რატომ ვერ გადავლახეთ ნახევარფინალური ტური „ევროვიზიაზე“ – ეს შეკითხვა დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. თაკო გაჩეჩილაძის გამოსვლას ვერავინ ვერაფერი დაუწუნა, თუმცა საბოლოოდ, ის ფინალში ვერ მოხვდა. რამდენიმე რესპონდენტი ჩავწერეთ ამ თემაზე.
მარინა ბერიძე, მუსიკალური პროდიუსერი:
რა გაინტერესებთ? მე პორტუგალიელ ბიჭზე ვარ შეშლილი (იღიმის).
თქვენი აზრით, თაკო გაჩეჩილაძე რატომ ვერ გადავიდა ფინალში?
აბსოლუტურად გაურკვეველია ჩემთვის. არ ვიცი, როცა დასრულდება 1ევროვიზია“, იქნებ, ვინმემ გააანალიზოს. სიმღერა იყო ამ კონკურსის ფორმატის, თაკო ყველაფრით პასუხობდა „ევროვიზიის“ სტანდარტს. სხვა დროს, ჩემი აზრით, პორტუგალიელი ბიჭი ნახევარფინალამდეც ვერ მიაღწევდა. ფორმატს ხომ არ ცვლიან? სხვა ახსნას ვერ ვუძებნი. რასაც ჰქვია კონკურსისთვის მოწესრიგება, ეს ყველაფერი ჩვენს წარმომადგენელს ჰქონდა, ვერაფერში მოედავებოდი. წუნკალი მარინა ბერიძეც კი გაუშვებდა თაკოს ფინალში (იცინის). პირველ ადგილს პორტუგალიელ ბიჭს მივცემდი, მეორეს – აუცილებლად თაკოს. პორტუგალიელს აქვს ინდივიდუალიზმი, ასეთი ადამიანებისთვის ადრე არ ყოფილა გახსნილი „ევროვიზიის“ კარი… ჩვენმა გოგომ კი კლასიკური ნომერი გააკეთა ამ კონკურსისთვის, ამიტომ ჩემი დასკვნა ასეთია, რომ როგორც ჩანს, „ევროვიზია“ ფორმატს იცვლის.
თქვენი აზრით, როგორ შეიძლება, ამ კონკურსზე კარგ შედეგს მივაღწიოთ?
რამდენი წელია, დავდივართ. ფაქტობრივად, ჩავარდნა და სამარცხვინო ნომერი არ გვქონია. სულ კარგი გამოსვლები გვქონდა, სოფო ხალვაშის ნომრით დაწყებული, სოფო ტოროშელიძე, ნიკა კოჩაროვი… ათეულშიც კი ვერ ვხვდებით… მაგრამ ფაქტია, რომ მონაწილეობა უნდა მივიღოთ. მართალია, ჯერ ამას რეზულტატი არ მოუტანია და პროდიუსერები არ დახვევიან ჩვენს შემსრულებლებს, მაგრამ მონაწილეობა მაინც არ არის ცუდი…
ამ შედეგით ცოტა გაოცებული დავრჩი. თაკოს მართლა საამაყო გამოსვლა ჰქონდა. მე რომ თაკო გაჩეჩილაძე ვიყო, ამ კონკურსზე ან არ წავიდოდი ან წავიდოდი კონკრეტული მიზნით. მეცოდინებოდა, რომ ვერ გადავიდოდი ფინალში, მაგრამ მთელ მსოფლიოს ვაჩვენებდი, როგორი სიმღერა შემიძლია. ეს თაკომ აჩვენა, ჯერ კიდევ არავინ იცის, რა შემოთავაზებები ექნება და დარწმუნებული ვარ, რომ ის შეამჩნიეს. ამდენი წელია, ვამბობ, რომ ეს არის პოლიტიკური კონკურსი. ვფიქრობ, სანამ სახელმწიფო უფრო მეტად არ ჩაერევა და არ დაეხმარება კონკურსანტს, მანამდე ჩვენ კარგ შედეგს ვერ მივაღწევთ. ეს ჩემი აზრია, მაგრამ სახელმწიფო უფრო მეტად უნდა დახმარებოდა თავის წარმომადგენელს.
არ ვიცი, რატომ ვერ გადავიდა თაკო ფინალში… პირადად მე, „ევროვიზიის“ ფანი არ ვარ, მაგრამ სიმღერა ძალიან მომეწონა. თამარამაც კარგად იმღერა. გამიკვირდა, რომ ფინალში არ აღმოჩნდა. მერე, როცა შედეგები გამოცხადდა, დავფიქრდი მიზეზებზე. შესაძლოა, კარგი სიმღერა არ იყო საკმარისი და თაკოს გამოსვლა იყო კარგი, მაგრამ ჩვეულებრივი. მომეჩვენა, რომ მის გამოსვლაში თბილისში უფრო მეტი ცეცხლი იყო, ვიდრე „ევროვიზიის“ სცენაზე. არ ვიცი, სიტყვით როგორ გადმოვცე, მუხტს ვგულისხმობ. მეგონა, რომ გადასულები ვიყავით და რომ ვნახე, ფინალს გამოეთიშა, ამაზე მერე დავფიქრდი. მგონი, მუხტი დააკლდა მის გამოსვლას.
არის პოლიტიკური ასპექტი ამ კონკურსზე?
რასაკვირველია, არის, მეც მაქვს ამისი ეჭვი, მაგრამ ვისაც აქამდე გაუმარჯვია, ვფიქრობ, ყველას ეკუთვნოდა… ვფიქრობ, „ევროვიზიაზე“ დაუმსახურებლად არავის გაუმარჯვია. საბოლოოდ, სიმღერა მაინც ფასდება ხოლმე.
ნინო მურღულია