LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში დღეს მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება

44

თელავში დღეს მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება.  ფესტივალი სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიებას მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრება.

სამინისტროს ინფორმაციით, პირველ საკონცერტო დღეს, მსმენელის წინაშე წარდგებიან მსოფლიოში აღიარებული რუსი მევიოლინე ანდრეი ბარანოვი (დედოფალ ელისაბედის სახელობის კონკურსის 2012 წლის გამარჯვებული, ბენჟამინ ბრიტენისა და ანრი არტოს კონკურსისა და კიდევ 20-ზე მეტი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი) და შვეიცარიაში მოღვაწე ტაივანელი მუსიკოსი, ჟენევის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, ვენ სინ იანგი (თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან და გამოჩენილ დირიჟორებთან, მათ შორის არიან ლორინ მააზელი, სერ კოლინ დევისი, მარის იანსონსი და ვოლფგანგ სავალიში). კონცერტს არიელ ცუკერმანი უდირიჟორებს.

სამინისტროს განცხადებით, თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ტრადიციულად, თელავში 10-18 ოქტომბერს ტარდება. ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე.

2015 წლის ფესტივალი მეოცე საუკუნის უდიდესი პიანისტის, სვიატოსლავ რიხტერის დაბადებიდან 100 წლისთავს ეძღვნება. ფესტივალის ფარგლებში 7 კონცერტი ჩატარდება და საოპერო და საფორტეპიანო მუსიკის საღამოები გაიმართება. ფესტივალი მსმენელს მრავალფეროვან საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს, რომელშიც შესულია როგორც მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები, ასევე, ქართული პროფესიული მუსიკა. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი “საქართველოს სინფონიეტა”.
“2015 წლის ფესტივალი სოლისტების განსაკუთრებული შემადგენლობით გამოირჩევა: ელისო ვირსალაძე, ვენ-სინ იანგი, ანდრეი ბარანოვი, იანო თამარი, ვიტორიო ვიტელი, ოისტრახის სახელობის სიმებიანი კვარტეტი, ედუარდ ბრუნერი: დირიჟორები: ზაზა აზმაიფარაშვილი და არიელ ცუკერმანი.
სამინისტროს განცხადებით, ფესტივალის კონცერტების პარალელურად, გაიმართება მასტერკლასები ახალგაზრდა მუსიკოსებისა და პედაგოგებისათვის ფორტეპიანოსა და ვიოლინოს სპეციალობებში.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოჩენილი ქართველი პიანისტის ელისო ვირსალაძის მიერ 80-იან წლებში დაარსებული ფესტივალი, 2010 წელს განახლდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. ტრადიციულად, ფესტივალი თელავში სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსს მასპინძლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები