LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ 38.5-ზე მეტი გაქვთ სიცხე, აუცილებლად მიმართეთ ექიმს – რჩევები პაატა იმნაძისგან

ზამთრის სეზონის მოსვლასთან ერთად მოქალაქეებში გრიპი და გაციება მატულობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე, “ფორტუნასთან” ვირუსებისგან თავის დაცვის ორ ძირითად გზაზე – ხელების ხშირ დაბანასა და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვაზე საუბრობს.

როგორ უნდა დავიცვათ თავი და პატარები გრიპებისა და სხვადასხვა სახის ვირუსებისგან? “ფორტუნას” მკითხველს რჩევებს პაატა იმნაძე აძლევს. 

– საბედნიეროდ, გრიპის ვირუსის ცირკულაცია ჯერჯერობით ქვეყანაში დაფიქსირებული არ არის. რა თქმა უნდა, ვირუსები ნელ-ნელა ვრცელდება და რაც უფრო აცივდება, ეს ვირუსებიც მოიმატებს, მაგრამ გრიპის ვირუსი ჯერჯერობით ქვეყანაში გამოჩენილი არ არის. ახლა, სეზონის დაწყებისას, ცირკულირებს იმუნოვირუსები, კორონავირუსები, რესპირატორულ-სენსიტიური ვირუსები, რომელიც ბოლო კვირაში გამოჩნდა, ასევე, ადენოვირუსებიც. რეალურად, ეს ყველა ის ვირუსია, რომელსაც ჩვენ გაციებას ვუწოდებთ.

– ჩამოთვლილ ვირუსებს რაიმე დამახასიათებელი ან განსხვავებული სიმპტომები აქვთ?

– ეს შეიძლება იყოს ტემპერატურის მომატება, ხველა, სურდო, ყელის ტკივილი. აღნიშნული ვირუსები ადამიანის ორგანიზმში საშუალოდ 1 კვირის განმავლობაში რჩება. ყველა ჩამოთვლილთაგან, გრიპი განსხვავდება იმით, რომ უეცრად იწყება, მაღალი ტემპერატურით, დამტვრეულობის შეგრძნება აქვს ადამიანს. მთავარი არის ის, რომ თუკი ბავშვს სიცხე 38.5-ზე მეტი აქვს ერთი დღე მაინც, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. მოზრდილებს იგივე ტეპერატურა თუ 3 დღის განმავლობაში შეუნარჩუნდათ, ამ შემთხვევაშიც ექიმს უნდა მიმართონ. დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ გაქვთ სუნთქვის გაძნელება, ბავშვს შეიძლება ცხვირ-ტუჩიც გაულურჯდეთ, ასევე, თუ აქვთ, ჩირქოვანი ან სისხლიანი ნახველი.

  – როგორ ავირიდოთ აღნიშნული ვირუსები თავიდან?

– გრიპის და გაციების თავიდან ასაცილებლად ყველაზე მარტივია, რომ რაც შეიძლება ხშირად დავიბანოთ ხელი. გარდა ამისა, ავადმყოფი უნდა დარჩეს სახლში იმიტომ, რომ გრიპს სწორედ ისინი ავრცელებენ. ზოგადად, გრიპისგან თავის დაცვა მხოლოდ ვაქცინაციის გზით შეიძლება. საქართველოში წელს სახელმწიფო პროგრამით 30 ათასი ადამიანი აიცრა, ეს პროგრამა ახლაც გრძელდება.

 

თათია კაკიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები