LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის მთავარი საფეხბურთო მოვლენა: ევრო 2016 (ვიდეო)

150

ევროპის რიგით მე-15 ჩემპიონატს 10 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით საფრანგეთმა უმასპინძლა. ტურნირის ისტორიაში პირველად მასში მონაწილეობა 24 ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა მიიღო, მათ შორის იყვნენ დებიუტანტები. ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ისლანდიის, ჩრდილოეთ ირლანდიის, ალბანეთის, სლოვაკეთის და უელსის ნაკრებებმა ითამაშეს. მათგან ყველაზე კარგად თავი გულშემატკივარს ისლანდიელებმა დაამახსოვრეს, რომელთა გუნდურმა თამაშმა და შემართებამაც საყოველთაო პატივისცემა დაიმსახურა.

ფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთს მასპინძელი საფრანგეთისა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ფინალის მიმდინარეობისას ტრავმა მიიღო პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანო რონალდომ, რომელმაც შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო, თუმცა მიუხედავად ამისა, პორტუგალიამ ბოლომდე იბრძოლა და დამატებით ტაიმში, ედერის ერთადერთი გოლით ისტორიაში პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი.

ევრო 2016-ის საუკეთესო მოთამაშედ ანტუან გრიზმანი დაასახელეს. მასვე გადაეცა ტურნირის „ოქროს ბუცი“, როგორც 6 გოლისა და 2 საგოლე გადაცემის ავტორს. „ვერცხლის ბუცი“ რონალდომ დაისაკუთრა, „ბრინჯაოს ბუცი“ კი ოლივიე ჟირუმ. საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი უეფამ რენატო სანჩესს გადასცა.
საუკეთესო გოლად დასახელდა უნგრელი ნახევარმცველის, ზოლტან გერას გოლი პორტუგალიის კარში.

2016 წელი ნამდვილად გამორჩეულია კრიშტიანო რონალდოს კარიერაში. ევროპის ჩემპიონატის მოგებამდე მან მადრიდის „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ეს სამეფო გუნდის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის მე-11 თასია, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ცოტა ხნის წინ პორტუგალიელი გამოცემა „ფრანს ფუტბოლმა“ ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდოს, „ოქროს ბურთის“ მფლობელად დაასახელა. გარდა ამისა, მას გადაეცა წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი Globe Soccer Awards-ის ვერსიით. პორტუგალიელი ვარსკვლავი ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ბრძოლაში ფიფას ვერსიითაც. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია საუკეთესოებს იანვარში გამოავლენს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები