LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 000 ახალი მცენარე – რომელ ქუჩებზე დაირგვება ახალი ხეები

370

საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში, თბილისში 10 000 სხვადასხვა ჯიშის, წიწვოვანი და ფოთლოვანი  ხე-მცენარეები დაირგვება. სეზონური გამწვანების ღონისძიებები დღესვე დაიწყება და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

დედაქალაქის გასამწვანებლად შესყიდული ნერგების ნაწილი, დარგვამდე, დროებით შესანახად ვაკის პარკის ტერიტორიაზე განთავსდა. ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე და  გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი.

მერის მოადგილის თქმით, შემოდგომაზე 97 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორიის გამწვანება იგეგმება.

„ეს იქნება როგორც საკრებულოს მიერ დამტკიცებული ხე-მცენარეების სახეობები,  ასევე, სუროები,  დეკორატიული ბუჩქები და ხე-მცენარეები, რომელიც თბილისის გამწვანებისთვის არის გათვალისწინებული. მიმდინარე წლის ოქტომბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით, დაახლოებით 97 000 კვადრატულზე მეტი ტერიტორია გამწვანდება. ეს არის თბილისელებისთვის მიცემული დაპირების შესრულების პირველი ნაბიჯი, რაც მომავალი წლების განმავლობაშიც გაგრძელდება. მსგავსი მასშტაბური პროექტები მნიშვნელოვანია ჰაერის დაბინძურების პრევენციისთვის. ასევე, იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ლამაზი, მოწესრიგებული და რაც შეიძლება მეტი მწვანე საფარი გვქონდეს,“ – განაცხადა მაია ბითაძემ.

დედაქალაქის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ნერგების ნუსხა, თბილისის ლანდშაფტის გათვალისწინებით, სპეციალისტების მიერ შეირჩა. ნუსხაში წარმოდგენილია დეკორატიული ბუჩქები და დიდი ზომის ხე-მცენარეები, მათ შორის, ფოტინია, წყავი, აკაცია, ღვია, ბზა, იფანი, ჰიმალაის კედარი, იაპონური სოფორა, იაპონური კვიდო, ნეკერჩხალი, ჩვეულებრივი უთხოვარი, დეკორატიული ტყემალი (წითელფოთოლა), ქვამუხა და ზეთისხილი.

ნერგები ქალაქის მასშტაბით წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე დაირგვება. ეს ადგილებია:

  • სააკაძის მოედნის გზაგამყოფი კუნძულები;
  • მირიან მეფისა და ჯ. ბალანჩინის ქუჩებთან არსებული შუა გამყოფი ზოლი და მიმდებარე თარგები (გუდვილთან);
  • ჭავჭავაძის გამზირზე არსებული თარგები;
  • წყნეთის გზატკეცილსა და ჩოლოყაშვილის გამზირთან არსებული შუა გამყოფი ზოლი და მიმდებარე თარგები;
  • გმირთა მოედანზე არსებული გზაგამყოფი კუნძულები;
  • ჯავახეთის ქუჩა;
  • მარცხენა სანაპიროსა და აგლაძის ქუჩის კვეთაზე არსებული შუა გამყოფი ზოლი და მიმდებარე ტერიტორია;
  • ცაბაძისა და აკაკი წერეთლის ქუჩების კვეთაზე (დინამოს სტადიონის მიმდებარედ) არსებული კუნძული;
  • ძმები ასათიანებისა და ბახტრიონის ქუჩის კვეთაზე არსებული გზაგამყოფი კუნძულები;
  • თამარაშვილის ქუჩაზე არსებული შუა გამყოფი ზოლი;
  • პეკინის გამზირი (არქივის შენობის მიმდებარედ).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g