„TV პირველის“ ულამაზესი წამყვანი: „ვოცნებობ კარგ მეუღლესა და ბევრ შვილზე…“

1562

ეთუნა ინწკირველი „ტევე პირველის“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანია. როგორც ჩვენთან საუბრისას ამბობს, ამჟამად მისი მთელი დრო ტელევიზიას უკავშირდება, რამაც მისი მთელი თავისუფალი დრო და პირადი ცხოვრებაც შეიწირა. ცხოვრებაში ორჯერ ჰქონდა სერიოზული ურთიერთობა… ეთუნა გულწრფელად აღნიშნავს, რომ უკვე ფიქრობს ოჯახის შექმნაზე და გვიმხელს, რომ ბევრი შვილის ყოლა სურს. ტელეწამყვანს სასტუმრო „კოსტეში“ შევხვდით, სადაც ინტერვიუ ჩავწერეთ.

ეთუნა ინწკირველი:

ტელევიზიამდე დიდი გზა გავიარე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ პატარა შეხება მქონდა ბეჭდურ მედიასთან, შემდეგ მიხეილ სააკაშვილის დროს ვმუშაობდი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი სამსახური მქონდა. ახალი პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, ცვლილებებს შევეწირე, დავრჩი უსამსახუროდ (იღიმის). ბევრი ვიარე თუ ცოტა სხვადასხვა გასაუბრებაზე, სპორტულ ტელევიზიაში „ტე-ვე-ესი“ მივედი. შემომთავაზეს სპორტული ჟურნალისტობა, რაც რთულად მომეჩვენა, მაგრამ რადგან ვერაფერი ვიპოვე, ისევ მივბრუნდი. დავიწყე ტელევიზიაშუ მუშაობა და მოვიწამლე… „ტე-ვე-ესი“ გადაკეთდა „ტევე პირველად“, ეს პერიოდი რთული იყო, რადგან სპორტში გავერკვიე და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ არხად გადავკეთდით. მოვიდა ინგა გრიგოლია, ტელევიზიამ სხვა სული შეიძინა. პირველი ნაბიჯები გადავდგი და მეხუთე წელია, ახალ-ახალ ნაბიჯებს ვდგამ, ჯერ თავს არ მივიჩნევ შემდგარ ჟურნალისტად, ახლაც სწავლის პროცესში. ვარ.

თავიდან შევშინდი: ინგა გრიგოლია, ნინო ჟიჟილაშვილი, ვახო სანაია… ვფიქრობდი, როგორ გავტოლებოდი მათ. მათგან ბევრი რამ ვისწავლე, გამოვარჩევ ვახო სანაიას, რომელმაც მესიჯების სახით მასწავლა ის, რაც უნდა ვიცოდე და რაც საჭიროა წამყვანისთვის.

მითხარი, რომ ემოციური ხარ… ეს რაში გიშლის ხელს, როგორც ტელეწამყვანს?

ემოციურობა ძალიან მიშლის ხელს. ბევრს ჰგონია, რომ ძალიან მკაცრი ვარ. როცა პირადად გამიცნობენ, სულ მეკითხებიან, რატომ არ იღიმიო. სულ ისეთ ამბებს ვყვები, მგონია, რომ ღიმილით ვერ წაიკითხავ… ყოფილა შემთხვევები, როცა რაღაც ამბავს ისეთი ემოცია მოუტანია, რომ ცრემლები ვერ შემიკავებია. მაგალითად, როცა ბავშვების მკვლელობის ამბავი წამიკითხავს. ეს ემოციები, შესაძლოა, ეთერში შემეტყოს. დედა მეჩხუბება, შენი თავი უნდა მართოო. ვმუშაობ ამაზე და იმედი მაქვს, ნელ-ნელა გამოვასწორებ.

ტელევიზიამ შეგვცალა?

უფრო თავდაჯერებული გავხდი. ამას მეგობრებიც ამჩნევენ (იღიმის). ჩემი ცხოვრება გახდა ტელევიზია – დილით მივდივარ და გამოვდივარ გვიან ღამით, ყველაფერი ტელევიზიას უკავშირდება. პირადი არ მაქვს. არ ვიცი, ეს რეჟიმი მიშლის თუ არა ხელს, ახალი ურთიერთობა დავიწყო ან ახალი აქტივობებით დავკავდე, მაგრამ არ რეჟიმსაც შევეგუე და შევეჩვიე, ამ ეტაპზე არ მაწუხებს. ვნახოთ, მერე როგორ იქნება. ალბათ, ყველა ქალს უნდა ოჯახიც, შვილიც.

ბევრჯერ მიგიღია კომპლიმენტი გარეგნობასთან დაკავშირებით. შენი სილამაზე ხომ არ გაკომპლექსებს?

მაკომპლექსებს და გეტყვით, რატომ. სტერეოტიპია, რომ ლამაზი ქალი არ შეიძლება, იყოს ჭკვიანი. უფრო მეტად გიწევს თავის წარმოჩენა და დამტკიცება, რომ შენი სილამაზის უკან სხვა რაღაცებიც არის. ასე რომ, ცოტა მაქვს ეს კომპლექსი. ჩემს გარეგნობაზე აქცენტს დიდად არ ვაკეთებ, მაგრამ ალბათ, მაყურებელს სიამოვნებს, რომ ეკრანიდან სასიამოვნო გარეგნობის ადამიანი ესაუბრება. თუმცა, მგონია, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

მე უფრო ჩემს სახელზე გავაკეთებდი აქცენტს. ხშირად მინახავს კრიტიკული გამონათქვამები, რატომ არა ეთერი და ეთუნაო. ეთერად თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ. მოვირგე სახელი ეთუნა და ვფიქრობ, მაყურებელმაც უნდა მიიღოს. რა მნიშვნელობა აქვს, რა ჰქვია საინფორმაციო გადაცემის წამყვანს, მთავარია, ახალი ამბავი გადმოგცეს. ხელმძღვანელობასთანაც მქონდა საუბარი სახელზე და ბოლოს მითხრეს, როგორც შენ გინდა, ისე იყოსო.

ზოგჯერ მაქვს ცუდი გამოხმაურებები და სხვათა შორის, განვიცდი. გაღიზიანებულ მაყურებელს ზოგჯერ არ მოსწონს ინფორმაცია, რომელსაც გადმოსცემ და აგრესია წამყვანზე გადმოაქვს. წამიკითხავს ასეთი გამოხმაურებები სოციალურ ქსელში. ამაზე მქონია ჩემი რეაქცია, მიტირა კიდეც. დიანა ტრაპაიძე მეუბნებოდა, ყველაფერი გულთან ახლოს არ მიიტანოო…

თავდაჯერება მომემატაო, ამბობ და გაკლდა?

ტელევიზიას ისეთი რაღაცის მიცემა შეუძლია ადამიანისთვის, რასაც სხვა სამსახური ვერ მისცემს. მით უმეტეს, ჩემნაირი ადამიანისთვის, რომელსაც ტელევიზიასთან შეხება არ ჰქონია. მაქვს შეგრძნება, რომ მე მეტი შემიძლია. ადრე შესაძლოა, სხვა ადამიანებზე, ოჯახზე, მეგობრებზე ვიყავი დამოკიდებული. ახლა კი ვიცი, რომ მარტო ვარ და მე უნდა გავაკეთო ყველაფერი.

ტელევიზიის მინუსი რა არის?

მინუსს რაც შეეხება, მიმუშავია ბევრ სამსახურში, საჯარო იქნებოდა ეს თუ კერძო, მაგრამ ტელევიზიაში მოსვლის შემდეგ განსხვავებულ გარემოში აღმოვჩნდი. ახლა ერთი ოჯახი ვართ, ვმეგობრობთ, მაგრამ ახალ მოსულზე დამოკიდებულებებს სხვანაირად აღვიქვამდი. არავის აინტერესებს, რამე გაწუხებს თუ არა, საქმეს ვერ მოწყდები. შეიძლება, კოლეგა ვერ დაგიდგეს გვერდში, არის ცოტა შურის მომენტებიც, რაც მეც მიგრძნია, ასევე კონკურენცია. თან, ქართულ რეალობაში კიდევ უფრო მძაფრად იგრძნობა ეს ყოველივე. მეც მძაფრად აღვიქვამდი. ტელევიზიიდან წამოსვლაზე რამდენჯერმე მიფიქრია. ტელევიზიაში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც მითხრეს, არა, შენ არ უნდა წავიხდეო.

ბოლო პერიოდში დიდი გამოწვევის წინაშე დავდექი. ნოდარ მელაძემ მითხრა, არ დატოვო ტელევიზიაო. პირადი ცხოვრების მოწყობაზე დავფიქრდი და ტელევიზიის დატოვება მომინდა, მაგრამ ნოდარმა თერაპია ჩამიტარა და გადამაფიქრებინა (იღიმის).

როგორია მამაკაცი, რომელსაც შენი მოხიბვლის შანსი აქვს?

განსაკუთრებული კრიტერიუმები არ მაქვს. რომ გითხრა, მაღალი, შავგვრემანი და ცისფერთვალება უნდა იყოს-მეთქი, არ იქნება სწორი. ჩემს ცხოვრებაში ორი სერიოზული ურთიერთობა იყო. ერთმანეთს საერთოდ არ ჰგავდნენ. როგორც ერთნაირი სიყვარული არ არსებობს, ასევე არ არსებობენ ერთნაირი მამაკაცები. მიყვარს ჭკვიანი და იუმორის გრძნობის მქონე მამაკაცები, მაგრამ ხანდახან გოგონები თავს ვკარგავთ ისეთ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს კრიტერიუმებს საერთოდ არ შეესაბამებიან.

 

დაგიკარგავს თავი?

დამიკარგავს, მაგრამ ასეთი ეთუნა მგონი, არასდროს აღარ იქნება. ამ ურთიერთობებმა და თავის დაკარგვამ ბევრი რამ მასწავლა. ალბათ, არ შეიძლება, ასე გიყვარდეს ადამიანი. როცა იღვიძებ და იძინებ მისთვის, მზად ხარ, გააბედნიერო ადამიანი და კომფორტი შეუქმნა, მისგან კი მინიმალურსაც ვერ იღებ, ძალიან მტკივნეულია. აქაც თავდაჯერებული გავხდი, არ ვიცი, ეს რამ მოიტანა, დრომ თუ წლებმა… თუმცა კარგი იყო, ეს ეთუნაც უნდა მენახა და გამომეცადა საკუთარი თავი. ალბათ, ახლა გააზრებულად და სხვა ემოციით მივუდგები მეორე ნახევარს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძალიან მეყვარება, მაგრამ ბევრ მსხვერპლზე არ წავალ.

როგორი იქნები 10 წლის მერე?

სად ვიქნები, არ ვიცი, მაგრამ… ჩემთვის ოჯახური იდილია მნიშვნელოვანია. ვოცნებობ კარგ მეუღლესა და ბევრ შვილზე. ეს ჩემი თვითმიზანი არასდროს ყოფილა, არც ადრე გათხოვება მდომებია. ჩემი ასაკიდან გამომდინარე, 10-15 წელიწადში, თუკი წინ გავიხედავ, ბევრი შვილი მეყოლება… რაც შეეხება სამსახურს, ტელევიზიის გარდა, პიარით ვარ დაინტერესებული და გამოცდილებაც მქონია. თუ ტელევიზიაზე ოდესმე უარს ვიტყვი, ერთადერთი სფეროა, სადაც ტელევიზიის გარდა ვიმუშავებ.

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: სასტუმრო „კოსტე“

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები