LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტების თბილისი: რა იზიდავთ მოგზაურებს საქართველოში?

თბილისი ტურისტებითაა სავსე. ძველ თბილისში რამდენიმე საათიანი სეირნობისას ყველა ეროვნების მოგზაურს გადააწყდებით. ტურისტების მარშრუტმა კი სულ სხვანაირი თბილისი აღმოგვაჩენინა.

„ფორტუნა“ შეეცადა გაერკვია, რა იზიდავთ უცხოელებს საქართველოში, რატომ ჩამოდიან და რა პრობლებს აწყდებიან აქ.

პრობლემებზე ნაკლებად, თუმცა ქართულ სტუმართმოყვარეობაზე, შესანიშნავ სამზარეულოსა და მდიდარ ისტორიაზე ჩვენი რესპონდენტები ბევრს საუბრობენ.

ტურისტები თბილისში ჩამოდიან საქორწინო მოგზაურობისთვის, უიქენდებზე განსატვირთად, ქვეყნის შესასწავლად, გამოსაკვლევად…

ზოგიერთმა მათგანმა აქ ჩამოსვლა სიახლოვის გამო გადაწყვიტა, ზოგისთვის კი 10 000 კილომეტრიც კი არ აღმოჩნდა დაბრკოლება.

 

10 000 კილომეტრი თბილისამდე…

ეს წყვილი რუსეთის შორეული აღმოსავლეთიდან, ხაბაროვსკიდანაა. მათ თბილისში მოსახვედრად მთელი კონტინენტი გამოიარეს.

„მთელი კონტინენტი გადმოვკვეთეთ და ვფიქრობ, ეს ამად ღირდა. აქ დაგვხვდა შესანიშნავი ხალხი და ულამაზესი ქალაქი. ამ უძველესი ქალაქის ნახვა საოცარი ისტორიით, ყველაზე დამღლელ გზადაც კი ღირს. ძალიან ბევრი ვიცით საქართველოსა და თბილისის შესახებ. ვიცით ლეგენდა თბილისზე, ვიცით, რომ საქართველო ქრისტიანობის ერთ-ერთი უძველესი კერაა… თუ არ ვცდები, სწორედ საქართველოდან გავრცელდა ქრისტიანობა.

ვიყავით ფუნიკულიორზე, პანთეონიც მოვინახულეთ, სადაც მოძღვარმა ძალიან ბევრი საინტერესო ისტორია მოგვიყვა“.

ისინი ამბობენ, რომ 7 დღეში იმდენი რამის გაგება მოახერხეს, რომ ვერც კი წარმოიდგენდნენ. მოგზაურობას ნაყოფიერად აფასებენ და თბილისში კიდევ სამი დღის გატარებას აპირებენ.

„გუშინ ევროპის პარკშიც ვიყავით. სრულიად შემთხვევით, ვნახეთ ქართული ცეკვა, რამაც კიდევ უფრო მოგვხიბლა. ჩვენც მოგვინდა, რომ ვისწავლოთ…

კიდევ 3 დღე დაგვრჩა და დაგეგმილი გვაქვს, რომ ცნობილ აბანოებსაც ვეწვიოთ, თუმცა არაფერი რომ არ დავგეგმოთ, აქ საინტერესო რაღაცეებს მაინც წავაწყდებით, უკვე ზუსტად ვიცით…”

****

ტურისტებში დიდ ინტერესს იწვევს ქართული თექის ნამუშევრები.

ეს ორი თურქი და ესპანელი მეგობრები საქართველოში 3 დღით არიან ჩამოსულები და მხოლოდ თბილისის დათვალიერებას გეგმავენ. პირველი, რაც იყიდეს სწორედ თექის ნამუშევრებია, ამბობენ, რომ ასეთი სხვაგან არ უნახავთ.

 

თბილისი – სიყვარულის ქალაქი

თბილისს ახალშეუღლებული წყვილებიც სტუმრობენ – დედაქალაქში ატარებს ეს ყაზახი წყვილიც საქორწინო მოგზაურობას. ისინი განსაკუთრებით მოხიბლულები არიან სტუმართმოყვარეობითა და ქართული სამზარეულოთი.

როგორც “ფორტუნასთან” ამბობენ, თბილისი ძვირი არ არის და ფასები ისეთივეა, როგორიც მათ ქალაქში.

 

თბილისი, როგორც აბრეშუმის გზის ნაწილი

ძველ თბილისში შვედ წყვილსაც შევხვდით, რომლებიც კავკასიის რეგიონით არიან დაინტერესებული და სწორედ ამ ტურნეს ფარგლებში ეწვივნენ საქართველოსაც. კავკასიის რეგიონმა კი აბრეშუმის გზის გამო დააინტერესათ.

სხვა ტურისტებისგან განსხვავებით, ისინი სამშობლოდან საქართველოში წიგნებით შეიარაღებულები გამოემგზავრნენ. ამბობენ, რომ საქართველოს შესახებ ძალიან ცოტა სმენიათ. თუმცა, იციან ქვეყნის კონფლიქტური რეგიონები – აფხაზეთი და სამაჩაბლო.

„თბილისზე და საქართველოზე, აქ ჩამოსვლამდე დიდი ინფორმაცია არ გვქონდა. ვიცი თქვენი კონფლიქტური რეგიონების აფხაზეთის და სამაჩაბლოს შესახებ, თუმცა ამ პრობლემას სიღრმისეულად არ ვიცნობ. მიმაჩნია, რომ ეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს ჰგავს.

კარგად ინფორმირებული არ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან ბევრი რუსი ცხოვრობს იქ…“, – განაცხადეს მათ.

შვედი წყვილი ასევე, განსხვავდება იმითაც, რომ ჯერ არ გაუსინჯავთ ხინკალი და ხაჭაპური, რადგან ძველ თბილისში სეირნობამ ისინი ძალიან გაიტაცა.

„მთელი ქალაქი შესანიშნავია. ძალიან მოგვეწონა. არც კი ვიცი ზუსტად რამდენი საათია ძველ თბილისში ფეხით ვსეირნობთ – ალბათ დაახლოებით 7 საათი.

მუზეუმში შესვლისთვის დრო არ გვქონდა, მაგრამ ვათვალიერებთ უძველეს შენობებს, რომელთა არქიტექტურა ძალიან მოგვწონს”.

***

ბიგ ბენი არა თუმცა, გვაქვს კოშკი, რომელთანაც მთელ ძველ თბილისში ყველაზე მეტ ტურისტს ნახავთ. რეზო გაბრიაძის თეატრის კოშკი “ტურისტების თბილისის” ცენტრია.

ეს რუსი წყვილი სხვა ტურისტებთან ერთად, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ელოდებოდა ამ საათიდან ანგელოზის გამოსვლას.

ეს ტურისტები მოხიბლულები არიან ლაღიძის წყლებით, ტრადიციული კერძებით და ძველი თბილისის ხედებით. რაც შეეხება პრობლემებს, ისინი რამდენიმე მათგანს გამოყოფენ:

“იყო ტურისტი საქართველოში დიდ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული. არის წვრილმანი პრობლემები, როგორიცაა საპირფარეშოები, მოუწესრიგებელი გზები, თუმცა ამ ყველაფერს ფარავს კარგი ფასები, ლამაზი ხედები და შესანიშნავი ისტორიები”.

 

ცუდი პირობები კარვით მოგზაურებისთვის და გადამეტებული ყურადღება

“ჩვენმა შვილმა უკვე გადაწვიტა, რომ თმა დამალოს – ფიქრობს, რომ ძალიან ნათელი და გამორჩეულია, ყველა ეფერება და აღნიშნავს მისი ქერა თმის შესახებ, ამის გამო, დღეს გადაწყვიტა თავსაფრის ქვეშ დამალოს”, – აღნიშნა რუსმა ტურისტმა, რომელიც საქართველოში სულ 2 დღის ჩამოსულია.

“პეტერბურგიდან მხოლოდ გუშინ ჩამოვედით და ერთი დღე გვქონდა თბილისის გასაცნობად – აქ მე ყველაფერი მომწონს: ბალახი, ხალხი, შენობები… ამ ქალაქს თავისი სული აქვს, ძველებური... ეს კი ბევრმა თანამედროვე ქალაქმა დაკარგა, განსაკუთრებით ევროპაში… ამის გამო, თბილისში რაც შეგვეძლება დიდხანს დავრჩებით.

„ბუდუ პიც ქინძმარაული.. იესტ ბოჟესტვენი შაშლიკ“, – აი ეს გამიგია საქართველოს შესახებ (იცინის)

როგორც სხვა რუსმა ტურისტებმა, ამ წყვილმაც ჩვენთან საუბარში ქრისტიანობაზე გაამახვილა ყურადღება.

“ქრისტიანობა აქ ძალიან ადრე შემოვიდა, უძველესი ტაძრებია შემონახული, ამიტომ ისტორიულად ძალიან საინტერესოა.

ჩვენ ვიცნობთ ქართველებს, რომლებიც რუსეთში ჩამოდიან. ვმეგობრობთ მათთან, რადგან ისეთი თბილები, გახსნილები და კეთილები არიან, შეუძლებელია არ შეგიყვარდეს ისინი. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ აქ ჩამოსვლა და საოცარი კულტურისა და ისტორიის გარდა, სხვა ბევრი ხალხის გაცნობაც გვინდა. ძალიან ბევრი გვსმენია საქართველოზე, ბევრი წაგვიკითხავს, ახლა კი ამ ყველაფერს ვუყურებთ, ეს შესანიშნავია…

თბილისიდან წყვილი ბათუმში მიემგზავრება, შემდეგ ბორჯომში, წყალტუბოში, გორში… მოკლედ მთელი საქართველოს მოვლას აპირებენ.

“ვგეგმავდით კარვებით მოგზაურობას, თუმცა თბილისში ამის საშუალება არ არის. ცოტა შეგვეშინდა კიდეც კარვებში დარჩენის, თან სულ წვიმებია, კარვებისთვისაც არ არის გამოყოფილი ადგილი.

თუმცა, იმედი გვაქვს საქართველოს სხვა მხარეებში შევძლებთ ამას”.

 

 

ქართველების ნიშა მხოლოდ სამზარეულოა?!

ტურისტებს მოსწონთ საჭმელი, მეტი არაფერი – გვითხრა მოხუცმა მამაკაცმა, რომელიც ძველ თბილისში ფერწერულ ნამუშევრებს ყიდის.

„ეს ნახატები მოსწონთ, ათვალიერებენ, მაგრამ ყიდვით ძალიან იშვიათად თუ შეიძენს ვინმე. უფრო მეტად რუსები, სხვები საერთოდ არა. რამდენიმე წელია აქ ვმუშაობ, სხვადასხვა მხატვრების ნამუშევრებს ვყიდი, ბოლო წლებში მათმა რიცხვმა იმატა, თუმცა ტურისტებმა ჩვენი ხელოვანების შესახებ არაფერი იციან. მხოლოდ ხინკალი და ხაჭაპური…“, – განაცხადა მან.

 

სამაგიეროდ, ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს ღვინის მაღაზიები, რესტორნები და ა.შ. ისინი მყიდველების სიმცირეს არ უჩივიან. ამბობენ, რომ ვინც გასინჯავს ღვინოს და ჩურჩხელას, არ არსებობს, რომ არ იყიდონ…

 

თბილისი დედასთან და + 3 კილოგრამთან ასოცირდება

„დედაჩემი თურქეთისა და საქართველოს საზღვართან ახლოს ცხოვრობდა. იქ მცხოვრები თურქები და ქართველები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. ამიტომ საქართველო, დედაჩემს მახსენებს, მეორე სამშობლოსავითაა ჩემთვის. რა თქმა უნდა, განსხვავებაც ძალიან დიდია, განსაკუთრებით ამ განსხვავებას რელიგია განაპირობებს…”

ამ სენტიმენტების გარდა, თურქი ტურისტისთვის საქართველო  +2-3 კილოგრამთანაა დაკავშირებული. მისი თქმით, შეუძლებელია ხაჭაპურს და ხინკალს თავი აარიდო, იმის მიუხედავად, რომ თავად დიდი გურმანი არ არის.

 

 

სტუმრებისთვის შეფუთული თბილისი

თბილისში სეირნობისას, გირჩევთ ტურისტულ მარშრუტებს თქვენც გაყვეთ, რადგან სწორედ მათ ნაკვალევზე გაიცნობთ ისეთ დედაქალაქს, რომელიც სპეციალურად სტუმრებისთვისაა “გამოპრანჭული” და კარგად შეფუთული.

 

სტუმრები კი ნამდვილად მრავლადაა… 2017 წლის აპრილის თვის მონაცემებით საქართველოს 510,594 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 47,450-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +10.2%) აპრილის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 222,622 შეადგინა.

2017 წლის აპრილში ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან (+13.2%), აზერბაიჯანიდან (+7.1%), თურქეთიდან (-19.2%), რუსეთიდან (+16.5%) და უკრაინიდან (+27.2%) განხორციელდა.


თამთა უთურგაშვილი

ფოტო: დათუნა აგასი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები