LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ყოველდღიურად 7 000 ადამიანი შიმშილობს – როგორ მოგვარდება პრობლემა?

 თბილისში 7 000-ზე მეტი ადამიანი ყოველდღიურად შიმშილობს – ეს ოფიციალური ინფორმაცია მერიიდან “სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველო”–მ გამოითხოვა.

ეს ის ხალხია, ვინც უფასო სასადილოების მომლოდინეთა რიგშია.

თბილისის მერიაში „ფორტუნასთან“ ამბობენ, რომ სასადილოების მომლოდინეები ყოველთვის არსებობდა. უწყებაში განმარტავენ, რომ ყველას დაკმაყოფილებას დედაქალაქის ბიუჯეტი ვერ გაწვდება.

თუმცა, „სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოს“ ერთ–ერთი დამფუძნებელი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტის რამდენიმე გზა არსებობს და ზოგიერთი მათგანი საკმაოდ მარტივია.

 

„მომლოდინეებს რიგი მაშინ მოუწევთ, როცა ვინმე გარდაიცვლება ან გამდიდრდება“

დედაქალაქში 63 უფასო სასადილო ფუნქციონირებს, სადაც ოფიციალური მონაცემებით, 39 128 ადამიანი იკვებება, ანუ ღებულობს სერვისს, რომელიც გულისხმობს უფასო სასადილოების მომსახურებას.

„უფასო სასადილოებში იღებენ იმ კვებას, რიმა ბერაძის დიეტას რომ ეძახიან, ამ სახით იკვებება 39 ათასი ადამიანი. დამატებით არის 7 000 ადამიანი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, მაგრამ სერვისი დასწრებაზეა. შესაბამისად, ჯერ მიიღო ეს მომსახურება მათ, ვინც მოასწრეს სხვებს დარეგისტრირება. შესაბამისად, 7 000 ადამიანი დღეს, ელოდება თავის რიგს. თავისი რიგი კი მოუწევს მას შემდეგ, რაც ვინმე გამდიდრდება ან დაიღუპება. სხვა გამოსავალი არ არის“, – გაანცხადა ლევან ხაბეიშვილმა „ფორტუნასთან“.

მისი თქმით, მომლოდინეების სისტემის მოშლას, დედაქალაქიდან სულ 3 მლნ ლარის გამოყოფა სჭირდება. ხაბეიშვილის თქმით, ეს 3 მლნ ლარი ბიუჯეტს აქვს…

„თანხა, რაც წლიდან წლამდე ამ 7000 ადამიანის დაკმაყოფილებას სჭირდება დაახლოებით, 3 მლნ ლარია. ამის საშუალება დედაქალაქის ბიუჯეტს აქვს – მარტივი სტატისტიკაა, ჩვენ ვხედავთ, რომ მერიას აუთვისებელი რჩება გარკვეული თანხები. მაგალითად, 2015 წელს 100 მლნ ლარამდე დარჩა, 2016–ში 30 მლნ ლარზე მეტი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

“სამოქალაქო პლატფორმა საქართველოს” დამფუძნებელი პრობლემის მოგვარების მეორე გზაზეც საუბრობს:

„ როცა ვსაუბრობთ, რომ 39 128 ადამიანი ღებულობს ამ სერვისს, იდეაში 63–ვე სასადილო რომ გადავამოწმოთ, ვნახავთ რომ ამდენ ადამიანზე ნამდვილად არ მზადდება საკვები – ის მზადდება დაახლოებით, ამის 60–70%–ზე. ეს ყოველგვარი დამატებითი თანხის გარეშე იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს ადამიანები იყვნენ დამატებულები. ამას სჭირდება უბრალოდ ყურადღება, პოლიტიკური ნება და საჭიროა დედაქალაქის მთავრობამ გამოიჩინოს მეტი გულისხმიერება.

თანხაცაა, შესაძლებლობაც და პრობლემის გადაჭრის გზა მარტივი საპოვნელია. აუცილებელია უბრალოდ ნება“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა „ფორტუნასთან“ საუბრისას.

რამდენი ადამიანი იკვებება რეალურად, უფასო სასადილოებში ამის შესახებ ისინი კვლევის ჩატარებისას გეგმავენ. ხაბეიშვილი ფიქრობს, რომ ამ სურათის დადების შემდეგ, ნათელი გახდება, რომ სასადილოებს რეალურად მეტი ბენეფიციარის მიღება შეუძლია.

 

მერია კომენტარისგან თავს იკავებს

ამ თემაზე მერია კომენტარს საერთოდ არ აკეთებს. მათი თქმით, მხოლოდ მას შემდეგ ისაუბრებენ ამ ინიციატივაზე რაც „სამოქალაქო პლატფორმა საქართველო“ პრობლემის გადაჭრის გზებზე პრეზენტაციას წარადგენს.

ამას კი ხაბეიშვილი დედაქალაქის მთავრობის შემდეგ სხდომაზე გეგმავს.

„დედაქალაქის მთავრობის სხდომა, რომელიც სავარაუდოდ, მომავალ კვირაში იქნება, ჩვენ გავამზადებთ წერილს და მოვითხოვთ მთავრობაზე დასწრებას, სადაც აბსოლუტურად კონსტრუქციულად წარვადგენთ პრეზენტაციას.

მათი კეთილი ნების იმედი არ გვაქვს, მაგრამ თუ სამოქალაქო აქტივობა და მედიის მხარდაჭერა იქნება, ისინი იძულებულები იქნებიან ამ ცვლილებებზე წამოვიდნენ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა „ფორტუნასთან“.

2014 წლიდან დღემდე სასადილოს ბენეფიციართა რაოდენობა დაახლოებით, 2–ჯერაა გაზრდილი. 2014 წელს იყო უფასო სასადილოებს თბილისის მასშტაბით 14 000–მდე ბენეფიციარი ჰყავდა, 2017 წელს კი მათი რიცხვი 39000–მდე გაიზარდა.

 

თამთა უთურგაშვილი

ფოტო: AP/ sergei grits

პოპულალურები