LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 ივნისს თბილისში გასართობი ღონისძიებები გაიმართება

1416

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბავშვებისთვის მთელი რიგი ღონისძიებები იგეგმება. გამონაკლისი არც საქართველოა.

„ფორტუნა“ გთავაზობთ იმ ლოკაციებს, სადაც 1 ივნისს გასართობი ღონისძიებები გაიმართება:

 

მთაწმინდის პარკი

მთაწმინდის პარკში საზეიმო გარემო დილიდანვე შეიქმნება. 11:00 საათიდან დაგეგმილია ქენდი სტუდიის კონცერტი, დღესასწაული ჭოხონელიძეების სტუდიის ბავშვების კონცერტით გაგრძელდება. მთაწმინდის პარკში მისულ ბავშვებს, ასევე თოჯინების თეატრის ნახვა და ანიმატორების გასართობ პროგრამაში მონაწილეობა შეეძლებათ.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა მთაწმინდის პარკში მაქსილენდის გასართობი შოუთი დასრულდება. დღის განმავლობაში მოედანზე საბავშვო თემატიკის გამოფენა გაყიდვა მოეწყობა.

 

მზიური

”ბავშვთა ქალაქ” მზიურში 13:00 საათიდან ”მხიარული ავტობუსის” გასართობი პროგრამა იწყება. პარალელურად დაგეგმილია ბავშვთა ხელოვნების სახლი “Dephani KidArt” – ის მოსწავლეთა გამოფენა.

მზიური ქველმოქმედების შესაძლებლობას გაძლევთ და საბავშვო წიგნების შესაგროვებლად მოძრაობა ”ეკვილიბრიუმის” საქველმოქმედო აქციაში ჩართვას გთავაზობთ.

ასევე შესაძლებელი იქნება ”თომას ზღაპრების” მოსმენა გიორგი კეკელიძესთან ერთად, ხოლო მოგვიანებით ”დუტას ზღაპრების” პროგრამა დაიწყება.

ამის პარალელურად საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი 14:00 საათზე, როდესაც ბებია-ბაბუების ბავშვობის ფოტოების გაციფრულება დაიწყება.

თუ თეატრალიზებული წარმოდგენების ხილვა გსურთ, მზიური ამ შემთხვევაშიც კარგი ვარიანტია, რადგან 16:00 საათზე ამფითეატრში ”ფერადი მომვლელების” ნახვას შეძლებთ.

 

ვაკის პარკი

ბავშვებისთვის მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი ვაკის პარკშიც. საზეიმო წარმოდგენის, მუსიკალური კონცერტისა და თოჯინების თეატრის გარდა, პატარებს მულტფილმების გმირები გაართობენ. ამას გარდა, მოეწყობა გასართობი კუთხე ბავშვებისთვის, სადაც იქნება ატრაქციონები და ბატუტი, ასევე შესაძლებელი იქნება გოლფისა და ”ეარ ჰოკეის” თამაში. პარკში 1 ივნისს ბავშვებისთვის ფერადი ბუშტები დარიგდება.

 

ისთ ფოინთი

ბავშვთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას სავაჭრო ცენტრებიც უერთდებიან.  ”ისთ ფოინთი” ბავშვებს ”მხიარული როჯერის” მეკობრეებთან შებრძოლებას სთავაზობს, გარდა ამისა დაგეგმილია აკრობატული შოუები და ჟონგლიორების წარმოდგენა. პატარებს სახის მოხატვა და მიზანში სროლაც შეეძლებათ.

 

თბილისი მოლი

განსხვავებული გარემო იქნება თბილისი მოლში, სადაც მთელი დღის განმავლობაში 12:00 საათიდან, კონტაქტური ზოოპარკი მოეწყობა, ასევე საღამოს 7 საათზე დაგეგმილია საბავშვო მოდის ჩვენება. მანამდე და მის შემდეგ კი სცენა გ. მიქელაძის სახელობის თოჯინების თეატრს დაეთმობა. დღის განმავლობაში პარალელურად, ანიმატორების წარმოდგენა, მუსიკალური თამაშები, ანსამბლი ”პატარა ვარკვლავების კონცერტი” და გასართობი პროგრამები გაიმართება.

 

ქეთი კალანდაძე

magti 5g