LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ მოასწარი და გაუკიდე “ჯოინთს” ვეღარ დაჯარიმდები” – რა სანქციები რჩება კანონმდებლობაში

მარიხუანას მოხმარება საქართველოში ლეგალური გახდა. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო, რომლითაც დააკმაყოფილა „გირჩის” ლიდერების, ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარება, წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას. მარიხუანის მოხმარების აკრძალვა მისი ბრუნვის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებაა, და შესაბამისად ემსახურება მომხმარებლების ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმურ მიზანს. თუმცა, სასამართლოს მოსაზრებით ინდივიდუალური მომხმარებლის როლი მარიხუანას ბრუნვის ხელშეწყობაში არის ძალიან მცირე, შესაბამისად მცირეა მოხმარების ინდივიდუალური ფაქტიდან მომდინარე საფრთხეები. აღნიშნულიდან გამომდინარე,  მარიხუანის მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის ბლანკეტურად დაწესება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის დაცვის არაპროპორციულ საშუალებას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მოთხოვნებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი ქმნის საფრთხეებს მესამე პირებისთვის. მაგალითისთვის, სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როცა ამ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ.

ამის მიუხედავად როგორც იურისტების ნაწილი განმარტავს, ეს შესაძლოა, მაინც არ ნიშნავდეს იმას, რომ მარიხუანას მოწევა ქუჩაში თავისუფლად შეიძლება. საკონსტიტუციო სასამართლომ სანქციები გააუქმა მარიხუანის მოხმარებაზე, თუმცა, სანქციები კვლავ რჩება მის ფლობაზე. ამის შესახებ განმარტებას იურისტი გიორგი ჩიტიძე აკეთებს.

მარტივად და გასაგებად. დღეის მდგომარეობით:

  1. კანაფის (მარიხუანა) მხოლოდ მოხმარება (ანუ მოწევა) არის სრულად ლეგალური;
  2. გამომშრალი მარიხუანას 70 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შეძენაშენახვა არ ისჯება ციხით (არ არის ალტერნატიული სანქცია ჯერ განსაზღვრული).
  3. ნედლი მარიხუანას 100 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შეძენაშენახვა არ ისჯება ციხით (არ არის ალტერნატიული სანქცია ჯერ განსაზღვრული).
  4. კანაფის (მცენარე) მოყვანა და კულტივირება 151 გრამამდე არ ისჯება პატიმრობით, თუმცა ალტერნატიული სანქცია არ არის კანონმდებლობაში, ანუ სასამართლო გცნობთ დამნაშავედ სასჯელის გარეშე.
  5. მარიხუანას შეძენაშენახვაკულტივირება მცირე ოდენობით, მოწევისგან განსხვავებით, ისევ ითვალისწინებს ჯარიმას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით,“- აღნიშნავს გიორგი ჩიტიძე.

სოციალურ ქსელში ვრცელდება იურისტ საბა ბრაჭველის განმარტება მარიხუანასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე, რომელიც ასევე მიუთითებს მარიხუანას ფლობისთვის არსებულ სანქციებზე:

მარიხუანა ლეგალური გახდა?

მარიხუანას მოწევა გახდა ლეგალური, განსხვავებული რამეებია.

ანუ რომ ნახონ რომ ვეწევი ვერაფერს მიზამენ?

კი ვერაფერს გიზამენ, ვერც ორგანიზმში თუ აღმოგიჩინეს მაშინ.

რაც შეეხება იმ შემთხვევებს, როცა “ფაქტი” აღმოგიჩინეს, ანუ შეძენა-შენახვას გედავებიან, აქ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ვერ დაგეკისრება 70 გრამამდე ოდენობაზე, წიქარიშვილის მერე და მერე შანიძის გადაწყვეტილებით.

ასევე ვერ დაგეკისრება პასუხისმგებლობა ვერც ერთ ოდენობაზე (თუ პირადი მოხმარების მიზნითაა) კულტივირების გამო – გვიანიძის გადაწყვეტილებით, თუმცა ამ შემთხვევაში შეიძლება დაგეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მაგალითად მცირე ოდენობის კულტივირების გამო.

ანუ მარიხუანას ერთი ჩაყრა რომ ვატარო ჯიბით, არ დავისჯები?

სისხლით არაა დასჯადი, მაგრამ 500 ლარით დაჯარიმდები ადმინისტრაციული წესით. თუმცა თუ მოასწარი და გაუკიდე “ჯოინთს” ვეღარ დაჯარიმდები.

ანუ ეს გადაწყვეტილება შენახვას არანაირი ფორმით და რაოდენობით არ ეხება?

კი, ადმინისტრაციული სასჯელი მხოლოდ მოხმარებაზეა გაუქმებული ამ გადაწყვეტილებით.

ანუ დავთესავ, დავკრიფავ და მოვწევ რამდენსაც მინდა, ნებისმიერი ოდენობით?

არა, ეგრე მარტივად არაა. რადგან კონკრეტულ საქმეებზე კონკრეტული ოდენობები აქვს მითითებული საკონსტიტუციოს, ოდენობების მიხედვით განისაზღვრება, პირადი მოხმარებისთვის გინდა თუ გასაღებისთვის, პრეზუმფციის ამბებია და ცოტა რთული გასაგებია, ამიტომ მარტივად გეტყვი:

როცა დათესავ – უნდა წონო სულ ნედლი მარიხუანა (მთელი მცენარე არა, ფოთლები) და იქამდე შეგიძლია გქონდეს სანამ 266 გრამს არ მიაღწევს.

ხოლო ერთ მოსავალზე 100 გრამი ნედლი ფოთლის მოკრეფა შეგიძლია, ხოლო გაშრობის მერე 70 გრამს არ უნდა აღემატებოდეს.

ანუ შემიძლია 266 გრამამდე გავახარო, შემდეგ კი თითო დაკრეფაზე მაქსიმუმ 100 გრამი დავკრიფო და ყოველი დაკრეფილი მაქსიმუმ 70 გრამამდე გამოვაშრო?

კი ბატონო, ეგრეა.

მარიხუანას გასაღება კვლავ დასჯადია?

კი, 6-დან 11 წლამდეა. ასე რომ მეგობარს “ჯოინთს” ვერ გაუწოდებ.“

მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯელობა პარლამენტსაც მოუწევს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად დასაჩქარებელია ახალი საკონონმდებლო ნორმები, რომლითაც კანაფის მოხმარების მკაცრი რეგლამენტაცია მოხდება.

უნდა აიკრძალოს 21 წლამდე მოხმარება, საჯარო ღია და დახურულ სივრცეებში მოხმარებასაჯარო მოხელეებისთვის და მთელ რიგ პროფესიების ადამიანებისათვის (მძღოლი, მემანქანე, ექიმი, მასწავლებელი და ..) მოხმარება, მარიხუანას ნებისმიერი ფორმით რეკლამირება და სპონსორობა, მკაცრად უნდა დაისაჯოს არასრულწლოვნების წახალისება მარიხუანის მოხმარებაზე და ..” აღნიშნავს აკაკი ზოიძე.

საკითხთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაც. დეპუტატის თქმით, სასამართლო საკუთარი გადაწყვეტილებით ამბობს, რომ მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ჯარიმა პროპორციული არ არის, როცა ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავს აყენებს ზიანს და არა სხვებს, მაგრამ დეპუტატის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო ასევე საუბრობს მესამე პირების დაცვაზე.

“საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკმაოდ რთული და კომპლექსურია. ჩვენ ვართ ამ გადაწყვეტილების ანალიზის პროცესში. პირადად ჩემი აზრია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილებით თქვა, რომ ადმინისტრაციული ჯარიმა, როგორც წესი, მარიხუანას მომხმარებლის შემთხვევაში არ არის პროპორციული, თუმცა აქვე დატოვა შესაძლებლობა, რომ არსებობდეს საგამონაკლისო შემთხვევები, როდესაც კანონმდებელმა შეიძლება აკრძალვა დაადგინოს. საკონსტიტუციო სასამართლოს ლოგიკა მიდის იქეთკენ, რომ ეს არის არა აბსოლუტური დაშვება, არამედ კანონმდებელმა რეგულაციები დაადგინოს, რომ მომხმარებელი შეიძლება არ დასაჯოს და გარკვეული დისკრეცია მისცეს საგამოძიებო ორგანოებს. მარიხუანას მოხმარება არასრულწლოვანთა თანდასწრებით ან მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თუ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში, ასევე მოხმარება ისეთ დაწესებულებებში, როგორიცაა სამართლადამცავი თუ სამხედრო სტრუქტურები, ვერ ვიტყვით, რომ აქ მარიხუანას მოხმარება არის ჩვეულებრივი ამბავი. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლომ დატოვა შესაძლებლობა, რომ კანონმდებელმა ამ ტიპის განსაკუთრებული შემთხვევებში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დატოვოს. ახლა უკვე ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ ასეთი შემთხვევები იყოს რეგულირებული“, – აცხადებს დეპუტატი ეკა ბესელია

 

თაკო ივანიაძე

პოპულალურები