LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თეთრი ხმაური“ კლუბ BASSIANI-ის ჩხრეკასთან დაკავშირებით ვიდეოს ავრცელებს

119

„თეთრი ხმაურის“ მოძრაობა სოციალურ ქსელში კლუბ BASSIANI-ის ჩხრეკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და თან ვიდეო მასალაც ურთავს, რომელშიც ჩანს, როგორ შევიდნენ კლუბში სამართალდამცველები.

„შსს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლები კლუბ BASSIANI-ის ოფისში ჩხრეკას ატარებენ. ცოტა ხნით ადრე, შსს-ს ცნობით, ოფისში შესვლა არა ჩხრეკას, არამედ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დოკუმენტების გადაცემას გულისხმობდა. იხილეთ ვიდეო, სადაც ჩანს, რომ შსს ჩხრეკას ითხოვს და ამას არასწორად გაცემული განჩინების საფუძველზე აკეთებს. ჩხრეკაზე განჩინება გაცემულია 24 მაისს, როდესაც შსს-მ კლუბის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო,“ – წერია განცხადებაში.

კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი ტატო გეთია შსს-ს განცხადებას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ კლუბის ჩხრეკა მათთან შეთანხმებული არ ყოფილა.

23 მაისს კლუბ BASSIANI-ს ტერიტორიაზე სამართალდამცველები და კლუბის ხელმძღვანელები მივიდნენ. კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა კლუბს სპეციალური ლუქი მოხსნეს.

11 მაისის ღამეს შსს-მ თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ჩაატარა. მანამდე კი 8 ნარკორეალიზატორი დააკავა.

„თეთრი ხმაურის“ მოძრაობამ და ახალგაზრდებმა მიიჩნიეს, რომ სამართალდამცველებმა სპეცოპერაციისას ძალას გადაამეტეს და ამიტომ აქციები იმ ღამესვე გამართეს. პროტესტი 12-13 მაისსაც გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა დაშლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, როცა პარლამენტის წინ თავად შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა, რომელმაც მათ ბოდიში მოუხადა და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები