LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერორიზმში ბრალდებულ ბექა ბექაურს პატიმრობა გასაიდუმლოებულად მიუსაჯეს

ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობაში ბრალდებულ ბექა ბექაურს თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით მიესაჯა.  თუმცა, ამის შესახებ საზოგადოებისთვის არაფერია ცნობილი, რადგან შარშან, არჩევნების წინ,  დიდი  ხმაურით დაწყებული ამბავი  გასაიდუმლოებული სასამართლო პროცესით დასრულდა.

2016 წლის აგვისტოში  როდესაც მთელი ქვეყანა საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა და აქტიური წინასაარჩევნო პროცესი მიმდინარეობდა, ხელისუფლებამ   მოსახდენი ტერაქტის საქმე გახსნა და  რამდენიმე  პირი ხმაურით  დააკავა.  საქმე ცოტა ხანი ყურადღების ქვეშ იყო, მაგრამ მოულოდნელად ყველას „დაავიწყდა“ და როგორც „ფორტუნამ“ გაარკვია,  დაკავებულებს და  მათ შორის, მთავარ დამნაშავეს, ბექა ბექაურს, რომელიც ამ მოსახდენი ტერორისტული  აქტის სულისჩამდგმელად ითვლებოდა, პატიმრობა გასაიდუმლოებულ სასამართლო სხდომაზე შეუფარდა.

როგორც „ფორტუნასთვის“ გახდა ცნობილი, სასამართლო სხდომები  თვენახევრის  განმავლობაში დახურული იყო და  ბოლო სასამართლო სხდომა 19 მაისს გაიმართა.

ბექაურის ოჯახისთვის უცნობია, რატომ დახურეს სასამართლო პროცესები. ოჯახის ახლობლის თქმით, ბექაური უდანაშაულოა და მას პროვოკაცია მოუწყვეს.

„ნამდვილად პროვოკაცია მოუწყვეს, თორემ ბექას არაფერი დაუშავებია. რას ფიქრობდა და ტელეფონზე რას ბაქიბუქობდა, ეს სხვა საკითხია. მთელ მსოფლიოში უამრავი ტერაქტი ხდება და ვიღაცებმა, ვითომ, საქართველოში ტერაქტი აღკვეთეს და ამით მთელი მსოფლიოს თვალში ქულები დაიწერეს. მათ ბექას სიკვდილიც სურდათ, ამით დაამტკიცებდნენ, რომ ნამდვილად ტერაქტს აწყობდა, თუმცა ბექას მოკვლა არ გამოუვიდა და ახლა ხმას აღარავინ აღარ იღებს. მთელი ამ ხნის განმავლობაში სასამართლო პროცესებმა ისე ჩაიარა, არავინ დაინტერესებულა ამ ამბით,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ ბექაურის ოჯახის ახლობელი.

ბექა ბექაურს ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წაყენებული: ტერორისტული აქტის მომზადება და იარაღის შეძენა ტერორისტული აქტის მომზადების მიზნით. სასჯელი ტერორისტული აქტის მომზადების კუთხით განესაზღვრა და თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით მიესაჯა.

იმის გამო, რომ საქმე  დაგეგმილ ტერაქტს ეხებოდა, საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. კითხვები კი  საკმაოდ ბევრი იყო. თავისთავად ტერაქტი განსხვავდება კრიმინალური დანაშაულისგან და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც მთავარი ინტერესი სწორედ იმას ეხებოდა, თუ რა არგუმენტები არსებობდა ამ დაგეგმილი  დანაშაულისთვის  ტერაქტის კვალიფიკაციის მისანიჭებლად. მეორე კითხვა კი უკვე დაგეგმილ ლოკაციას ეხებოდა, თუ რატომ მაინცდამაინც გაზსადენის აფეთქებას გეგმავდნენ, რითაც რუსეთიდან გაზი სომხეთს მიეწოდება. ამ კითხვას კი ისიც ამძაფრებს, რომ თავად ბრალდებული ბექაური ამბობს, რომ მას ეს გაზსადენი არც კი გახსენებია და მის სამიზნეს ოკუპირებული ტერიტორიები წარმოადგენდა. ამასთან, თუკი ტერაქტი მოხდებოდა,  რა მიზანს ემსახურებოდა და ა.შ.

ეს ყველაფერი  სწორედ სასამართლო პროცესზე უნდა გარკვეულიყო, რადგან მანამდე გამოძიება მუდმივად იმას ამბობდა, რომ ინფორმაციას გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე ვერ გაასაჯაროებდნენ. სასმართლო პროცესი კი ისე ჩატარდა, რომ კაციშვილმა ვერ გაიგო არათუ რა მოხდა პროცესზე, არამედ ისიც, რომ ეს პროცესი საერთოდ ტარდებოდა.

სწორედ ამიტომ პროცესთან დაკავშირებით კითხვები აქვთ ბექაურის ოჯახის წევრებსაც და  საქმის ადვოკატებსაც.

„მე არ ვამბობ, რომ ბექაური უდანაშაულოა, ის თავადვე ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უნდოდა აფეთქებების მოწყობა, მისთვის ეს პატრიოტიზმია და არა დანაშაული, ის სულით ჯარისკაცია. შესაძლოა, დამნაშავეა, მაგრამ ამხელა სასჯელს არ იმსახურებდა. სახელმწიფოს ეს ყველაფერი აწყობდა, მთელი მსოფლიში თავი მოიწონეს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და მათ ტერორისტული აქტი აღკვეთეს.

„ბექაური მახეში გააბეს. იარაღების სამალავები განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიყენება და მის შესახებ მხოლოდ სახელმწიფოს გარკვეულმა ჯგუფებმა იციან. ბექაურს ამის შესახებ არ უნდა სცოდნოდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი სპეციალურად იყო დადგმული, თუმცა ამის დამტკიცება, თითქმის, შეუძლებელია,“ – აღნიშნავს „ფორტუნასთან“ ერთ-ერთი ადვოკატი, რომლის ვინაობას მისივე თხოვნით არ ვასაჯაროებთ, უსაფრთხოების საკითხიდან გამომდინარე.

 

გვანცა ბზიავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები