LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერი რეალურია: სამეფო კლუბმა სუპერთასიც შინ წაიღო

102

მადრიდის „რეალი“ უეფა-ს სუპერთასის მფლობელი მეოთხედ გახდა.

ფინალში ესპანურმა გრანდმა ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი გოლი 24-ე წუთზე კაზემირომ კარვახალის შესანიშნავი პასის შემდეგ გაიტანა. უპირატესობას მანამდეც მადრიდული გრანდი ფლობდა და ამ დროისათვის, ინგლისელები მეტოქის ნახევარზე გადასვლას პრაქტიკულად ვერ ახერხებდნენ.

ერთადერთი რეალური საგოლე მომენტი “იუნაიტედს” პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ჰქონდა, თუმცა ლუკაკუს თავური დარტყმის შემდეგ ბურთი პირდაპირ ნავასს მიუვიდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში, 52-ე წუთზე მადრიდის რეალმა მეორე გოლი გაიტანა. მეტოქის საჯარიმოში ისკომ და ბეილმა ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს და იერიში ისკოს ზუსტი დარტყმით დასრულდა.

ერთი გოლის გაქვითვა “მანჩესტერ იუნაიტედმა” მალევე მოახერხა. 62-ე წუთზე რეალის გოლკიპერმა კეილორ ნავასმა უხეში შეცდომა დაუშვა, რითაც კარგად ისარგებლა რომელუ ლუკაკუმ და თავისი გუნდის პირველი გოლი გაიტანა.

81-ე წუთზე უკვე რეშფორდს ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების შანსი, იგი მეტოქის მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა, თუმცა ამჯერად ნავასმა მისი დარტმის მიმართულება გამოიცნო და რეალი გადაარჩინა.

90-ე წუთზე გუნდებმა რეალური საგოლე მომენტები გაცვალეს. ჯერ ფელაინი ურტყამდა თავით სახიფათოდ, ხოლო შემდეგ კონტრშეტევაზე ლუკას ვასკესმა ინგლისელ მცველებს თავბრუ დაახვია და ზუსტი გადაცემაც გააკეთა, თუმცა ასენსიოს დარტყმა დე ხეამ მოიგერია.

 

მადრიდის “რეალი” გახდა მესამე გუნდი ისტორიაში, რომელმაც უეფას ევროპის სუპერთასი ზედიზედ ორჯერ მოიგო. მანამდე იგივე 1972 და 1973 წლებში “აიაქსმა”, ხოლო 1989 და 1990 წლებში “მილანმა” მოახერხა. თავის მხრივ, ზინედინ ზიდანი არიგო საკის შემდეგ მეორე მწვრთნელია, ვინც ორჯერ მოიგო ეს ტიტული. აქვე გეტყვით, რომ ოფიციალურ შეხვედრებში მოურინიოსთვის “რეალი” დაუძლეველ ბარიერად დარჩა – 1 ფრე, 4 წაგება.


რეალი – მანჩესტერი 2:1 (1:0)

სკოპიე, “ტელეკომ არენა”, 30 000 მაყურებელი

“რეალი”: ნავასი; კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო; მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი; ისკო (ვასკესი 74), ბენზემა (რონალდუ 83), ბეილი (ასენსიო 74)

“მანჩესტერი”: დე ხეა; ლინდელოფი, სმოლინგი, დარმიანი; ვალენსია, ერერა (ფელაინი 56), მატიჩი, პოგბა, ლინგარდი (რეშფორდი 46); მხითარიანი; ლუკაკუ

გოლები: 1:0 კაზემირო (24), 2:0 ისკო (52), 2:1 ლუკაკუ (62)

გაფრთხილება: კარვახალი (84), რამოსი (86) – ლინგარდი (42), რეშფორდი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (6) – 13 (6) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 8:2 თამაშგარე: 1:2

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები