LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ქვევრის ღვინის მეორე საერთაშორისო კონკურსი გაიმართა

119

ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ორგანიზებითა და „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ მხარდაჭერით, თბილისში ქვევრის ღვინის მეორე საერთაშორისო კონკურსი გაიმართა.

„ღვინის ეროვნული სააგენტოს” ინფორმაციით, კონკურსის მიზანი საუკეთესო ქვევრის ღვინოების გამოვლენა და პოპულარიზაციაა, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება და ქვევრის ღვინის წარმოების ხელშეწყობა.

კონკურსზე წარდგენილი იყო 70 როგორც დიდი კომპანიის, ასევე მცირე და საშუალო საოჯახო მარნის 200-მდე ღვინის ნიმუში, რომლებიც ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა. ჟიურის თავმჯდომარე მეღვინე გიორგი დაქიშვილია. ქართველ პროფესიონალებთან ერთად, ჟიურიში მოწვეული იყო ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი. მან კონკურსზე წარდგენილი ქართული ღვინის ხარისხი საუკეთესოდ შეაფასა.

„ეს არის ქვევრის მეორე საერთაშორისო კონკურსი. შესანიშნავი იყო იმის ნახვა, თუ როგორ გაიზარდა ღვინის ხარისხი, უპირველესად საგრძნობლად გაუმჯობესებულია ღვინის სისუფთავე. ჩანს როგორ მონდომებით მუშაობენ ქართველი მწარმოებლები იმისათვის, რომ მათი ღვინოები შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, რათა მათი პროდუქცია მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებს შორის მოხვდეს,“ – აღნიშნა ლიზა გრანიკმა.

კონკურსზე წარმოდგენილი ნიმუშების შეფასების შემდეგ, გამარჯვებულების დაჯილდოება, დაახლოებით ერთ თვეში გაიმართება.

ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ინიციატივით, ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი საქართველოში პირველად 2017 წელს ჩატარდა. პირველი კონკურსის შედეგად 150 ღვინის ნიმუშიდან 22-მა ოქროს, 20-მა ვერცხლის და 29-მ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია. კონკურსის მხარდამჭერები არიან: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები