LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავს დამნაშავედ ვცნობ, ვეთანხმები ბრალდების მხარეს, რომ დავრჩე პატიმრობაში – მირზა სუბელიანი

54

წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ვცნობ, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულმა, მირზა სუბელიანმა წინასასამართლო სხდომაზე განაცხადა.

დღეს სუბელიანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. საქმის არსებითი განხილვა 1-ელ ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

პროკურატურამ მტკიცებულებად გამოკითხვების და დაკითხვის ოქმები წარადგინა, ასევე წარადგინა საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები. ბრალდებამ მოწმეთა სიაც წაიკითხა, ვის დაკითხვასაც პროკურატურა არსებითი განხილვების დაწყების დროს აპირებს. მათ შორის არიან: მიხეილ კალანდია, გიორგი კალანდია, დაჩი ღლონტი, მერაბ მორჩაძე, ზაზა სარალიძე და გიორგი მენაბდე.

ბრალდების მხარის მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც საკუთარი პოზიცია დაცვის მხარემ დააფიქსირა.

დაცვის მხარემ საკუთარი პოზიცია წარმოადგინა, კერძოდ, პროკურატურიდან და სასჯელაღსრულების სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის სახით.

ამასთან, დაცვის მხარეს ბრალდების მტკიცებულებები სადაოდ არ გაუხდია. ადვოკატებმა სადაოდ მხოლოდ ერთი, მიხეილ შაყულაშვილის ჩვენება გახადეს.

ბრალდებულ მირზა სუბელიანის თქმით, მისთვის შაყულაშვილის ჩვენება მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, სუბელიანის განმარტებით, იცნობს ყველა მტკიცებულებას და მათ არ თვლის სადაოდ.

“ჩემი ჩვენებიდან არის გამომდინარე ბრალი. მე ვაღიარებ ბრალს და ვიცი, რა შედეგები მოყვება ჩემს ქმედებას. მე არ ვხდი სადაოდ მტკიცებულებებს,” – განაცხადა მირზა სუბელიანმა.

ამასთან, მისი თქმით, ეთანხმება ბრალდების მხარეს, რომ პატიმრობაში დარჩეს.

„მე ვეთანხმები ბრალდების მხარეს რომ დავრჩე პატიმრობაში,“ – აღნიშნა სუბელიანმა პროცესზე, რომელზეც მისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები