LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წვიმის დროს ონკანებიდან ტალახი მოდის

479

სკოლებში სასმელი წყლის ხარისხი არ კონტროლდება?

სკოლებში ბავშვებს გაუფილტრავი წყალი მიეწოდებათ – ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა განცხადება გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყანაში არ არსებობს სახელმწიფო ორგანო, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასმელი წყლის ხარისხსა და უვნებლობას კონტროლს გაუწევს. განცხადებაში ნათქვამია, რომ უვნებელი წყლის ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული მდგომარეობა ეწინააღმდეგება გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის ძირითად პრინციპებს. პრობლემა თავს იჩენს განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლებში.

 

„ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, ზოგადსაგამანათლებლო დაწესებულებებიდან (საჯარო სკოლები) აღებული სასმელი წყლის 45 სინჯი არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს, რაც სასმელი წყლის ეპიდემიოლოგიურ არაკეთილსაიმედოობაზე მიუთითებს“ – ნათქვამია განცხადებაში.
„ონკანებიდან ტალახი მოდის“

„ფორტუნა“ რამდენიმე რეგიონის მაცხოვრებელს დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა ზოგიერთ რეგიონში მართლაც დგას გაუფილტრავი წყლის პრობლემა. ლაგოდეხის რაიონი ერთ-ერთია, სადაც გაუფილტრავი წყალი მუდმივი პრობლემაა. ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ წყლის სათავე ნაგებობაზე ფილტრები არ არის დაყენებული და, შესაბამისად, სასმელი წყალი, რომელიც ონკანებში მოდის,  არ იფილტრება. როგორც ლაგოდეხის მაცხოვრებელი „ფორტუნასთან“ აცხადებს, ოჯახებში ცდილობენ, ბავშვებს ნაყიდი, ან – წყაროდან მოტანილი სუფთა წყალი დაალევინონ, თუმცა სკოლებში ამის საშუალება არ არსებობს და ბავშვები წყალს ონკანიდან სვამენ.

„არის საშინლად ბინძური წყალი, განსაკუთრებით წვიმის დროს იმღვრევა და ონკანებიდან ან ტალახი მოდის, ან საერთოდ არ მოდის. ოჯახებში ახერხებენ, რომ წყალი იყიდონ და ის დაალევინონ ბავშვებს, მაგრამ სკოლაში ამის საშუალება არ არის და შესაბამისად ბავშვები ონკანიდან სვამენ გაუფილტრავ ჭუჭყიან წყალს“ – აცხადებს ლაგოდეხის მკვიდრი.

 


ლაგოდეხისგან განსხვავებით, გაუფილტრავის წყლის პრობლემა არ დგას კასპის რაიონში. წყლის სათავე ნაგებობაზე ფილტრები დაყენებულია ბოლო ოთხი წელია, გარდა ამისა, გამდინარე წყალი იქლორება. შესაბამისად, სკოლებში სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზიას არ გამოთქვამენ, თუმცა სოფელ ახალქალაქის საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები სანიტარული ნორმების დარღვევაზე საუბრობენ.

როგორც ერთ-ერთი მშობელი „ფორტუნასთან“ აცხადებს, საპირფარეშოები სკოლის შენობის გარეთ არის განთავსებული და ეს ბავშვებს მუდმივად პრობლემას უქმნის, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.

„საპირფარეშოები გარეთ აქვთ ბავშვებს. ეს, რასაკვირველია, პრობლემაა, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც თოვლია, ბავშვებს ხშირად  გარეთ უწევთ სირბილი. განათლების სამინისტროდან ორი კვირის წინ იყვნენ შემოწმებაზე მოსულები. იმედს გამოვთქვამ, ამ პრობლემას მოაგვარებენ“ – აცხადებს ერთ-ერთი მშობელი.

 


სანიტარული ნორმების გაუმჯობესებაზე მუდმივად ვზრუნავთ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სკოლებში სასმელი წყლის პრობლემას მასშტაბურ პრობლემას უწოდებს და აცხადებს, რომ სოფლებში წყლის დასუფთავების მექანიზმებზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად მუშაობს.

 



„მნიშვნელოვანია, რომ ეს არის იმ სოფლების წყალი, რომლებიც უვარგისია დასალევად, ანუ ბავშვების სახლებშიც იმ წყალს სვამენ, რომელიც არ შეესაბამება სტანდარტებს. პრობლემა გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე სკოლაში ხდება. ჩვენ ვმუშაობთ. ბევრ სკოლაში სიტუაცია უკვე გამოსწორდა და სადაც არ გამოსწორებულა, აუცილებლად გამოსწორდება“ – აცხადებს ალექსანდრე ჯეჯელავა.

რაც შეეხება სხვა სანიტარულ პრობლემებს სკოლებში, ჯეჯელავას თქმით, სამინისტროს სკოლებში სანიტარული ნორმების დარღვევებთან ბრძოლა აქვთ გამოცხადებული. როგორც მინისტრი აღნიშნავს, 2016 წელს  7-8 სკოლას ავტორიზაცია სწორედ იმიტომ გაუუქმდა, რომ ისინი არ აკმაყოფილებდნენ სტანდარტებს. ალექსანდრე ჯეჯელავა მშობლებს მოუწოდებს, პრობლემის დაფიქსირების შემთხვევაში მიმართონ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასახმარებლად.
„სანიტარული ნორმების გაუმჯობესებაზე მუდმივად ვზრუნავთ და ამ წლის განმავლობაში 7-8 სკოლას გაუუქმდა ავტორიზაცია, რომელიც არ აკმაყოფილებდა სტანდარტებს. ჩვენ უნდა მოგვმართოს მშობელმა და გვაქვს ყველანაირი ბერკეტი, რომ ვიმოქმედოთ აქტიურად“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 


გვანცა ბზიავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები