პირველი თებერვლიდან თბილისში არც ერთი ყვითელი მიკროავტობუსი აღარ იმოძრავებს.
მიკროავტობუსების ავტობუსებით ჩანაცვლების პროცესზე თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა ისაუბრა.
ასევე, 1 თებერვლიდან ამოქმედდება ულიმიტო მგზავრობის სისტემა:
“როდესაც ბარათები გააქტიურდება, ანუ პირველი თებერვლიდან, დედაქალაქში არც ერთი ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს. დღეისთვის ათასივე მიკროავტობუსი ჩამოსულია, 450 უკვე ქსელშია, დანარჩენი 550-ის მომზადება ქსელში გასასვლელად მიმდინარეობს – უნდა დამონტაჟდეს გადახდის აპარატები, მთვლელები. პირველ თებერვლამდე ყველა მიკროავტობუსი ქსელში იქნება”, – თქვა ვიქტორ წილოსანმა.
შეგახსენებთ, ახალი სისტემის მიხედვით, მომხმარებელს რამდენიმე სხვადასხვა ვადიანი აბონემენტის შეძენა შეუძლია.
საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ბარათების ყიდვა დღეიდან მეტროსადგურებშია შესაძლებელი. ხვალიდან კი ბარათის შეძენა მომხმარებლებს “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალებშიც შეეძლებათ.