LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერიკო ტურაშვილი: „ნებისმიერი რისკი, რაც გამიწევია, მარტო ყოფნის პერიოდს უკავშირდება…“

110

ვერიკო ტურაშვილს სასუბროდ „Y.O.L.O ლაუნჯში“ შევხვდით, სადაც პიარმენეჯერად დაიწყო მუშაობა. მის ცხოვრებაში ახლა საინტერესო ეტაპია, საქმის კუთხით საკმაოდ დატვირთულია, ახალ კლიპს იღებს, ბინა შეიძინა, რომელსაც არემონტებს და ზაფხულისთვის აპირებს გადასვლას…

ვერიკოს საქმესა და პირადზე ვესაუბრეთ.

მართლა ამოძრავდა ქართული შოუბიზნესი? საკმაოდ ბევრი კონცერტი იმართება…

ვერიკო ტურაშვილი:

მე სულ ვახერხებ აქტიურობას, წელიწადში რამდენიმე სიმღერის ჩაწერას და კლიპის გადაღებას. არც ეს წელია გამონაკლისია, თუმცა მგონი, შოუბიზნესი ამოძრავდა და კონცერტებიც ხშირად იმართება საკლუბო სივრცეებში. აქ, სადაც მე დავიწყე პიარმენეჯერად მუშაობა, ვცდილობ, ცნობილი ქართველი შემსრულებლების კონცერტები გავმართო. აქამდე კლუბებში, ძირითადად, ბენდები მუშაობდნენ, რომლებიც ქავერებს ასრულებდნენ. მე კი, როცა ამ ლაუნჯში მოვედი, მინდოდა, ქართველ შემსრულებლებს თავიანთი სიმღერები შეესრულებინათ. თვეში ხუთ-ექვსჯერ ტარდება ქართველი შემსრულებლების კონცერტები. არაჩვეულებრივი გამოვიდა სალომე კორკოტაშვილის ორი ივენთი და სხვა მუსიკოსებისაც. მეც ვმღერი, მაგრამ ვცდილობ, მხოლოდ ჩემი თავით არ შემოვიფარგლო და სხვა შემსრულებლები მოვიყვანო.

მგონი, ჩემი კოლეგებიც გააქტიურდნენ, რადგან ჩვენ თუ არ ვუშველით საკუთარ თავს, ისე არავინ გვიშველის (იღიმის). კარგი იქნება, ისე გავაგრძელოთ, როგორც შოუბიზნესის „ოქროს ხანაში“ ხდებოდა, 2000-იან წლებში.

შენი საქმიანობით ახერხებ საკუთარ შემოქმედებაში მცირე თანხის ჩადებას მაინც?

სულ ვამბობ, რომ მხვდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ძალიან ნერვიულობენ ჩემს მცირეხნიან პაუზებზე. ასე თუ ისე, გამომდის რაღაცები. მინიმალურს მეც ვდებ ჩემს საქმეში. ჩემი ფინანსური მხარე მთლიანადაა დამოკიდებული ჩემს საქმეზე. არ მყავს არც მდიდარი მამა და არც ისეთი ადამიანი, რომელიც გიჟდება ჩემს მუსიკაზე და ცდილობს, სულ ვაკეთო რაღაც. უბრალოდ, არიან ადამიანები, რომლებიც ბევრ რამეს მიმარტივებენ. ახლაც ისეთ ადამიანებთან ვმუშაობ, რომლებიც გვერდში მიდგანან, კლიპს ვიღებ მაიკო კაჭკაჭიშვილის ახალ სიმღერაზე. მისი პრემიერა მალე შედგება. სხვათა შორის, მეორე სიმღერაც ჩავწერე, მუსიკის ავტორია ძვალი (აჩიკო ვანიშვილი), არანჟირებაც მისია, ტექსტის ავტორია თემო საჯაია და ამ სიმღერაზეც მინდა, საზაფხულოდ მეორე კლიპიც გადავიღო.

გადახვედი ახალ ბინაში?

ცოტა შორეული პერსპექტივაა, მაგრამ შარშან შევიძინე საკმაოდ დიდი ბინა. იმედი მაქვს, ზაფხულამდე შევძლებ გადაბარგებას. 210 კვ.მ.-ია, დაახლოებით წარმოდგენილი მაქვს, როგორ უნდა გავაკეთო. მინდა, ყველას ჰქონდეს თავისი კუთხე და ერთ-ორ ოთახში არ ვიყოთ შეჩურთულები (იღიმის), თუმცა მადლობა ღმერთს, ეს შევძელი, რადგან არცთუ ადვილია ბინის შეძენა, როცა მარტო აგვარებ ყველა პრობლემას. ლიზამ თავისი ოთახის დიზაინი თავად უნდა გადაწყვიტოს, ჩემმა დედამთილმა – თავისი, ნატაშაკასაც თავისი კუთხე ექნება. მოკლედ, ყველას ექნება ავტონომია ამ დიდ სახლში. ამ ბოლო დროს ძალიან მომწონს კლასიკურისა და თანამედროვეს სინთეზი და ასე ვაპირებ დიზაინის გაკეთებას.

ვერიკო, ახლა შენს ცხოვრებაში როგორი პერიოდია?

ოჯახსა და საქმეზე ზრუნვის პერიოდი, რაც ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, არის და იქნება. მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებლად და მყარად ვიდგე ფეხზე. სხვა დანარჩენი კი, ხან იქნება, ხან – არა.

ძლიერი ქალი ხარ თუ გარემოებების გამო მოგიწია, ასეთი ყოფილიყავი?

ასე შორიდან ვერ ვუყურებ საკუთარ თავს, მაგრამ გარემოებებმაც განაპირობა ალბათ. დამოუკიდებლად დავიწყე ყველაფერზე ფიქრი და მიზნების განხორციელება. როცა მარტო ვარ, ბევრად პროდუქტიული ვარ, ვიდრე შეყვარებულობისას. მგონია, რომ ამ დროს ცოტა კონცენტრაციას ვკარგავ. ნებისმიერი რისკი, რაც ცხოვრებაში გამიწევია, სწორედ მარტო ყოფნის პერიოდს უკავშირდება.

რთული ხასიათი გაქვს?

არა მგონია. მაქვს ჩემი მოსაზრებები. როდესაც ვხედავ, რაღაცები ისე არ ხდება, როგორც მე მომწონს, არ ვმალავ და ვამბობ, ოღონდ არა უტაქტოდ. ვიღაცისთვის შეიძლება, ეს რთული ხასიათია. არ მივიჩნევ, რომ არაკომფორტული ადამიანი ვარ. ალბათ, მათთვის ვარ რთული, ვისთვისაც ბევრი შენიშვნა მიმიცია. არსებობენ ასეთი ადამიანები. ბევრჯერ უფრო მეტად შემრცხვენია სხვისი, ვიდრე საკუთარი საქციელის გამო. ასეთ დროს ძალიან ვიბნევი და მერე ამას აუცილებლად ვამბობ. უხერხულ მდგომარეობაში მაგდებს ვიღაცის არასწორი ქმედება და უსაქციელობა.

საინტერესოა, როგორი ადამიანი უნდა იყოს შენ გვერდით?

არ ვიცი… ალბათ, ბანალურ ფრაზებს ვიტყვი, უნდა იყოს რეალიზებული ადამიანი, რათა ჰქონდეს ნაკლები კომპლექსი და შენ არ გებრძოლოს. ჩემს წარმოსახვაში ჩემს პირად ცხოვრებაში ისეთი ადამიანი უნდა იყოს, რომელიც ჩემი მზითვით შემიყვარებს, ანუ ჩემს შვილებთან და დედამთილთან ერთად. ისეთი უნდა იყოს, რომელიც მიიღებს ჩემს ოჯახს და გაითავისებს იმას, რომ მარტო არ ვარ (იღიმის).

გადაღების ადგილი: „Y.O.L.O ლაუნჯი

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები