“ევროპულმა საქართველომ” პუშკინის სკვერში 1900 კვადრატული მეტრი მიწის ფართობის ერთ ლარად გაყიდვა გააპროტესტა.
პარტიის ლიდერისა და მერობის ერთერთი კანდიდატის ელენე ხოშტარიას განცხადებით, მილიარდერებს მიწების მიტაცების უფლება არ აქვთ.
“ჩვენ აქ შევიკრიბეთ ჩვენი საკუთარი ქალაქის დასაცავად. არავის მივცემთ უფლებას, ერთ ლარად და კაპიკებად გაყიდონ მიწები, თავად კი ასე ურცხვად გამოწყეპილები დადიოდნენ. ადამიანებს უჭირდეთ, შიმშილობდნენ და მილიარდერები იტაცებდნენ ჩვენს მიწებს წყნარად”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციას რიგითი მოქალაქეებიც ესწრებოდნენ. აქციის სიმბოლო-ტრაფარეტი ერთ ლარიანი იყო.
„ივანიშვილს შეუძლია 1 ლარად კი არა, 1 თეთრად იყიდოს მთელი საქართველო,“ – ასე აფასებს საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე ბიძინა ივანიშვილის კომპანია “შპს ოლდ სიტი დეველოპმენტის” განცხადებას, მისთვის თბილისის ცენტრში, პუშკინის სკვერის 1 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის 1 ლარად გადაცემის თაობაზე.
„ივანიშვილს უნდა, რომ მთელი საქართველო ჩაიგდოს ხელში. ეს სიმბოლური ლარიანი სწორედ ამ ფაქტს ასახავს. მაშინ ეს ადგილი უბრალო გლეხს მისცენ, რაღა ივანიშვილს? თუ ელენე ხოშტარია თბილისის მერი გახდება, სიმშვიდე იქნება, დაძაბულობა აღარ იქნება და თბილისის მიწებს ასე ლარ-ლარად აღარ გაყიდიან. „ევროპულ საქართველოს“ ისეთი პროგრამა აქვს, რომ, მემგონი, ყველასთვის მისაღებია,“ – ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, დოდო ობოლაშვილი.
პუშკინის სკვერში 1900 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი ერთ ლარად გაიყიდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე პანორამა თბილისის სასტუმროს მშენებლობაა დაგეგმილი.