ვალდებულებებთან:

“ასევე, რაც მნიშვნელოვანია, სრულ შესაბამისობაშია ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნულ სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ვალდებულებებთან.

თამბაქოს კონტროლის მრავალკომპონენტიანი და მულტისექტორული სახელმწიფო პოლიტიკის დანერგვა და განვითარება გრძელდება. აღსანიშნავია, რომ თამბაქოს კანონის ძალაში შესვლის პირველი ეტაპიდან, დამოუკიდებელი მონიტორების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების მიხედვით, საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ სივრცეებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვის აღსრულება 96%-ს აღწევს და მოსახლეობის 85% მხარს უჭერს ამ რეგულაციას.

აღნიშნული სტრატეგიული მიმართულებით სვლით პირველი პოზიტიური შედეგები სახეზეა:

?  ზრდასრულ მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარება შემცირდა 31%-დან (STEPS 2016) 28.2%-მდე (ტაქსებში მოწევის კვლევა, TTS 2020), ხოლო 16 წლის მოზარდებში კი თამბაქოს მოხმარება შემცირდა 18%-დან (ESPAD 2015) 11%-მდე (ESPAD 2019);

?   ჩილიმის მოხმარება – 33%-დან 15%-მდე და E-სიგარეტის – 19%-დან 7%-მდე;

?  მნიშვნელოვნად შემცირებულია მეორადი კვამლის ზეგავლენა სახლში და სამსახურში. თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის მოხმარების მაჩვენებლების კლებამ სერიოზული კლინიკური შედეგები გამოიღო – სახეზეა მიოკარდიუმის ინფარქტისა და თავის ტვინის ინსულტის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების, ბავშვებში ასთმის შეტევების და სხვა გამწვავებული კლინიკური მდგომარეობების შემთხვევათა მნიშვნელოვანია კლება.

კარგად გვესმის, რომ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას წლები სჭირდება, მაგრამ დასაწყისი იმედის მომცემია და არავის უნდა მიეცეს საშუალება, ხელი შეუშალოს ამ პოზიტიური ტენდენციას. გამოწვევები კვლავ ბევრია და მათ დასაძლევად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ახორციელებდა და კვლავ განაგრძობს მუდმივ მონიტორინგსა და საზოგადოებრივ ჯანდაცვითი ღონისძიებების გაძლიერებასა და განვითარებას.

აქედან გამომდინარე, სრულიად გონივრულია ცენტრის შეშფოთება თამბაქოს ინდუსტრიის მიერ მოწყობილ დისკუსიებთან თუ სხვა აქტივობებთან დაკავშირებით, რომელიც, თითქოსდა, საზოგადოებრივ ჯანმრთელობას ემსახურება.

თამბაქოს ინდუსტრიის მთავარი ინტერესია რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახადოს დამოკიდებული საკუთარ პროდუქტზე, იქნება ეს ტრადიციული თამბაქო თუ თამბაქოს ახალი პროდუქტები.

მათი ინტერესი ნაკლებად არის იმაზე ფიქრი თუ “რა არჩევანი აქვთ მათ, ვინც არ ანებებს თავს თამბაქოს მოხმარებას“. ამის დასტურია ამერიკის შეერთებულ შტატებში 1994 წელს კონგრესმენი ჰარი ვაქსმანის მიერ გამართული კონგრესის მოსმენები, სადაც 7 უმსხვილესი თამბაქოს კომპანიის პრეზიდენტები და აღმასრულებელი დირექტორები ფიცის ქვეშ აცხადებენ, რომ მათი რწმენით ნიკოტინი არ არის ადიქტიური ნივთიერება, მაშინ როდესაც ნიკოტინის ადიქციის და მავნეობის შესახებ ფართო მასშტაბის მტკიცებულებები ჯერ კიდევ 1964 წელს Surgeon General’s Report-ში გამოქვეყნდა . შესაბამისად, თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლების განცხადებები კონგრესზე იყო სიცრუე და ამის ვიდეო ჩანაწერიც არსებობს.

მთელი გონიერი მსოფლიოსთვის სრულიად ცხადია, რომ თამბაქოს ინდუსტრიას ახალი პროდუქტები შემოაქვს არა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრინციპების განსახორციელებლად, არამედ საკუთარი მოგების მისაღებად.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის აღსრულების შესაბამისი გაიდლაინების მიხედვით ისევე, როგორც მსოფლიოს ყველა მაღალი რეპუტაციის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი დაწესებულების დებულების მიხედვით, მოწევის ერთადერთ ალტერნატივას წარმოადგენს თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის გამოყენებაზე სრული უარის თქმა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების დაცვა. შესაბამისად, ზემოხსენებული, შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მასობრივი საინფორმაციო საშუალებით გავრცელება არის გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის ცალსახა რეკლამა/პოპულარიზაცია და უდიდეს რისკს წარმოადგენს მათი მოხმარების სტიმულირების კუთხით, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, არასწორად შეფასებული რისკების გამო.

მართალია, 2020 წლის 7 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე “Philip Morris Products S.A“-ს მიანიჭა უფლება გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის გარკვეული მარკეტირება მოახდინოს, ზემოხსენებული ავტორიზაციის გაცემასთან ერთად იმავე განცხადებაში, რომელსაც „ფილიპ მორისი საქართველო“ და მასთან დაკავშირებული ადამიანები/ორგანიზაციები იყენებენ, გარკვევით წერია, რომ „მიუხედავად ამ ავტორიზაციისა, გასახურებელი თამბაქოს ნაწარმი არ არის უსაფრთხო არც „FDA-ს მიერ დამტკიცებული“ – არ არსებობს თამბაქოს უსაფრთხო ნაწარმი. ის რომ ამ ნაწარმში მოდიფიცირებულია მავნე ქიმიური ნივთიერებების კონცენტრაცია, არ ნიშნავს, რომ მწარმოებელი უფლებამოსილია, ისეთი განცხადებები გაავრცელოს, რაც მომხმარებელს შეცდომაში შეიყვანს, აფიქრებინებს, რომ ეს ნაწარმი FDA-ს მიერ არის რეკომენდებული.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 2020 წლის 27 ივლისის განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ გასახურებელ თამბაქოს ნაწარმში მავნე ქიმიური ნივთიერებების უფრო დაბალი კონცენტრაციის გამოყოფის მიუხედავად, ეს პროდუქტები არანაირად არ არის კვალიფიცირებული როგორც უვნებელი და არც ისეთი ინტერპრეტაცია უნდა გაუკეთდეს, თითქოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ნაკლები რისკის შემცველია. სინამდვილეში, გასახურებელ თამბაქოს ნაწარმში ზოგიერთი ტოქსიკური ნივთიერება უფრო მაღალი შემცველობით არის და გასახურებელი თამბაქოს აეროზოლები ასევე შეიცავს ზოგიერთ ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებას, რომლებიც ტრადიციულ თამბაქოს ნაწარმში არ გვხვდება. ამ ნივთიერებების ჯანმრთელობაზე გავლენა ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ზემოაღნიშნულ და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს 2020 წლის ივლისის განცხადებებში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ გასახურებელი თამბაქოს შედარებით ნაკლები ჯანმრთელობის რისკის შემცველ ნაწარმად წარმოჩენა მომხმარებლისთვის შეცდომაში შემყვანია, რადგან ეს ნაწარმი შეიცავს დამატებით ტოქსიკურ ნივთიერებას.

თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის FCTC/COP8 (22) გადაწყვეტილების მიხედვით „…გასახურებელი თამბაქოს ნაწარმი იგივე თამბაქოს ნაწარმია და შესაბამისად ექცევა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით განსაზღვრული ყველა რეგულაციის ქვეშ“. გადაწყვეტილება მოუწოდებს კონვენციის წევრ ქვეყნებს გაატარონ გასახურებელი თამბაქოს მოხმარების და მისი თითქოს ნაკლები ჯანმრთელობის რისკების შესახებ შეცდომაში შემყვანი განცხადებების პრევენციული ღონისძიებები და კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად განახორციელონ გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის რეკლამირების, სპონსორობისა და პოპულარიზაციის სრული აკრძალვის ღონისძიებები.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განვითარებას და, აღნიშნულის ფარგლებში, აქტიურადაა ჩართული თამბაქოს, როგორც არაგადამდები დაავადებების ერთ-ერთი მთავარი რისკ ფაქტორის, კონტროლის, პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში; მათ შორის, ქვეყანაში მოქმედი თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების პროცესში.

ასევე აღსანიშნავია, რომ ცენტრი წარმოადგენს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ძირითად საკონტაქტო უწყებას თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის დანერგვისა და აღსრულების საკითხებში და 2022 წლის მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე გამარჯვებულს, რაც უდიდესი წარმატებაა თამბაქოს კონტროლის მიმართულებით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, დღეს სასტუმრო “რედისონთან” ექიმებმა და სტუდენტებმა გამართეს აქცია-პერფორმანსი – “ნუ გახდები სიკვდილის დისტრიბუტორი”.

“თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ხელმძღვანელის, გიორგი ბახტურიძის განცხადებით, მათ “სირცხვილის კორიდორი” მოუწყვეს სემინარის იმ ორგანიზატორებს, რომლებიც თამბაქოს ინდუსტრიას პოპულარიზაციას უწევენ.

პოპულალურები