LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეირანში ტერაქტების დროს სულ მცირე 12 ადამიანი გარდაიცვალა

44

ირანში მომხდარი ორი თავდასხმის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი გარდაიცვალა, უფრო მეტი – დაშავდა. ერთი თავდასხმა პარლამენტში მოხდა, მეორე კი აიათოლა ჰომეინის მავზოლეუმში.

ირანული მედია იუწყებოდა, რომ პარლამენტის შენობაში თავდამსხმელებს მძევლები ჰყავდა აყვანილი, თუმცა ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია. ქვეყნის სამართალდამცველების ინფორმაციით, მათ მესამე ტერაქტი თავიდან აირიდეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ჯიჰადისტურმა დაჰგუფებამ გაავრცელა ვიდეო, რომელიც, მათი მტკიცებით, თეირანში, პარლამენტის შენობაშია გადაღებული.

ირანული მედია წერს, რომ პარლამენტის შენობაში 4 თავდამსხმელი სამართალდამცველებმა მოკლეს. ჯერ-ჯერობით, არ არის დადგენილი, იგულისხმება თუ არა მოკლული თავდამსხმელები გარდაცვლილ 12 ადამიანში.

„კალაშნიკოვებით“ შეიარაღებული პირები ირანის საკანონმდებლო ორგანოში დღეს დილით, ცენტრალური შესასვლელიდან შევიდნენ, მათ ქალის სამოსი ეცვათ.

ადგილობრივი დროით 10.40 საათზე თავდამსხმელებმა ცეცხლი გახსნეს ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის აიათოლა ჰომეინის მავზოლეუმშიც. თეირანის მმართველმა განაცხადა, რომ ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა, მეორე კი სამართალდამცველებმა მოკლეს.

დაუდგენელი ინფორმაციით, თავდამსხმელებს შორის სულ მცირე ერთი ქალი იყო, ან – ქალის სამოსში ჩაცმული მამაკაცი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები